იობი 27
- 1
კვლავ განაგრძო იობმა თავისი სათქმელი:
- 2
"ცოცხალია ღმერთი, რომელმაც მართლმსაჯულება წამართვა და ყოვლადძლიერი, რომელმაც სული გამიმწარა,
- 3
ვიდრე ვსუნთქავ და ღმერთის სუნთქვაა ჩემს ნესტოებში,
- 4
არ წარმოთქვამენ ჩემი ბაგენი უსამართლობას და არ იტყვის სიცრუეს ჩემი ენა!
- 5
შორს იყოს ჩემგან, რომ გაგამართლოთ, სიკვდილამდე არ განვიშორებ ჩემს უმწიკვლობას!
- 6
ჩემს სიმართლეს ვეჭიდები და არ მოვეშვები, დღემდე არ გავუმტყუნებივარ ჩემს გულს;
- 7
იყოს ჩემი მტერი დამნაშავესავით და ჩემი მოწინააღმდეგე - უმართლოსავით!
- 8
რადგან რა არის უღმერთოს იმედი, როცა მოჰკვეთს, როცა სულს ამოართმევს მას ღმერთი?
- 9
განა შეისმენს ღმერთი მის ღაღადს, როცა გასაჭირი წამოადგება თავზე?
- 10
განა გაიხარებს იგი ყოვლადძლიერში და ღმერთს მოუხმობს ყოველ ჟამს?
- 11
მე თქვენ გასწავლით ღვთის ძალის შესახებ და ყოვლადძლიერის გზებს არ დავმალავ.
- 12
აჰა, ყველას გაქვთ ნანახი და რაღად გინდათ ამაო ლაპარაკი?
- 13
ეს არის უღმერთოთა ხვედრი ღმერთისგან და მოძალადეთა მემკვიდრეობა, რომელსაც მიიღებენ ყოვლადძლიერისგან!
- 14
თუნდაც გამრავლდნენ მისი ძენი, მახვილისთვის იქნებიან და ვერ გაძღება პურით მისი შთამომავლობა;
- 15
გადარჩენილნი ჭირით დასამარდებიან და მათი ქვრივები ვერ იგლოვებენ;
- 16
თუნდაც მტვერივით დაიხვავოს ვერცხლი, და ტალახივით გაიმრავლოს სამოსელი,
- 17
ის მოამზადებს და მართალი ჩაიცვამს, ვერცხლს კი უდანაშაულო დაანაწილებს;
- 18
ჩრჩილივით იშენებს სახლს და ქოხს იკეთებს, დარაჯივით;
- 19
წვება მდიდარი და არაფერი აქვს შესაძენი, თვალს გაახელს და აღარაფერია მისი ქონებიდან.
- 20
ნიაღვარივით მიეწევა საშინელებანი; ღამით მოიპარავს მას ქარიშხალი;
- 21
წარიტაცებს აღმოსავლეთის ქარი და წავა; გააქროლებს მისი ადგილიდან.
- 22
მოისვრის მას და არ შეიბრალებს; ამაოდ ეცდება, გაექცეს მის ხელს;
- 23
ტაშს შემოკრავენ მასზე და სტვენას დაუწყებენ მისი ადგილიდან.