იობი 11
- 1
მიუგო ცოფარ ნაყამათელმა იობს:
- 2
"განა უპასუხოდ დარჩება მრავალსიტყვაობა და გამართლდება მოლაყბე კაცი?
- 3
განა შენი კვეხნა ხალხს დაადუმებს? დაცინვას მოჰყვები და არავინ შეგარცხვენს?
- 4
ამბობდი: ხალასია ჩემი მოძღვრება და უდანაშაულო ვარო შენს თვალში!
- 5
ეჰ, რომ ალაპარაკდებოდეს ღმერთი და შენს წინააღმდეგ გახსნიდეს თავის ბაგეს,
- 6
გაუწყებდეს თავის დაფარულ სიბრძნეს, რადგან ორი მხარე აქვს სიბრძნეს! იცოდე, ღმერთი იმაზე ნაკლებად გსჯის, ვიდრე შენი უმართლობა იმსახურებს!
- 7
ნუთუ გამოიკვლევ ღვთის სიღრმეებს და მიაღწევ ყოვლადძლიერის საზღვრებს?
- 8
მაღალია ვითარცა ცანი და ღრმაა ვითარცა ქვესკნელი! როგორ შეიცნობ?
- 9
ზომით დედამიწაზე გრძელია და ზღვაზე ფართო.
- 10
თუ ჩაივლის, შებორკავს და წარუდგენს სამსჯავროს, ვინ შეაჩერებს?
- 11
ვინაიდან იცნობს იგი ცბიერ ადამიანებს და როცა ხედავს უსამართლობას, განა არ მიაპყრობს ყურადღებას?
- 12
ვინაიდან ამაო კაციც დაბრძენდება, თუმცა ველური ჩოჩორივით იბადება ადამიანი.
- 13
თუ განიმზადებ გულს და მისკენ გაიწვდი ხელებს,
- 14
თუ უმართლობას განიშორებ ხელთაგან და არ დამკვიდრდება შენს კარვებში უსამართლობა,
- 15
მაშინ აღმართავ სახეს უბიწოდ, მტკიცე იქნები და არ შეშინდები,
- 16
რადგან დაგავიწყდება ტანჯვა-წამება, როგორც ჩავლილ წყალს, ისე გაიხსენებ.
- 17
შუადღის ნათელზე მეტად გაბრწყინდება შენი სიცოცხლე და განთიადივით გაცისკროვნდები.
- 18
დანდობილად იქნები, რადგან არის იმედი; უსაფრთხოდ მიმოიხედავ და მოისვენებ.
- 19
დაწვები და არავინ შეგაშფოთებს, მრავალნი დაგიწყებენ პირფერობას.
- 20
ურჯულოთა თვალისჩინი ჩაქრება, თავშესაფარს ვერ ჰპოვებენ და მათი სასოება სულის განტევებაში იქნება”.