იობი 13
- 1
"აჰა, ეს ყოველივე იხილა ჩემმა თვალმა, ისმინა ჩემმა ყურმა და შეიგნო.
- 2
რაც თქვენ იცით, მეც ვიცი, თქვენზე ნაკლები არა ვარ.
- 3
მაინც დაველაპარაკებოდი ყოვლადძლიერს, სურვილი მაქვს, რომ ვიდავო მასთან!
- 4
თქვენ კი სიცრუის მთხზველნი და უსარგებლო მკურნალნი ხართ!
- 5
ნეტავ სულ დადუმდებოდეთ, ეს იქნებოდა თქვენთვის სიბრძნე.
- 6
ისმინეთ, გთხოვთ, ჩემი თავისმართლება და შეისმინეთ სამდურავი ჩემი ბაგისა.
- 7
ნუთუ ღვთისთვის ილაპარაკებთ უმართლოდ და მისი გულისთვის იტყვით სიცრუეს?
- 8
მიკერძოებას გამოიჩენთ მის მიმართ? ღმერთს გამოესარჩლებით?
- 9
კარგი იქნება, თქვენც რომ გამოგიკვლიოთ; მასაც ისე მოატყუებთ, როგორც კაცი კაცს ატყუებს?
- 10
უცილობლად გაგკიცხავთ, მალულადაც რომ პირმოთნეობდეთ.
- 11
ნუთუ მისი სიდიადე არ გაშინებთ და მისი შიშის ზარი არ დაგტყდომიათ თავზე?
- 12
ნაცარივითაა თქვენი დარიგებანი და თიხასავით - საყრდენი თქვენი.
- 13
დადუმდით ჩემ წინაშე, რათა ვილაპარაკო და მეწიოს, რაც იქნება.
- 14
რისთვის მეკავოს ჩემი ხორცი კბილებით და სიცოცხლე ხელებით?
- 15
აჰა, მკლავს, მაგრამ მაინც მას მივენდობი, და მაინც დავიცავ ჩემს გზებს მის წინაშე
- 16
და ეს იქნება ხსნა ჩემთვის, რადგან უღმერთო კაცი ვერ მივა მის წინაშე.
- 17
გულდასმით მოისმინეთ ჩემი ნათქვამი და ყურად იღეთ ჩემი სიტყვა!
- 18
აჰა, სამსჯავრო გავმართე და ვიცი, რომ გავმართლდები.
- 19
შემომედავება ვინმე? მაშინ დავდუმდები და მოვკვდები!
- 20
მხოლოდ ორ რამეს ნუ მიზამ და არ დავემალები შენს სახეს.
- 21
შენი ხელი მომარიდე და შენმა შიშის ზარმა არ შემაძრწუნოს!
- 22
მაშინ მომიხმე და გიპასუხებ; ან მათქმევინე და შენვე გამეცი პასუხი!
- 23
რა უმართლობა მაქვს და რამდენი ცოდვა? მაუწყე ჩემი ურჩობა და ცოდვა!
- 24
სახეს რად მიმალავ, რატომ მიმიჩნევ შენს მტრად?
- 25
ნუთუ მომწყდარ ფოთოლს აფრთხობ და გამხმარ ჩალას დევნი?
- 26
რადგან სიმწარეს წერ ჩემს წინააღმდეგ და ჩემი სიჭაბუკის ცოდვებს მაზღვევინებ.
- 27
ხუნდებს მადებ ფეხებზე, უდარაჯებ ყველა ჩემს გზას და ფეხდაფეხ მომყვები!
- 28
მე კი დამპალივით ვიხრწნები, ჩრჩილით შეჭმული სამოსელივით!