იობი 12
- 1
მიუგო იობმა და თქვა:
- 2
"ჭეშმარიტად, ხალხი მხოლოდ თქვენა ხართ და სიბრძნეც თქვენთან ერთად მოკვდება.
- 3
მეც თქვენსავით მაქვს გონება და არც მე ვარ თქვენზე ნაკლები ვინ არ იცის ეს ყოველივე?
- 4
დასაცინი შევიქენი მეგობრებისთვის, ღმერთს მოვუხმობდი მე და ის პასუხს მცემდა; სამასხროდ შევიქენი მართალი და უბიწო.
- 5
ფეხდასასხლეტად გამზადებული კაცი, მოძულებული ჩირაღდანივითაა უდარდელი კაცის ფიქრებში;
- 6
აყვავებულია მოძალადეთა კარვები, უშიშრად არიან ღმერთის განმარისხებელნი, თითქოს თავისი ხელით ატარებენო ღმერთს.
- 7
აბა, ჰკითხე მხეცებს და გასწავლიან, ცის ფრინველთ და გეტყვიან.
- 8
ან მიწას დაელაპარაკე და ის გასწავლის, ყველაფერს გეტყვიან ზღვის თევზები.
- 9
ვინ არ იცის მათ შორის, რომ ეს ყოველივე ღვთის ხელმა შეჰქმნა?
- 10
მის ხელთაა ყოველი სულდგმულის სიცოცხლე და ყოველი ძეხორციელის სუნთქვა.
- 11
განა ყური არ განარჩევს სიტყვებს და სასა - საჭმლის გემოს?
- 12
ასაკი - სიბრძნეა, და ხანგრძლივი სიცოცხლე - გონიერება.
- 13
ღმერთთანაა სიბრძნე და ძალა, მას ეკუთვნის რჩევა და გაგება.
- 14
აჰა, დაანგრევს და ვეღარ აშენდება, კაცს დაატუსაღებს და ვეღარ გამოიხსნება.
- 15
აჰა, შეაჩერებს წყლებს და დაშრებიან, გამოუშვებს მათ და გათელავენ მიწას.
- 16
მასთანაა ძალა და სრული სიბრძნე, ცდუნებულიც მისია და მაცდუნებელიც.
- 17
შიშველი ფეხით დაატარებს მრჩევლებს და მსაჯულებს აბრიყვებს.
- 18
მეფეებს ბორკილებს ხსნის და სარტყელს არტყამს წელზე;
- 19
მღვდლებს შიშველი ფეხით დაატარებს და ძლიერებს ამხობს;
- 20
თავდაჯერებულთ მეტყველებას ართმევს და უხუცესებს - გაგების უნარს.
- 21
დიდებულებზე დამცირებას გადმოღვრის და მძლავრთა სარტყელს ასუსტებს;
- 22
წყვდიადიდან ამჟღავნებს საიდუმლოებებს და ნათელს ჰფენს უკუნეთის სიღრმეებს;
- 23
გაამრავლებს ერებს და ანადგურებს, განავრცობს ერებს და წარუძღვება მათ.
- 24
გონებას ურევს დედამიწის ხალხთა მთავრებს და უდაბნოში ახეტიალებს უგზოუკვლოდ.
- 25
უსინათლოდ დადიან ბნელში და მთვრალებივით დაბორიალებენ!