2 ნეშტთა 11
- 1
მივიდა რეხაბყამი იერუსალიმში და შეკრიბა იუდასა და ბენიამინის მთელი სახლი - ასოთხმოცი ათასი ახალგაზრდა, რჩეული მეომარი, რათა შებრძოლებოდნენ ისრაელს რეხაბყამისთვის სამეფოს დასაბრუნებლად.
- 2
გამოეცხადა უფლის სიტყვა შემაყიას, ღვთისკაცს:
- 3
„ელაპარაკე რეხაბყამ სოლომონის ძეს, იუდას მეფეს, მთელ ისრაელს, იუდას და ბენიამინს და უთხარი:
- 4
ასე ამბობს უფალი: ნუ გახვალთ საბრძოლველად თქვენს მოძმეებთან! თავ-თავის სახლში გაბრუნდეს ყველა, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს ამბავი!” დაემორჩილნენ უფლის სიტყვას და იერობყამთან საბრძოლველად გასულნი უკან გაბრუნდნენ.
- 5
რეხაბყამი იერუსალიმში ცხოვრობდა და ამაგრებდა ქალაქებს იუდაში:
- 6
გაამაგრა: ბეთლემი, ყეტამი და თეკოაყი,
- 7
ბეთ-ცური, სოქო, ყადულამი,
- 8
გათი, მარეშა, ზიფი,
- 9
ადორაიმი, ლაქიში, ყაზეკა,
- 10
ცორყა, აიალონი და ხებრონი - ციხე-სიმაგრეებიანი ქალაქები იუდასა და ბენიამინის სამთავროში.
- 11
და გაამაგრა ეს ციხე-სიმაგრენი, ჩააყენა მათში სარდლები და მოაწყო სურსათ-სანოვაგის, ზეთისა და ღვინის საცავები.
- 12
ყველა ქალაქში ფარ-შუბები ჩამოარიგა და ძლიერ განამტკიცა ისინი. იუდა და ბენიამინი მის მხარეს იყვნენ.
- 13
მთელ ისრაელში მყოფი მღვდლები და ლევიანები თავ-თავისი საზღვრებიდან დაიძრნენ მისკენ და გვერდში დაუდგნენ მას.
- 14
ვინაიდან ტოვებდნენ ლევიანები თავიანთ საძოვრებსა და სამფლობელოებს და მიდიოდნენ იუდაში და იერუსალიმში, რადგან იერობყამმა და მისმა ძეებმა უფლის მსახურება დაუშალეს.
- 15
თავისი მღვდლები დააყენა მაღლობებზე, ციკნებისა და ხბორების კერპებისთვის, თვითონ რომ გააკეთა.
- 16
ისრაელის ყველა ტომიდან მიჰყვებოდნენ ლევიანებს, ვინც გულით ეძებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, რომ მოსულიყვნენ იერუსალიმში და მსხვერპლი შეეწირათ უფლისთვის, თავიანთი მამების ღმერთისთვის.
- 17
გაამაგრეს იუდას სამეფო და სამ წელიწადს უჭერდნენ მხარს რეხაბყამს, სოლომონის ძეს, რადგან ამ სამ წელიწადს დადიოდა დავითისა და სოლომონის გზით.
- 18
რეხაბყამმა ცოლად მახალათი შეირთო, იერიმოთ დავითის ძის ასული და აბიხაილი, ელიაბ იესეს ძის ასული.
- 19
უშვეს ვაჟები: იეყუში, შემარია და ზაჰამი.
- 20
ამის შემდეგ მაყაქა შეირთო, აბესალომის ასული, რომელმაც აბია, ყათაი, ზიზა და შელომითი უშვა.
- 21
რეხაბყამს ყველა თავის ცოლსა და ხარჭაზე მეტად უყვარდა მაყაქა, აბესალომის ასული, რადგან თვრამეტი ცოლი და სამოცი ხარჭა ჰყავდა. ოცდარვა ძე და სამოცი ასული შვა რეხაბყამმა.
- 22
დააყენა რეხაბყამმა თავკაცად აბია, მაყაქას ვაჟი, წინამძღოლად მის ძმათა შორის, რადგან მის გამეფებას ფიქრობდა.
- 23
გონივრულად მოქმედებდა, თავისი ყველა შვილი ყოველ გამაგრებულ ქალაქში ჩაასახლა იუდასა და ბენიამინის მთელ მიწაზე, სარჩო-სანოვაგეც უხვად მისცა და მრავალი ცოლი უთხოვა.