იობი 5
- 1
"მოუხმე ახლა, თუ გყავს მოპასუხე და წმიდანთაგან ვის მიმართავ?
- 2
რადგან უგუნურს რისხვა სრავს, ბრიყვს კი შური კლავს.
- 3
კი მინახავს უგუნური ფესვგადგმული, მაგრამ მოულოდნელად დაემხო სამკვიდრებელი მათი.
- 4
შორს არიან ხსნისგან მისი ძენი, შეიმუსრებიან კარიბჭესთან და არ ეყოლებათ გამომხსნელი.
- 5
რასაც მოიმკის, მშიერი შეუჭამს, ეკლებიდანაც კი ააცლიან, მძარცველები შთანთქავენ მის ქონებას.
- 6
რადგან მტვრისგან არ გამოდის წუხილი და მიწიდან არ აღმოცენდება უბედურება.
- 7
რადგან ტანჯვისთვის იბადება ადამიანი და ნაპერწკლებივით მაღლა მიისწრაფის.
- 8
მე კი ღმერთს დავეკითხებოდი და ღმერთის წინაშე დავდებდი ჩემს საქმეს,
- 9
რომელიც დიდ საქმეებს ახდენს და სასწაულებს - აურაცხელად;
- 10
ის ამსხვრევს ცბიერთა გეგმებს და ვერ აღწევენ წარმატებას მათი ხელნი;
- 11
მდაბლებს სიმაღლეზე დასხამს და მგლოვიარეებს ხსნაში აღაზევებს.
- 12
ის ამსხვრევს ცბიერთა გეგმებს და ვერ აღწვვენ წარმატებას მათი ხელნი.
- 13
მათსავე მზაკვრობაში შეიპყრობს ბრძენთ და ამაოებად აქცევს ცბიერთა რჩევას.
- 14
დღისით წყვდიადს გადაეყრებიან და შუადღისით ხელის ცეცებით დადიან, როგორც ღამე.
- 15
იხსნის გლახაკს მათი პირის მახვილისგან და ძლიერის ხელისგან.
- 16
იმედი აქვს უძლურს და პირს კუმავს უსამართლობა.
- 17
აჰა, ნეტარია კაცი, რომელსაც ამხელს ღმერთი; ყოვლადძლიერის წვრთნას ნუ უგულებელჰყოფ!
- 18
რადგან ის აყენებს ტკივილს და თვითონვე უხვევს ჭრილობებს, განგმირავს და თავისივე ხელით კურნავს.
- 19
ექვსი გაჭირვებიდან გიხსნის და მეშვიდეში ბოროტება არ შეგეხება.
- 20
შიმშილობის ჟამს სიკვდილისგან გიხსნის და ბრძოლის დროს - მახვილის ძალისგან.
- 21
ენის შოლტს დაემალები და განადგურებას არ შეუშინდები, როცა მოვა.
- 22
გაჭირვებასა და შიმშილს დასცინებ და ველურ მხეცებს არ შეუშინდები.
- 23
რადგან ველის კლდეებთან გექნება აღთქმა და მინდვრის ნადირს მშვიდობა ექნება შენთან.
- 24
გეცოდინება, რომ მშიდობაა შენს კარავში, თვალს მოავლებ შენს სამკვიდრებელს და დანაკარგი არ გექნება.
- 25
გაიგებ, რომ მრავალრიცხოვანი იქნება შენი ნაშიერი და მიწის ბალახივით - შენი შთამომავლობა.
- 26
დღესრული ჩახვალ საფლავში, როგორც ხორბლის ძნა შემოდის თავის დროზე.
- 27
აჰა, გამოვიკვლიეთ ეს და ასეა, შეისმინე და იცოდე შენდა სასიკეთოდ.