იობი 18
- 1
მიუგო ბილდად შუხელმა და თქვა:
- 2
"როდემდე ინადირებ სიტყვებზე? დაფიქრდი და მერე ვილაპარაკოთ:
- 3
პირუტყვებად და უგუნურებად რად ვითვლებით შენს თვალში?
- 4
შენივე რისხვამ უნდა დაგღრნას? შენ გამო უნდა გაუდაბურდეს მიწა ან კლდე დაიძრას თავისი ადგილიდან?
- 5
უსათუოდ ჩაქრება ბოროტეულთა ნათელი, აღარ აელვარდება ალი მისი ცეცხლისა.
- 6
მის კარავში ნათელი ჩამობნელდება და მისი ლამპარიც ჩაქრება.
- 7
შევიწროვდება ფეხსადგამი მისი ძლიერებისა და საკუთარი ზრახვები დაამხობს,
- 8
რადგან ფეხებით ბადეშია გახლართული და მახეშია გაბმული.
- 9
მარყუჟი ქუსლზე გამოედება, ხაფანგი შეიპყრობს მას.
- 10
დამალულია მიწაზე მისი მარყუჟი, და ხაფანგია დაგებული მის ბილიკზე.
- 11
ყოველმხრივ შიში და ძრწოლა აკრავს და ფეხდაფეხ მისდევენ ისინი.
- 12
შიმშილი დააუძლურებს და მის გვერდით დაღუპვაა გამზადებული.
- 13
ავადმყოფობა შეუჭამს კანს, სიკვდილის პირმშო _ კიდურებს.
- 14
ამოიძირკვება მისი საიმედო კარვიდან და საშინელებათა მეფეს მიჰგვრიან მას.
- 15
მის კარავში ისაა დავანებული, ვინც მისიანი არ არის; გოგირდი გადაეყრება მის საცხოვრებელს.
- 16
მიწისქვეშ ფესვები გაუხმება და მაღლა ტოტები დაუჭკნება.
- 17
გაქრება მისი სახსენებელი ქვეყნად და აღარავინ ახსენებს მის სახელს კარიბჭესთან.
- 18
ნათლიდან ბნელში განიდევნება და მიწისპირიდან აღიგვება.
- 19
თესლი და შთამომავალი არ ეყოლება თავის ხალხში, არავინ დაურჩება თავის სამკვიდრებელში.
- 20
გაოგნდებიან მისი ბედის გამო დასავლეთში და ძრწოლა შეიპყრობს აღმოსავლეთს.
- 21
დიახ, ასეთია ბოროტეულთა სამკვიდრებელი და ასეთია მათი ადგილი ვინც ღმერთს არა სცნობს!