იობი 17
- 1
"სული ჩემი შემუსვრილია, მინავლებულია ჩემი დღენი, საფლავი მზად არის ჩემთვის.
- 2
განა მქირდავნი არ არიან ჩემ გარშემო და ჩემი თვალი მათ დაცინვას არ უმზერს?
- 3
დამიცავი, გევედრები, თავდებად დამიდექი შენს წინაშე, სხვა ვინ მიქომაგებს?
- 4
შენ დაუკავე მათ გულებს გონიერება, ამიტომაც არ აღაზევებ მათ ამის მერე.
- 5
ვინც ანგარებით გასცემს მეგობრებს, მისი ძეების თვალები დაბნელდება.
- 6
ხალხის საიგავოდ გამხადე და პირში საფურთხებლად შევიქენი.
- 7
მწუხარებისგან თვალთ დამიბნელდა და აჩრდილს დაემსგავსნენ ჩემი სხეულის ასოები.
- 8
აღშფოთდებიან წრფელნი ამის გამო და აუმხედრდებიან მართალნი უკეთურთ.
- 9
მართალი თავის გზას ჩაეჭიდება და ხელწმიდა უფრო განმტკიცდება.
- 10
თქვენ კი, მობრუნდით, მოდით ყველანი, ბრძენს მაინც ვერ ვიპოვი თქვენ შორის.
- 11
განვლეს ჩემმა დღეებმა, დაიმსხვრა ჩემი განზრახვები და სურვილები ჩემი გულისა.
- 12
ღამეს დღედ აქცევენ, ამბობენ: ახლოა ნათელი ბნელთან!
- 13
თუ ველი შავეთს, როგორც ჩემს სახლს, თუ წყვდიადში გავიმზადებ სარეცელს.
- 14
თუ ჩავძახებ სამარეს: მამა ხარ ჩემი! მატლს - დედა ხარ ჩემი და დაი ხარ ჩემი!
- 15
სადღაა ჩემი იმედი? და ჩემს სასოებას ვინ იხილავს?
- 16
თან ჩამომყვება შავეთში? ნუთუ ერთად განვისვენებთ მტვერში?”