იობი 4
- 1
მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა:
- 2
"სიტყვის თქმა რომ ვცადო, ხომ არ გაბეზრდები? მაგრამ ვის ძალუძს დადუმება?
- 3
აჰა, ბევრს არიგებდი ჭკუას და დაუძლურებულ ხელებს უმაგრებდი;
- 4
წაბორძიკებულს ფეხზე აყენებდა შენი სიტყვა და ჩაკეცილ მუხლებს ამაგრებდი.
- 5
ახლა შენც მოგადგა და მოუთმენელი გახდი, შეგეხო და შეძრწუნდი,
- 6
შენი მოშიშება ხომ შენი სიმტკიცეა, და შენი გზების უბიწოება - შენი იმედი.
- 7
გაიხსენე, უდანაშაულო თუ დაღუპულა ვინმე ან მართალნი თუ მოკვეთილან?
- 8
როგორც მინახავს, ურჯულოების მხვნელნი და შფოთის მთესველნი მასვე იმკიან.
- 9
ღმერთის სუნთქვაზე იღუპებიან და მისი რისხვის ქროლვით შთაინთქმებიან.
- 10
მათი ხმა ლომის ღრიალივით არის, მაგრამ შეემუსრებათ მათ კბილები.
- 11
ლომი უნადავლოდ იღუპება და ძუ ლომის ბოკვერნი იფანტებიან.
- 12
საიდუმლოდ მომეცა სიტყვა და ყურში ჩურჩული ჩამესმა.
- 13
ღამის ხილვებით ჩაფიქრებულს, როცა ძილქუში ეცემათ ადამიანებს.
- 14
შიშმა შემიპყრო, ძრწოლა დამეცა და ყველა ძვალი ამიცახცახდა.
- 15
სულმა ჩამიქროლა ჩემი სახის წინ და ყალყზე დამიდგა თმები ტანზე.
- 16
შედგა, მაგრამ ვერ გავარჩიე სახე, ხატება - ჩემ თვალწინ; იყო დუმილი და მერე ხმა გავიგონე:
- 17
ღმერთზე მართალია მოკვდავი? უმწიკვლოა თავისი შემოქმედის წინაშე?
- 18
აჰა, თავის მსახურებსაც კი არ ენდობა და თავის ანგელოზებშიც პოულობს ნაკლს,
- 19
მით უმეტეს თიხის სახლებში მცხოვრებნი, მტვერზე რომ უდგათ საფუძველი და ჩრჩილზე უწინ რომ იჭყლიტებიან,
- 20
დილიდან საღამომდე იმუსრებიან და შეუმჩნევლად იღუპებიან.
- 21
აჰა, ამოძვრა მათი კარვის საბელი და სიბრძნის გარეშე კვდებიან.