იობი 24
- 1
"რატომ არ დაადგინა ვადები ყოვლადძლიერმა? და რად ვერ ხედავენ მისი შემცნობელნი მის დღეებს?
- 2
საზღვრებს ანაცვლებენ ბოროტეულნი, ნახირს იტაცებენ და მწყემსავენ;
- 3
ობოლთა სახედრებს ერეკებიან და ქვრივის ხარი გირაოში მიჰყავთ;
- 4
გაჭირვებულს ხელს კრავენ გზიდან; ერთიანად მიიმალნენ ქვეყნის ღარიბნი.
- 5
აჰა, უდაბნოს ველური სახედრებივით გადიან თავის საქმეზე, საზრდოს საძებრად; ტრამალი აძლევს მათ პურს მათი შვილებისთვის.
- 6
სხვის ყანაში იმკიან და ბოროტეულთა ვენახებს კრეფენ;
- 7
შიშვლად ათევენ, უსამოსელოდ, წასაფარებელი არა აქვთ სიცივეში;
- 8
მთების თქეშში ილუმპებიან და შესაფარებლად კლდეს ეკვრიან.
- 9
ძუძუდან მოსწყვეტენ ობოლს და მიჰყავთ ღარიბისგან გირაოდ.
- 10
შიშვლები დაწანწალებენ უსამოსლოდ და მშივრები დაატარებენ ძნებს.
- 11
ზეთს ხდიან მათ სამყოფელში და ყურძენს წურავენ საწნახლებში, თავად კი წყურვილით იტანჯებიან;
- 12
კვნესის ხალხი ქალაქში და შველას ითხოვენ დაჭრილთა სულები, ღმერთი კი ყურს არ უგდებს მათ ვედრებას;
- 13
სინათლის წინააღმდეგ ამბოხებულთაგან არიან ესენი, არ აღიარებენ მის გზებს და არ რჩებიან მის ბილიკებზე.
- 14
განთიადზე დგება მკვლელი, კლავს ღარიბსა და გლახაკს, ღამით კი ქურდობს.
- 15
მრუშის თვალი კი ამბობს ბინდის მოლოდინში: "ვერავინ დამინახავს და საფარველს იფარებს სახეზე”.
- 16
სახლებს ძირს უთხრიან ბნელში, დღისით კი თავისთვის იკეტებიან, არ იციან ნათელი;
- 17
წყვდიადი მათთვის დილაა, რადგან შეეთვისნენ ბნელეთის საშინელებებს;
- 18
ქაფივით არიან წყლის ზედაპირზე; დაწყევლილია მათი წილი ქვეყანაზე და ვეღარ დაუბრუნდებიან თავიანთი ვენახების გზას.
- 19
გვალვა და სიცხე შთანთქავს თოვლის წყალს, შავეთი კი - ცოდვილებს;
- 20
დაივიწყებს მათ დედის საშო, დატკბება მათით მატლი და ჭია, აღარავის გაახსენდება, ხესავით გატყდება ბოროტი;
- 21
ბერწსა და უშვილოს რომ თრგუნავს, და კეთილად არ ექცევა ქვრივს;
- 22
ძლიერებსაც ძლევს თავისი ძლიერებით, წამოდგებიან, მაგრამ სიცოცხლის იმედი აღარ ექნებათ.
- 23
სიმშვიდეს აძლევს მათ, თუმცა თვალს არ აშორებს მათ გზებს;
- 24
ცოტა ხნით აღზევდებიან და, აჰა, აღარ არიან; ეცემიან და კვდებიან ყველას მსგავსად, და თავთავებივით მოიჭრებიან.
- 25
ასე არ არის? ვინ გამამტყუნებს, ვინ გამიარაფრებს სიტყვას?”