იობი 22
- 1
მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა:
- 2
"რა სარგებელი აქვს ღმერთს კაცისგან? ან რას არგებს მას, სიბრძნის მქონე?
- 3
ნუთუ აამებს ყოვლადძლიერს შენი სიმართლე? ან რას სარგებლობს შენი გზების უბიწოებით?
- 4
განა შენი ღვთისმოშიშების გამო შეგაგონებს, ანდა წამოვა შენთან ერთად სასამართლოში?
- 5
განა დიდი არ არის შენი ბოროტება და შენი ბრალი - უსაზღვრო?
- 6
რადგან არაფრის გამო ართმევდი გირაოს შენს ძმებს და სამოსელს ხდიდი ნახევრად შიშვლებს;
- 7
წყურვილით ტანჯულს წყალს არ ასმევდი და მშიერს პურს არ აწვდიდი;
- 8
ძლიერი კაცის არის ეს ქვეყანა და წარჩინებული მკვიდრობს აქ.
- 9
ქვრივებს ხელცარიელს ისტუმრებდი და ობლების მკლავებს მუსრავდი;
- 10
ამიტომ არის შენ გარშემო მახეები და გაძრწუნებს უეცარი შიში;
- 11
ნათელი ბნელად გადაგექცა და დიდმა წყლებმა დაგფარეს ძილში!
- 12
განა ცათა მწვერვალზე არ იმყოფება ღმერთი? შეხედე ვარსკვლავთა თავანს, რა მაღალია!
- 13
შენ კი ამბობ: რა იცისო ღმერთმა, სქელი ღრუბლიდან რა უნდა განსაჯოსო?!
- 14
სქელი ღრუბელი უდევს საფარად, ვერაფერს ხედავს, ისე დადის ცის კაბადონზე.
- 15
ნუთუ იმ ძველ ბილიკს ადგახარ, ბოროტეულნი რომ დადიოდნენ,
- 16
რომლებიც ნაადრევად წარიტაცნენ და რომელთა საძირკველიც წარხოცა მდინარემ?
- 17
ღმერთს უთხრეს: გაგვშორდი, რას გვარგებსო ყოვლადძლიერი?!
- 18
მან კი სიკეთით აუვსო სახლები, თუმცაღა შორსაა ჩემგან ურჯულოთა რჩევა.
- 19
დაინახეს ეს მართლებმა და გაეცინათ, უწიკვლოები კი დასცინოდნენ მათ:
- 20
იტყვიან: "აჰა, განადგურდა ჩვენი მტერი და ცეცხლმა შთანთქა მათი ნატამალი”.
- 21
ემსახურე მას და სიმშვიდეში დარჩი, ამით მოვა შენთან სიკეთე.
- 22
მიიღე რჯული მისი პირიდან და გულში ჩაიდე სიტყვები მისი;
- 23
თუ დაუბრუნდები ყოვლადძლიერს, კვლავ აშენდები, მოაშორე უმართლობა შენს კარავს;
- 24
შენი ოქრო მტვერში გააბნიე, ოფირის ოქრო - ხევის ლოდებში;
- 25
მაშინ ყოვლადძლიერი იქნება შენთვის ოქრო და რჩეული ვერცხლი,
- 26
რადგან მაშინ დატკბები ყოვლადძლიერში და ღმერთს მიაპყრობ სახეს.
- 27
შეევედრები მას და მოგისმენს იგი და შეუსრულებ შენს დაპირებებს.
- 28
რასაც გადაწყვეტ - აგისრულდება, სინათლე გაბრწყინდება შენს გზაზე.
- 29
რადგან ამდაბლებს ამაყად მოლაპარაკეს, თვალდახრილს კი იხსნის!
- 30
იმათაც იხსნის, ვინც არაა უბიწო, აჰა, შენი ხელების სიწმიდით იხსნის მათ!”