იობი 39
- 1
„თუ უწყი ჟამი ჯიხვთა შობადობისა? ფურირემთა მშობიარობა თუ გინახავს?
- 2
თუ აღგირიცხავს მათი მაკეობის თვეები ან თუ უწყი ჟამი მათი მოგებისა?
- 3
ჩაიმუხლებენ, შობენ თავის ნაშიერთ, გათავისუფლდებიან შობის ტკივილებისგან.
- 4
მომაგრდებიან მათი ნაშიერნი, ველზე იზრდებიან, წავლენ და აღარ დაბრუნდებიან მათთან.
- 5
ვინ გაუშვა კანჯარი ლაღად? ველურ ვირს საბელები ვინ აუხსნა,
- 6
რომელსაც სახლად უდაბნო მივეცი და სამკვიდრებლად - მლაშობი?
- 7
ქალაქის ხმაურს არაფრად აგდებს და გამრეკის შეძახილებს არ უსმენს.
- 8
მთებში დაეხეტება თავისი საზრდოსთვის და დაეძებს ყოველგვარ სიმწვანეს.
- 9
თუ ინებებს გარეული ხარი შენს მსახურებას ან თუ გაათევს ღამეს შენს ბაგაზე?
- 10
თუ შეძლებ მის უღელში შებმას, თუ დაგიფარცხავს მინდორს შენს უკან?
- 11
თუ დაენდობი მის ძლიერებას და შენს საშრომელს თუ მიანდობ?
- 12
ნუთუ დაიჯერებ, რომ მარცვლეულს დაგიბრუნებს და კალოზე დაგიხვავებს?
- 13
მხიარულად აფრთხიალებს ფრთებს სირაქლემა, თუმცა არა აქვს ყარყატივით ნაკრტენი და ბუმბული.
- 14
თავის კვერცხებს ქვიშაში ტოვებს და მიწაში ათბობს მათ,
- 15
ავიწყდება, რომ ფეხი გასრესს ან ველის მხეცი გათელავს მათ.
- 16
უმოწყალოდ ექცევა თავის ბარტყებს, თითქოს მისები არ იყვნენ; ამაოა მისი შრომა და არ ადარდებს,
- 17
რადგან ღმერთმა დაავიწყა მას სიბრძნე და გონიერება არ მიუცია მისთვის,
- 18
თუმცა, როგორც კი გასაქცევად შეიმართება, აბუჩად იგდებს ცხენსა და მხედარს.
- 19
შენ მიეცი ცხენს ძლიერება, და ფაფარით შენ შეუმოსე კისერი?
- 20
შენ ახტუნებ მას კალიასავით? შემაძრწუნებელია მისი დიდებული ჭიხვინი!
- 21
ჩლიქით თხრის ველზე მიწას, ხარობს თავის ძლიერებაში, გადის და მახვილს ეგებება.
- 22
შიშს დასცინის, არ ეშინია და მახვილისგან პირს არ აბრუნებს.
- 23
მკერდზე კაპარჭი უწკრიალებს, ელვარებს შუბი და მახვილი.
- 24
მძვინვარე ხმაურით ყლაპავს მიწას და არ ყოვნდება საყვირის ხმაზე.
- 25
ყოველი საყვირის დაყვირებაზე, იტყვის: აჰა! შორიდან იყნოსავს ბრძოლას, სარდალთა გრგვინვასა და ომის ყიჟინას.
- 26
განა შენი გონიერებით ნავარდობს ქორი და შლის ფრთებს სამხრეთისკენ?
- 27
განა შენი ბრძანებით მაღლდება არწივი და იკეთებს ბუდეს სიმაღლეზე?
- 28
კლდეზე ბინადრობს და იქ ათევს ღამეს, კლდის ქიმზე და მიუდგომელ ადგილზე.
- 29
იქიდან ეძებს თავის საზრდოს; შორიდანვე ხედავენ მისი თვალები.
- 30
სისხლს სვამენ მისი მართვენი და სადაც ლეშია, ისიც იქ არის”.