იობი 26
- 1
მიუგო იობმა და თქვა:
- 2
"რით შეწევნიხარ უძლურს და რითი გიხსნია უძალო მკლავი?
- 3
რა რჩევა მიგიცია სიბრძნეს მოკლებულისთვის? თუ გიუხვია სიბრძნის სწავლებაში?
- 4
ვისთვის წარმოსთქვი ეს სიტყვები და ვისი სული გამოდიოდა შენგან?
- 5
ლანდები ძრწიან წყლებისა და მათში მობინადრეთა ქვეშ,
- 6
გაშიშვლებულია შავეთი მის წინაშე და არა აქვს საფარველი შავეთს.
- 7
მან განავრცო ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა;
- 8
იგი ჰკრავს წყლებს თავის ღრუბლებში და არ სკდება ღრუბელი მათ ქვეშ.
- 9
სახეს უფარავს მთვარეს და თავისი ღრუბელი განავრცო მასზე;
- 10
წრე შემოავლო წყალთა ზედაპირს ისევე, როგორც საზღვარი ნათელს ბნელთან ერთად;
- 11
ზეცის სვეტები თრთიან და ძრწიან მის რისხვაზე;
- 12
თავისი ძალით დააცხრო ზღვა და თავისი გამჭრიახობით შემუსრა ზღვის ურჩხული;
- 13
თავისი სულით გააბრწყინა ცანი და მისმა ხელმა განგმირა სრიალა გველი;
- 14
აჰა, ეს არის კიდეები მისი გზებისა და რა ცოტა რამ გვსმენია მასზე! ვინ ჩასწვდება მისი ძლიერების გრგვინვას?”