იობი 15
- 1
მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა:
- 2
"ამაო სიტყვებს უნდა ამბობდეს ბრძენი? აღმოსავლეთის ქარით უნდა ივსებდეს მუცელს?
- 3
განა უნდა კამათობდეს უსარგებლო სიტყვებით და ლაპარაკით, რომელშიც არავითარი სიკეთე არ არის?
- 4
ღვთის შიში მოგიშორებია და აკნინებ მის წინაშე ლოცვას,
- 5
შენივე დანაშაული წარმართავს შენს ბაგეს და ცბიერთა ენა ამოირჩიე.
- 6
შენივე პირი გდებს ბრალს, მე კი არა, შენი ბაგენი მოწმობენ შენს წინააღმდეგ.
- 7
პირველშობილი ხომ არ ხარ კაცთა შორის, მთებზე უწინ ხომ არ შექმნილხარ?
- 8
ღვთის საიდუმლო ხომ არ ისმინე და მისი სიბრძნე ხომ არ მიისაკუთრე?
- 9
რა იცი შენ, რაც ჩვენ არ ვიცით? ისეთი რა გაიგე, რაც ჩვენ არ გვესმის?
- 10
ჭაღარაც და მოხუცებულიც არის ჩვენ შორის, მამაშენზე მეტი დღეების მქონე.
- 11
ნუთუ გეცოტავება ღვთის ნუგეში? შენთვის ნათქვამი ფაქიზი სიტყვები?
- 12
რად გიტაცებს შენი გული და თვალებს რატომ ახამხამებ?
- 13
რად წარმართავ შენს სულს ღვთის წინააღმდეგ და ასეთ სიტყვებს წარმოთქვამ შენი ბაგედან?!
- 14
რა არის კაცი, რომ წმიდა იყოს? ან მართლობდეს დედაკაცის მიერ შობილი?
- 15
აჰა, თავის წმინდანებსაც არ ენდობა და ცანიც არ არიან სუფთა მის თვალში.
- 16
მით უმეტეს საძაგელი და გახრწნილი კაცი, წყალივით რომ სვამს უსამართლობას.
- 17
გეტყვი და მომისმინე, რაც ნანახი მაქვს, გეტყვი.
- 18
რაც სმენიათ ბრძენებს და არ დაუფარავთ თავიანთი მამებისგან გაგონილი.
- 19
მხოლოდ მათ მიეცათ ქვეყანა, უცხოს არ გაუვლია მათ შორის.
- 20
ურჯულო მთელი ცხოვრება იტანჯება; დათვლილია მტარვალთა წელთა რიცხვი,
- 21
შიშის ზარია მის ყურებში და მშვიდობის ჟამსაც მიუვა გამანადგურებელი.
- 22
იმედი არა აქვს, რომ სიბნელეს გაექცევა; მახვილისთვის არის განწირული.
- 23
ლუკმა-პურისთვის დახეტიალობს - ამბობს, სად არისო? იცის, რომ ახლოა შავი დღე.
- 24
აძრწუნებს მას გაჭირვება და უბედურება, გადასძალავს, როგორც ბრძოლისათვის შემართული მეფე.
- 25
რადგან ღმერთის წინააღმდეგ გაიწოდა ხელი და ყოვლადძლიერს აუჯანყდა.
- 26
უტევდა მას ჯიუტად, თავისი ჯავშნის სქელი შვერილებით,
- 27
რადგან ქონით დაიფარა სახე და გვერდები ხორცით დაიმძიმა.
- 28
აოხრებულ ქალაქებში ცხოვრობდა - დასანგრევად გამზადებულ უკაცრიელ სახლებში.
- 29
ვერ გამდიდრდება და ვერ გაძლებს ქონება მისი და ფესვს ვერ გაიდგამს მიწაში.
- 30
ბნელს ვერ გადაურჩება, ალი გაახმობს მის ყლორტებს და მისი პირის ამონასუნთქი განაშორებს მას ამ წუთისოფელს.
- 31
ნუ მიენდობა ამაოებას ასეთი კაცი და თავს ნუ მოიტყუებს, რადგან ამაოებავე იქნება მისი საზღაური.
- 32
უდღეურად დაჭკნება და მისი ტოტები არ ამწვანდება.
- 33
მკვახე ყურძენი დასცვივა მისი ვაზის ლერწებს და დაიბერტყება მისი ზეთისხილის ყვავილი.
- 34
რადგან უნაყოფოა უღმრთოთა კრებული და ცეცხლი შთანთქავს მექრთამეთა კარვებს.
- 35
დაორსულდებიან სიავით და შობენ სიცრუეს; გული სავსე აქვთ მზაკვრობით!”