2 ნეშტთა 12
- 1
როცა განმტკიცდა და გაძლიერდა რეხაბყამის მეფობა, მიატოვა მან უფლის რჯული და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა.
- 2
რეხაბყამის გამეფების მეხუთე წელს იერუსალიმზე გაილაშქრა ეგვიპტის მეფე შიშაკმა, რადგან უღალატეს უფალს მისმა მცხოვრებლებმა,
- 3
ათას ორასი ეტლით, სამოცი ათასი ცხენოსნითა და ურიცხვი ხალხით, რომელიც მასთან ერთად გამოვიდა ეგვიპტიდან - ლიბიელნი, სუქიელნი და ქუშელნი.
- 4
დაიპყრო იუდას გამაგრებული ქალაქები და იერუსალიმამდე მივიდა.
- 5
მივიდა შემაყია წინასწარმეტყველი რეხაბყამთან და იუდას მთავრებთან, რომლებიც შიშაკისგან გადარჩენილნი იერუსალიმში შეიკრიბნენ და უთხრა მათ: „ასე ამბობს უფალი: თქვენ მიმატოვეთ და მეც მიგატოვეთ შიშაკის ხელში!”
- 6
თავი დაიმდაბლეს ისრაელის მთავრებმა და მეფემ და თქვეს: „მართალია უფალი!”
- 7
როცა იხილა უფალმა მათი დამდაბლება, გამოეცხადა უფლის სიტყვა შემაყიას და უთხრა: „რადგან თავები დაიმდაბლეს, აღარ მოვსპობ მათ, ცოტა ხანში გამოვიხსნი და არ გადმოვღვრი შიშაკის ხელით ჩემს გულისწყრომას იერუსალიმზე.
- 8
მაგრამ მონებად გაუხდებიან მას, რათა იცოდნენ რა სხვაობაა ჩემს მსახურებასა და ქვეყნიერების მეფეთა მსახურებას შორის”.
- 9
გაილაშქრა შიშაკმა, ეგვიპტის მეფემ, იერუსალიმზე და წაიღო მეფის სასახლისა და უფლის ტაძრის საგანძური. ყველაფერი წაიღო და სოლომონის გაკეთებული ოქროს ფარებიც.
- 10
მათ სანაცვლოდ მეფე რეხაბყამმა სპილენძის ფარები გააკეთა და მისცა მცველთა უფროსებს, რომლებიც მეფის სასახლის კარს იცავდნენ.
- 11
და ყოველთვის, როცა მეფე უფლის ტაძარში შედიოდა, მოდიოდნენ მცველები და მოჰქონდათ ისინი, ხოლო შემდეგ კვლავ მცველთა პალატაში აბრუნებდნენ.
- 12
და რაკი დაიმდაბლა თავი, მიიქცა მისგან უფლის რისხვა და საბოლოოდ არ დაღუპა იგი. იუდაშიც კარგად მიდიოდა საქმეები.
- 13
გაძლიერდა მეფე რეხაბყამი იერუსალიმში და მეფობდა; ორმოცდაერთი წლის იყო რეხაბყამი თავისი გამეფებისას და ჩვიდმეტ წელს მეფობდა ქალაქში - რომელიც ისრაელის ყოველ ტომში ამოირჩია უფალმა თავისი სახელის დასამკვიდრებლად. დედამისი იყო ნაყამა ყამონელი.
- 14
ბოროტად იქცეოდა, რადგან გულით არ ეძებდა უფალს.
- 15
რეხაბყამის პირველი და უკანასკნელი საქმენი, განა შემაყია წინასწარმეტყველისა და ყიდო მხილველის წიგნში არაა აღწერილი საგვარტომო ნუსხასთან ერთად? გამუდმებული ბრძოლა იყო რეხაბყამსა და იერობყამს შორის.
- 16
განისვენა რეხაბყამმა თავის მამებთან და დაიკრძალა დავითის ქალაქში, მის ნაცვლად კი მისი ძე აბია გამეფდა.