იობი 41
- 1
"თუ ამოათრევ ლევიათანს ანკესით და საბლით თუ დაუბამ ენას?
- 2
ცხვირში თუ გაუყრი რგოლს და კაუჭით თუ გაუხვრეტ ყბას?
- 3
თუ დაგიწყებს ძლიერ ვედრებას და მოწიწებით თუ დაგელაპარაკება?
- 4
თუ დაგიდებს აღთქმას, რომ სამუდამო მსახურად დაგიდგება?
- 5
თუ გაგართობს ჩიტივით და დააბამ მას შენი ქალიშვილებისთვის?
- 6
თუ ივაჭრებენ მისით მეთევზენი და დაანაწილებენ ვაჭართა შორის?
- 7
თუ დაუფარავ კანს ისრებით და მეთევზის კაპარჭებით - თავს?
- 8
დაადე მას ხელი და დაგამახსოვრდება მასთან შერკინება, აღარასოდეს გააკეთებ ამას!
- 9
აჰა, ფუჭია შენი მოლოდინი; მისი ერთი გამოხედვაც კი ძირს დაგცემს.
- 10
მის შეწუხებას ვერავინ ბედავს, ჩემს წინ ვინღა დადგება?!
- 11
ვის რა მოუცია, რომ ავუნაზღაურო? ჩემია მთელი ცისქვეშეთი.
- 12
არ დავდუმდები მის კიდურებზე, მის ძლევამოსილებაზე და მშვენიერ აღნაგობაზე.
- 13
ვის გაუხდია მისთვის ჯავშანი? მის ორმაგ ყბებში ვინ შეაღწევს?
- 14
მისი სახის კარს ვინ გააღებს? მის კბილთა ირგვლივ შიშის ზარია!
- 15
მისი ფარფლები ფარების წყებაა, მჭიდრო ბეჭდით შეკრული.
- 16
ერთი მეორეს ერწყმის და ჰაერი ვერ ატანს მათ შორის:
- 17
ერთმანეთს მიეკვრნენ, ჩაეჭიდნენ და არ განიყოფიან.
- 18
მის დაცემინებაზე ნათელი ელვარებს და მისი თვალები ცისკრის წამწამებივითაა.
- 19
მისი ხახიდან ცეცხლის ჩირაღდნები გამოდიან და ნაპერწკლები იფრქვევა.
- 20
კვამლი გამოსდის ნესტოებიდან, როგორც მდუღარე ქვაბიდან და ცეცხლმოკიდებული ლერწმიდან.
- 21
მისი სუნთქვა ნაკვერჩხლებს აღვივებს და ხახიდან ალი გამოდის.
- 22
მის ქედზე ძალაა დავანებული და მის წინაშე როკავს შიში.
- 23
მტკიცედ შეერწყა ერთმანეთს მისი ხორცის ფენები, მკვრივად აფენია, არ შეირყევა.
- 24
ქვასავით მაგარია მისი გული, მკვრივია ქვედა დოლაბივით.
- 25
როგორც კი წამოიმართება - ძლიერნი კრთებიან და ეცლებიან თავზარდაცემულნი.
- 26
მისწვდება მას მახვილი და ვერას აკლებს - ვერც შუბი, ვერც ლახვარი და ისარი.
- 27
რკინას ჩალად მიიჩნევს და სპილენძს - დამპალ ხედ.
- 28
ვერ უკუაქცევს მას ისარი, ჩალასავითაა მისთვის შურდულის ქვები.
- 29
ბზედ მიაჩნია რკინა და შუბის ზუზუნზე ეცინება.
- 30
მუცელზე წამახული კეცის ნატეხები აქვს, კევრივით არის გაწოლილი ჭანჭყობში.
- 31
ქვაბივით ადუღებს უფსკრულს და ზღვას ნელსაცხებლის ჭურჭლად აქცევს.
- 32
ბილიკს ასხივებს თავის უკან, კაცი იფიქრებს, უფსკრულნი გაჭაღარავდნენო.
- 33
არავინაა მიწაზე მისი მსგავსი, უშიშრად არის შექმნილი.
- 34
უმზერს ყველაფერს, რაც მაღლაა, მეფობს სიამაყის ყველა ნაშიერზე”.