იობი 20
- 1
მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და თქვა:
- 2
"ჩემი ფიქრები მაიძულებენ პასუხს და ამის გამო ვჩქარობ,
- 3
ჩემს შეურაცხყოფას ვისმენ და ჩემი გონიერების სული მათქმევინებს პასუხს:
- 4
განა არ იცი, რომ ძველთაგან, მიწაზე ადამიანის დაფუძნებიდან ასეა:
- 5
ხანმოკლეა ლხენა ბოროტეულთა, და წამიერი - უღვთოთა სიხარული?
- 6
თუნდაც ცას მისწვდეს მისი დიდება და თავით ღრუბლებს შეეხოს,
- 7
თავისი განავალივით გაქრება სამუდამოდ; და იკითხავენ მისი მნახველნი: სადაა იგი?
- 8
სიზმარივით გაფრინდება, ვერავინ იპოვის და ღამის ხილვასავით განქარდება;
- 9
თვალი, მისი მნახველი, ვეღარ იხილავს მას; ვეღარც მისი ადგილი იხილავს მას ოდესმე.
- 10
მისი შვილები ღატაკებს სთხოვენ მოწყალებას და თავისი ხელით დაუბრუნებენ მის დოვლათს;
- 11
მისი ძვლები სავსეა სიჭაბუკით და მასთან ერთად მიიქცევიან მტვრად.
- 12
თუმცა ბოროტება ეტკბილება პირში და ენის ქვეშ მალავს მას.
- 13
თუმცა ენანება გადმოსაგდებად და პირში იჩერებს;
- 14
მაინც ასპიტთა გესლად ექცევა საჭმელი მუცელში, მის შიგნეულში;
- 15
ჩაყლაპა ნადავლი და ისევ ამოარწყევს: ღმერთი გამოუდევნის მას მუცლიდან.
- 16
ასპიტთა გესლს წოვს იგი, უნასის ენა მოჰკლავს მას;
- 17
ვერ იხილავს ნაკადულებსა და მდინარეებს, თაფლისა და ერბოს ნიაღვრებს;
- 18
დააბრუნებს მონაგებს და ვერ ჩაყლაპავს; ნავაჭრის შესაბამისად ექნება სიმდიდრე, მაგრამ ვერ ნახავს კმაყოფილებას,
- 19
რადგან ჩაგრავდა, დაივიწყა ღარიბ-ღატაკნი, დაეპატრონა სახლს, რომელიც არ აუშენებია.
- 20
ვინაიდან ვერ გაძღა მისი მუცელი და არაფერს ინდობდა თავის სიხარბეში.
- 21
არაფერი მორჩენია შეუჭმელი, ამიტომაც ვერ გაძლებს მისი კეთილდღეობა.
- 22
ვიწროდ იქნება სრულ სიუხვეში, და ყველა ჩაგრულის ხელი მისწვდება.
- 23
მუცლის ამოვსებისას, ცეცხლს გამოუგზავნის ღმერთი თავის რისხვაში და ჭამისას აწვიმებს მასზე.
- 24
რკინის იარაღს გაექცევა და სპილენძის მშვილდი განგმირავს;
- 25
ამოიძრობს ისარს ზურგიდან, მაგრამ ელვა გამოვა მისი ნაღველიდან და თავზარი დაეცემა!
- 26
მისთვის ინახება საგანძურად მთელი სიბნელე; დაუნთებელი ცეცხლი შთანთქავს და სიავე მოიცავს გადარჩენილს მის კარავში!
- 27
ამხელს ზეცა მის დანაშაულს და მის წინააღმდეგ აღდგება მიწა.
- 28
მისი სახლის დოვლათი გადაივლის და სახლის სიკეთე წაილეკება უფლის რისხვის დღეს.
- 29
ეს არის ბოროტი კაცის ხვედრი ღვთისგან და ღმერთის მიერ მისთვის მიცემული მემკვიდრეობა!”