იობი 28
- 1
"ჭეშმარიტად, ვერცხლს თავისი საბადო აქვს და ოქროს - ადგილი, სადაც მას ასუფთავებენ.
- 2
რკინას მიწიდან იღებენ, სპილენძს კი მადნიდან ადნობენ.
- 3
ზღვარი დაუდო კაცმა სიბნელეს და ქვეყნის კიდემდე ეძებს წიაღისეულს წყვდიადსა და სიბნელის სიღრმეებში.
- 4
მაღაროს თხრიან მიწის სიღრმეში, უკაცრიელ ადგილებში. კაცთაგან შორს არიან გამოკიდებულნი და ქანაობენ.
- 5
ცეცხლივით არის აბრუნებული ქვეშეთი მიწისა, საიდანაც აღმოცენდება პური,
- 6
მისი ქვები საფირონის საბადოა და ოქროს მტვერია მასში.
- 7
მისი ბილიკი არ იცის მტაცებელმა ფრინველმა, შევარდენს თვალი არ მოუკრავს მისთვის;
- 8
ამაყ მხეცებს ფეხი არ დაუდგამთ იქ, ლომს არ გაუვლია მასზე.
- 9
სალი კლდისკენ გაიშვირა ხელი, ძირფესვიანად აყირავებს მთებს;
- 10
არხები გაჰყავს კლდეებში და ყოველივე ძვირფასს ხედავს მისი თვალი;
- 11
მდინარეთა ნიაღვრებს აკავებს, და სინათლეზე გამოაქვს დაფარული.
- 12
მაგრამ სად იპოვება სიბრძნე? სად არის ცოდნის ადგილი?
- 13
მისი ფასი არ იცის კაცმა და ცოცხალთა ქვეყანაში არ იპოვება.
- 14
უფსკრული ამბობს: ის ჩემში არ არის; ზღვაც ამბობს: ჩემთან არ არის!
- 15
არ გაიცვლება იგი ოქროში და ვერ აიწონება ვერცხლი მის ფასად;
- 16
არ შეფასდება ოფირის ოქროდ, არც ძვირფასი ონიქსით და არც საფირონით;
- 17
ვერ გაუსწორდება მას ოქრო და ბროლი, ვერც ბაჯაღლოს ჭურჭელში გაიცვლება იგი!
- 18
მარჯანი და ბროლი არაფერია მასთან, მარგალიტზე ძვირფასია სიბრძნე!
- 19
ვერ გაუსწორდება მას ეთიოპიის ტოპაზი, სუფთა ოქროთი არ შეფასდება.
- 20
საიდან მოდის სიბრძნე და სად მკვიდრობს გონიერება?
- 21
დაფარულია იგი ყოველი ცოცხალის თვალთაგან და თვალთაგან ცის ფრინველებისა;
- 22
ქვესკნელი და სიკვდილი ამბობენ: სმენია მისი ამბავი ჩვენს ყურებს.
- 23
ღმერთმა იცის მისი გზა და მან უწყის მისი ადგილი,
- 24
რადგან ის გაჰყურებს დედამიწის კიდეებს და ხედავს მთელ ცისქვეშეთს.
- 25
როდესაც ქარს წონას უწესებდა და წყალი არწყა საწყაულით;
- 26
წვიმას საზომი დაუდგინა და ჭექა-ქუხილს გზა-სავალი!
- 27
მაშინ იხილა სიბრძნე და გამოაცხადა; დააფუძნა და გამოიკვლია;
- 28
უთხრა ადამიანს: აჰა, უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისგან განდგომა - გონიერება!”