იობი 14
- 1
"ადამიანი, დედაკაცის ნაშობი, დღემოკლეა და სავსეა წუხილით.
- 2
ყვავილივით გაიფურჩქნება და ჭკნება, ჩრდილივით გადაივლის და ქრება.
- 3
და ასეთ კაცს უმზერ და მაინც სამსჯავროში მიგყავარ?
- 4
უწმიდურისგან წმიდას ვინ გააჩენს? არავინ!
- 5
აკი განსაზღვრულია მისი დღენი და მისი თვეების რიცხვი შენს ხელთაა, საზღვრები დაუდგინე და ვერ გადალახავს,
- 6
დაეხსენი, რომ მოისვენოს, ვიდრე მოჯამაგირესავით დაამთავრებდეს თავის დღეებს.
- 7
რადგან ხესაც აქვს იმედი: თუ მოჭრიან, კვლავ ამოხეთქავს, აყვავდება და ყლორტები არ მოაკლდება.
- 8
თუ ფესვი დაუბერდა მიწაში და ღერო ჩაუკვდა მტვერში,
- 9
როგორც კი წყლის სუნს იგრძნობს, კვლავ აყვავდება და ახალდარგულივით გამოიყრის ყლორტებს.
- 10
მაგრამ კვდება კაცი, დაწვება და სულს განუტევებს, სადღაა იგი?
- 11
როგორც წყლები გაედინება ზღვიდან და მდინარე იწრიტება,
- 12
ასევე ადამიანიც წვება და ვეღარ დგება, ვიდრე არ გაქრება ცანი ვერ გაიღვიძებს და ვერ გამოფხიზლდება ძილისგან.
- 13
ნეტავ ქვესკნელში დაგემალე, დაგეფარე, ვიდრე გადაივლიდა შენი რისხვა, დროს დამიდგენდი და გამიხსენებდი.
- 14
თუ მოკვდება კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? მთელი ჩემი ბრძოლის დღეებში დავიცდიდი, ვიდრე არ დადგებოდა ჩემი ხსნა.
- 15
მომიხმობდი და გამოგეხმიანებოდი; მოგენატრებოდა შენს ხელთა ქმნილება,
- 16
ნაბიჯებს დამითვლიდი, ჩემს ცოდვებს კი აღარ ჩაეძიებოდი;
- 17
ჩანთაში დალუქავდი ჩემს დანაშაულს და ჩემს ბრალს წარხოცდი.
- 18
მაგრამ როგორც ჩამოქცეული მთა იშლება და კლდე ცურდება თავისი ადგილიდან,
- 19
როგორც ქვებს ცვეთს წყალი, როგორც ნიაღვრები წალეკავენ მიწას; შენც ასე ანადგურებ მოკვდავი კაცის იმედს.
- 20
სძლევ მას სამუდამოდ და მიდის, სახეს შეუცვლი და უშვებ.
- 21
პატივში იქნებიან მისი შვილები - მან ეს არ იცის, დამცირდებიან ისინი - ის ვერ ხედავს.
- 22
მას მხოლოდ საკუთარი სხეული სტკივა და საკუთარ თავს გლოვობს იგი!”