იობი 10
- 1
"სიცოცხლე შესძაგდა ჩემს სულს; წუწუნს მივეცემი და ჩემი სულის სიმწარიდან ვილაპარაკებ.
- 2
ვეტყვი უფალს: მსჯავრს ნუ მდებ, გამაგებინე, რისთვის მდევნი?
- 3
განა კარგია შენთვის, რომ მთრგუნავ, რომ უკუაგდე შენი ხელის ქმნილება და ახალისებ ბოროტთა მზაკვრობას?
- 4
ნუთუ შენც ხორციელი თვალები გაქვს? ნუთუ შენც ადამიანივით იყურები?
- 5
ნუთუ შენი დღეებიც მოკვდავის დღეებივითაა? ან კაცის დღეებივითაა შენი წლები?
- 6
ჩემს ბრალს რომ ეძებ და ცოდვას იკვლევ,
- 7
თუმცა იცი, რომ ბრალი არა მაქვს, და არავინაა შენი ხელიდან ჩემი გამომხსნელი.
- 8
მთლიანად შენი ხელით ვარ გამოძერწილი და შექმნილი და შენვე მანადგურებ?!
- 9
გაიხსენე, თიხასავით რომ გამომძერწე; ისევ მტვრად მაქცევ?
- 10
განა რძესავით არ გადმომღვარე და ყველივით არ შემადედე?
- 11
ტყავითა და ხორცით შემმოსე, ძვლებითა და ძარღვებით მომქსოვე.
- 12
სიცოცხლე და სიკეთე მომმადლე, შენმა მზრუნველობამ შემოინახა ჩემი სული.
- 13
მაგრამ ამასაც ინახავდი შენს გულში, ვიცი, რომ ესეც გქონდა განზრახული:
- 14
თუ შეგცოდავდი, არ მომერიდებოდი, ბრალს არ მომიტევებდი;
- 15
თუ უკეთური ვარ - ვაი ჩემს თავს! თუ მართალი ვარ - თავს ვერ ავწევ, სავსე ვარ სირცხვილით. შეხედე ჩემს სივაგლახეს.
- 16
წამოვიწიო? - ლომივით ნადირობ ჩემზე და კვლავ შენს საოცრებებს ახდენ ჩემზე,
- 17
შენს მოწმობებს ანახლებ ჩემს წინააღმდეგ და აძლიერებ შენს რისხვას, ჯარი ანაცვლებს ჯარს ჩემს წინააღმდეგ.
- 18
საშოდან რად გამომიყვანე? მოვმკვდარიყავი, რომ თვალით არავის ვეხილე.
- 19
ვყოფილიყავი, როგორც არყოფილი, საშოდან საფლავში ჩამასვენებდნენ.
- 20
განა მცირე არ არის ჩემი დღენი?! დამეხსენ, რომ ცოტათი მაინც გავიხარო,
- 21
სანამ წავიდოდე უკანმოუსვლელში, ბნელეთისა და აჩრდილთა ქვეყანაში;
- 22
წყვდიადის ქვეყანაში, თვით წყვდიადში, აჩრდილთა უწესრიგო ქვეყანაში, სადაც ნათელიც კი ბნელივითაა”.