იობი 3
- 1
მერე გახსნა იობმა პირი და დასწყევლა თავისი გაჩენის დღე.
- 2
ალაპარაკდა იობი და თქვა:
- 3
"ის დღე დაიქცეს, როცა დავიბადე და ის ღამე, როცა ითქვა: ‘კაცი ჩაისახა!’
- 4
წყვდიადად იქცეს ის დღე, აღარ მოხედოს მას ღმერთმა თავისი სიმაღლიდან და აღარც ნათელი გააბრწყინოს მასზე!
- 5
ბნელში დაინთქას და სიკვდილის აჩრდილმა მოიცვას იგი, ღრუბელმა დაფაროს და შეაძრწუნოს იგი დღის სიშავემ!
- 6
წყვდიადმა შეიპყროს ის ღამე, ნუღარ აღირიცხოს წლის დღეებში და თვეთა რიცხვში ნუღარ შევა!
- 7
აჰა, გაბერწდეს ის ღამე და ნუღარ იქნება მასში სიხარულის შეძახილი.
- 8
სწყევლონ იგი დღის მაწყევრებმა, რომლებიც მზად არიან ლევიათანი გააღვიძონ!
- 9
დაბნელდნენ მისი გარიჟრაჟის ვარსკვლავნი, ნათელს ელოდოს და არ მოვიდეს, ნუ იხილავს გაცისკროვნებას.
- 10
რადგან დედაჩემის საშოშივე არ დამიხშო კარი და არ დაფარა ტანჯვა ჩემი თვალისაგან.
- 11
რატომ არ მოვკვდი დაბადებისას, რად არ მოვისპე მუცლიდან გამოსვლისას?
- 12
რად მიმიღეს ბებიაქალის მუხლებმა და ძუძუს რისთვის ვწოვდი?
- 13
რადგან ვიწვებოდი და მშვიდად ვიქნებოდი, ვიძინებდი და მოვისვენებდი,
- 14
მეფეებთან და ქვეყნის მრჩევლებთან, თავისთვის სამარხთა აღმშენებლებთან
- 15
ან მთავრებთან, რომელთაც ოქრო ჰქონდათ და ვერცხლით ივსებდნენ სახლებს.
- 16
არ ვიარსებებდი ნაადრევად მოწყვეტილი გადამალული ჩვილებივით, რომელთაც არ უხილავთ ნათელი.
- 17
შფოთვას წყვეტენ იქ ბოროტები და განისვენებენ ძალაგამოლეულნი.
- 18
მშვიდად არიან ტუსაღნი, აღარ ესმით ზედამხედველთა ხმა.
- 19
მცირეც იქაა და დიდიც, მონაც თავისუფალია თავისი ბატონისგან.
- 20
რატომ ეძლევა სინათლე წამებულს და სიცოცხლე სულგამწარებულს,
- 21
სიკვდილს რომ მოელის, ის კი არ მოდის! და დაფარული საუნჯესავით ეძიებს მას?
- 22
სიხარულის ყიჟინას რომ დასცემს, როცა საფლავს იპოვის?
- 23
რისთვის მიეცა სიცოცხლე კაცს, რომლისგანაც დაფარულია გზა და რომელიც ალყაში ჰყავს ღმერთს მოქცეული?
- 24
რადგან ოხვრა მაქვს საზრდოდ და წყალივით იღვრება ჩემი ქვითინი.
- 25
რადგან, რისიც მეშინოდა, ის დამატყდა და რაც მაძრწუნებდა, ის არ ამცდა.
- 26
არ მაქვს სიმშვიდე, აღარც სიწყნარე, აღარც მოსვენება. უბედურება მეწია”.