იობი 23
- 1
მიუგო მას იობმა:
- 2
"დღესაც კი ურჩობაა ჩემი დრტვინვა, მისი ხელი მძიმედ მაწევს ჩემი კვნესის მიუხედავად.
- 3
ო, ნეტავ ვიცოდე, სად ვიპოვო იგი და მის სამყოფლამდე მივიდოდი,
- 4
წინ დავუდებდი ჩემს სარჩელს და ჩემი პირით გავიმართლებდი თავს.
- 5
მოვისმენდი მის სიტყვებს და გავიგებდი, რასაც მეტყოდა.
- 6
ნუთუ მთელი თავისი ძლიერებით იპაექრებდა ჩემთან? არა, უსათუოდ ყურს დამიგდებდა!
- 7
იქ შეუძლია წრფელს გამართლება, სამუდამოდ დავიხსნიდი თავს ჩემი მსაჯულისგან;
- 8
აჰა, წინ მივდივარ და არ არის იგი, უკან და - ვერ ვპოვებ მას;
- 9
ჩემს მარცხნივ თუ იქმს რასმე - ვერ ვამჩნევ, მარჯვნივაა შეფარული და ვერ ვხედავ მას.
- 10
თუმცა იცის მან ჩემი გზები, რომლითაც დავდივარ და როცა გამომცდის, ოქროსავით ხალასი გამოვალ.
- 11
მტკიცედ მისდევს ჩემი ტერფი მის ნაფეხურებს, მის გზას ვიცავდი და გვერდზე არ გადამიხვევია;
- 12
მის ბაგეთა მცნება არ მიმიტოვებია და საკუთარ საზრდოზე მეტად ვიცავდი მისი პირის სიტყვებს;
- 13
თუ გადაწყვიტა, ვინ შეაცვლევინებს აზრს? რასაც მოისურვებს მისი სული, იმას გააკეთებს;
- 14
რადგან ის აღასრულებს ჩემთვის დაწესებულს და მრავალი ასეთი განზრახვა აქვს მას.
- 15
ამიტომ ვკრთი მისი სახის წინაშე, ჩავუკვირდები და მეშინია მისი.
- 16
ღმერთმა დამიძაბუნა გული და ყოვლადძლიერმა შემაძრწუნა;
- 17
მაგრამ სიბნელემ ვერ დამადუმა და ვერც წყვდიადმა დამიფარა სახე.