იობი 21
- 1
უპასუხა იობმა და თქვა:
- 2
"ყურადღებით მოისმინეთ ჩემი სიტყვა და ეს იქნება თქვენი ნუგეშისცემა ჩემთვის.
- 3
დამაცადეთ ლაპარაკი და სათქმელს რომ გეტყვით, მერე დამცინეთ!
- 4
განა ადამიანს ვედავები? რად არ უნდა ვიყო სულმოკლე?
- 5
შემომხედეთ და განცვიფრდით, პირზე აიფარეთ ხელი;
- 6
გახსენებაც კი მაშინებს და ძრწოლა იპყრობს ჩემს ხორცს.
- 7
რატომ ცოცხლობენ ბოროტეულნი, სიბერეს აღწევენ და ძლიერდებიან?
- 8
უმზერენ თავისი შთამომავლობის დამკვიდრებას და თვალწინ ჰყავთ საკუთარი ნაშიერი;
- 9
დაცულია მათი სახლები, შიშის გარეშეა და კვერთხი ღვთისა არაა მათზე;
- 10
მისი ხარი ამაკებს და არ ააცდენს, მისი ფური მაკდება და მკვდარს არ იგებს.
- 11
ცხვარივით გაუშვებენ თავიანთ ბალღებს და კუნტრუშებენ მათი პატარები;
- 12
დაფდაფზე და ქნარზე მღერიან და სალამურის ხმაზე მხიარულობენ;
- 13
განცხრომაში ატარებენ თავიანთ დღეებს და მშვიდად ჩადიან საფლავში;
- 14
ეტყვიან ღმერთს: გაგვშორდი, არ გვწადია შენი გზების შეცნობა!
- 15
ვინაა ყოვლადძლიერი, რომ ვემსახუროთ? რა სარგებელია, რომ ვეძიოთ?
- 16
აჰა, მათ ხელთ არაა მათი კეთილდღეობა; შორს არის ჩემგან ბოროტთა რჩევა!
- 17
რამდენჯერ ჩამქრალა ბოროტეულთა ლამპარი და რამდენჯერ დასტეხიათ თავს უბედურება? რამდენჯერ უწილადა განადგურება თავისი რისხვით?
- 18
ჩალასავით არიან ქარის წინაშე და გრიგალის მიერ მოტაცებული ბზესავით?
- 19
თქვენ ამბობთ: ღმერთი ადამიანის სასჯელს მის შვილებს უნახავს. _ დაე თავად მათ მიაგოს ღმერთმა, რომ შეიგნონ.
- 20
საკუთარი თვალით იხილოს უბედურება და დალიოს ყოვლადძლიერის გულისწყრომის თასი!
- 21
რადგან რაღაზე ენაღვლება თავისი სახლეული სიკვდილის შემდეგ, როცა მისი თვეების რიცხვი შეწყდება?
- 22
განა ღმერთს სიბრძნე ესწავლება, როცა ის თვითონ დიდებულთ განიკითხავს?
- 23
ზოგი ძალით აღსავსე კვდება, სრულიად მშვიდი და კმაყოფილი.
- 24
მისი წიაღი რძითაა სავსე და მისი ძვლები სინედლით.
- 25
ზოგი კი სულგამწარებული კვდება, ისე, რომ სიკეთე არ უგემია;
- 26
ერთად ჩაწვებიან მტვერში და ჭია შეესევა მათ.
- 27
აჰა, ვიცი მე თქვენი ფიქრები და ბოროტი ზრახვანი ჩემს წინააღმდეგ,
- 28
რადგან ამბობთ, სად არისო მთავრის სახლი და სავანე, რომელშიც მკვიდრობს ურჯულო?
- 29
ნუთუ არ გიკითხავთ გზირთათვის ან არ გსმენიათ მათი მონაყოლი,
- 30
რომ უბედურების დღეს დაზოგილია ბოროტეული, გარიდებულია რისხვის დღეს?
- 31
ვინ ამხელს მას პირში მისი გზის ურჯულოების გამო? ვინ მიუზღავს ნამოქმედარისთვის?
- 32
გააცილებენ თავისი საფლავისაკენ და სამარხს გუშაგს დაუყენებენ;
- 33
ტკბილად მიიღებენ ველის გორახები, მრავალი გააცილებს მას და წინაც მრავალი წარუძღვება!
- 34
როგორღა მანუგეშებთ ამაოებით? სიცრუედ რჩება თქვენი პასუხები!”