იობი 19
- 1
მიუგო იობმა და თქვა:
- 2
"როდემდე უნდა მიტანჯავდეთ სულს და მგვემდეთ სიტყვებით?
- 3
უკვე ათჯერ შეურაცხმყავით, არ თაკილობთ ჩემს შევიწროებას;
- 4
თუ მართლა შევცდი, ჩემთანვე დარჩება ჩემი შეცდომა.
- 5
თუ მე მამეტებთ თავებს და ჩემივე სირცხვილს მაყვედრით,
- 6
იცოდეთ, რომ ღმერთმა დამცა და გამხვია თავის ბადეში.
- 7
აჰა, ვღაღადებ: ძალადობაა! და არავინ მპასუხობს, შველას ვითხოვ და არაა სამართალი.
- 8
კედელი აღმართა ჩემს გზაზე და აღარ ძალმიძს გავლა, წყვდიადში ჩაძირა ჩემი ბილიკები;
- 9
დიდება შემომაძარცვა და თავიდან გვირგვინი მომხადა;
- 10
ყოველი მხრიდან მამსხვრევს და უკვე მივდივარ; ხესავით ძირკვავს ჩემს იმედს.
- 11
თავისი რისხვა აღანთო ჩემზე და საკუთარ მტრად შემრაცხა;
- 12
ერთად მოდიან მისი ურდონი, გზა გამოიკაფეს ჩემკენ და ჩემი კარვის ირგვლივ დაბანაკდნენ.
- 13
განმაშორა ჩემი ძმები და გამიუცხოვდნენ ახლობლები.
- 14
უგულებელმყვეს ჩემმა ნათესავებმა და დამივიწყეს შინაურებმა;
- 15
უცხოდ შემრაცხეს ჩემს სახლში შემოკედლებულებმა და მხევლებმა, უცხოტომელივით ვარ მათ თვალში.
- 16
მსახურს ვუხმობ და არ მპასუხობს, ვევედრები მას ჩემი პირით.
- 17
ჩემი სუნთქვაც შესძაგდა ჩემს ცოლს და სიმყრალე ჩემი - ჩემს ძმებს.
- 18
ბავშვებმაც მომიძულეს, წამოვდგები და დამცინიან
- 19
გულითადმა მეგობრებმაც შემიზიზღეს, ვინც მიყვარდა, მტრად მომეკიდა;
- 20
საკუთარ ტყავსა და ხორცს მიეკრა ჩემი ძვლები, ღრძილებიღა შემრჩა კბილებზე.
- 21
შემიბრალეთ, შემიბრალეთ, მეგობრებო, რადგან ღმერთის ხელი შემეხო!
- 22
ღმერთივით რად მდევნით და არ ძღებით ჩემი ხორცით?
- 23
ნეტავ იწერებოდეს ჩემი სიტყვები და წიგნში იბეჭდებოდეს;
- 24
რკინის საჭრისით და ტყვიით ამოიკვეთოს კლდეში სამარადისოდ!
- 25
მე კი ვიცი, რომ ცოცხალია ჩემი გამომსყიდველი და საბოლოოდ აღდგება დედამიწაზე;
- 26
კანიც რომ შემომეცლება, მაინც ჩემივე ხორცში ვიხილავ ღმერთს!
- 27
რადგან თვითონ ვიხილავ მას, ჩემი თვალები იხილავენ და არა სხვისანი. გული ჩემი გაილია ჩემში!
- 28
და თუ იტყვით, როგორ ვდევნოთ იგი, რადგან საქმის ფესვი ნაპოვნიაო მასში,
- 29
გეშინოდეთ მახვილისა, რადგან რისხვას მოაქვს მახვილის სასჯელი და იცოდეთ, რომ არის განკითხვა!”