იობი 16
- 1
მიუგო იობმა და თქვა:
- 2
"ამისთანები ბევრი მსმენია, უსუსური ნუგეშისმცემლები ხართ ყველანი!
- 3
თუ აქვს დასასრული ქარიან სიტყვებს? რა გაიძულებთ, რომ ასე მპასუხობთ?
- 4
მეც თქვენსავით ვილაპარაკებდი, თქვენს ადგილზე რომ ვყოფილიყავი. თქვენს საწინააღმდეგო სიტყვებს შევთხზავდი და თავის ქნევას დაგიწყებდით;
- 5
ჩემი პირით გაგამაგრებდით და შეგიმსუბუქებდით ტანჯვას ჩემი ბაგის მოძრაობით.
- 6
თუ ვილაპარაკებ, ტკივილი არ დამიამდება, თუ დავდუმდები განა გამშორდება?
- 7
მაგრამ ახლა მომქანცა, მთელი ჩემი სახლეული გაუდაბურდა.
- 8
შენ გამიჩინე ნაოჭები, რომლებიც მოწმობენ ჩემს წინააღმდეგ, წამოიმართა ჩემს წინააღმდეგ ჩემი სიმჭლევე, და იგი მოწმობს ჩემს წინააღმდეგ.
- 9
მისი რისხვა მგლეჯს და მდევნის, კბილებს მიღრჭენს და თვალებს ილესავს ჩემზე მტერი,
- 10
პირი აქვთ დაფჩენილი, მაგინებენ და სახეში მცემენ, მზაკვრულად შეითქვნენ ჩემს წინააღმდეგ.
- 11
უსამართლოს გადამცა ღმერთმა და ურჯულოთა ხელში ჩამაგდო.
- 12
მშვიდად ვიყავი და დამამსხვრია, კისერში ჩამავლო ხელი და ნაგლეჯებად მაქცია, თავის სამიზნედ დამაყენა.
- 13
გარს შემომერტყნენ მისი ისრები, მიგლეჯენ შიგნეულობას, არ მიბრალებს და მიწაზე ანთხევს ჩემს ნაღველს;
- 14
დამლეწა, გვემა გვემაზე მოდის, მეომარივით გამორბის ჩემკენ.
- 15
ჯვალო გადავიკერე კანზე და მტვერში ამოვგანგლე ჩემი რქა.
- 16
ტირილისგან სახე ამელეწა და სიკვდილის აჩრდილია ჩემს წამწამებზე.
- 17
თუმცა ძალადობა არ არის ჩემს ხელთ და სუფთაა ჩემი ლოცვა.
- 18
მიწავ! ნუ დაფარავ ჩემს სისხლს და ადგილს ნუ ჰპოვებს ჩემი მოთქმა!
- 19
აჰა, ცაშია ჩემი მოწმე და ჩემი დამცველი - მაღალთა შინა.
- 20
ჩემი მეგობრები აბუჩად მიგდებენ, ღმერთს შეჰქვითინებენ ჩემი თვალები,
- 21
ოჰ, ნეტავ შეეძლოს ადამიანს ღმერთთან კამათი, როგორც კაცს - თავის მოყვასთან,
- 22
რადგან მოდის ჩემი წლების დასასრული და უკანმოუსვლელ გზას ვადგები!