იობი 40
- 1
მიუგო უფალმა იობს და უთხრა:
- 2
„ნუთუ შეედავება შარიანი ყოვლადძლიერს? გამცეს პასუხი ღმერთის მამხილებელმა!”
- 3
უპასუხა იობმა უფალს და უთხრა:
- 4
„აჰა, არარაობა ვარ; რა გიპასუხო? პირზე ხელს ვიფარებ.
- 5
ერთხელ ვთქვი და პასუხად აღარაფერს ვიტყვი, მეორეჯერაც და აღარაფერს დავუმატებ”.
- 6
მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:
- 7
„წელზე სარტყელი შემოირტყი, როგორც კაცს შეჰფერის; შეგეკითხები და მიპასუხე:
- 8
ნუთუ გააუქმებ ჩემს სამართალს, მე მამტყუნებ, რომ თავად გამართლდე?
- 9
ან იქნებ ღვთის სადარი მკლავი გაქვს და მისი ხმით გრგვინვა შეგიძლია?
- 10
აბა, მოიკაზმე დიდებითა და სიდიადით, ბრწყინვალება და შარავანდედი შეიმოსე.
- 11
აბა, გადმოაფრქვიე შენი რისხვის მძვინვარება, დახედე ამაყებს და დაამდაბლე.
- 12
დახედე ქედმაღალს და მოდრიკე, ადგილზევე გათელე ბოროტეულნი.
- 13
ერთიანად ჩამარხე მტვერში და დაფარულში დაატყვევე მათი სახე.
- 14
მაშინ მეც ვაღიარებ, რომ საკუთარი მარჯვენა გიხსნის.
- 15
აჰა, ბეჰემოთი, შენსავით ჩემი შექმნილია იგი, ხარივით ჭამს ბალახს.
- 16
აჰა, მისი ძალა მის წელშია და მისი ღონე - მუცლის კუნთებში.
- 17
კედარივით ხრის კუდს; გადაგრეხილი აქვს ბარძაყის ძარღვები.
- 18
მისი ძვლები სპილენძის მილებია; სახსრები - რკინის წნელები.
- 19
ის პირველია ღვთის ქმნილებათაგან, მხოლოდ მისი შემოქმედი თუ მიუახლოებს თავის მახვილს.
- 20
რადგან ასაზრდოებენ მას მთები, სადაც ხარობს ყოველი ცხოველი ველისა.
- 21
ლოტოსის ქვეშ წვება, ლერწმისა და ჭაობის საფარში.
- 22
ლოტოსი იფარავს და ჩრდილს აძლევს მას, ღელის ტირიფებით არის გარემოცული.
- 23
თუ აბობოქრდა მდინარე - არ დაფრთხება, მშვიდადაა, იორდანეც რომ მიასკდეს პირზე.
- 24
სანამ თვალღიაა განა შეიპყრობს ვინმე ან კაუჭით ვინ გაუხვრეტს ცხვირს?