2 ნეშტთა 10
- 1
წავიდა რეხაბყამი შექემში, რადგან იქ მივიდა მთელი ისრაელი მის გასამეფებლად.
- 2
ეს რომ იერობყამ ნებატის ძემ გაიგო ეგვიპტეში, სადაც მეფე სოლომონისგან იყო გაქცეული, გამობრუნდა ეგვიპტიდან;
- 3
გაგზავნეს მასთან და მოიხმეს. მივიდა იერობყამი მთელ ისრაელთან ერთად და ელაპარაკნენ რეხაბყამს:
- 4
„მამაშენმა უღელი დაგვიმძიმა. ახლა შეგვიმსუბუქე მამაშენის მიერ დაკისრებული მძიმე შრომა და უღელი და გემსახურებით”.
- 5
უპასუხა მათ: „წადით და სამი დღის შემდეგ დაბრუნდით ჩემთან”. და წავიდ-წამოვიდა ხალხი.
- 6
ითათბირა მეფე რეხაბყამმა უხუცესებთან, რომლებიც სოლომონის, მამამისის გვერდში იდგნენ, სანამ ცოცხალი იყო: „თქვენ რას მირჩევთ, რა პასუხი გავცე ამ ხალხს?”
- 7
და ელაპარაკნენ მას: „თუ კეთილად მოექცევი ამ ხალხს, აამებ და ტკბილად დაელაპარაკები, მაშინ სამუდამოდ შენი მსახურნი იქნებიან”.
- 8
მაგრამ უკუაგდო უხუცესთა რჩევა, რომელიც მისცეს და მის წინაშე მდგომ, თავისთან შეზრდილ ყმაწვილკაცებს დაეკითხა.
- 9
უთხრა: „რას მირჩევთ, რა პასუხი გავცე ამ ხალხს, რომლებმაც მამაჩემის მიერ დადგმული უღლის შემსუბუქება მთხოვეს?”
- 10
მიუგეს ყმაწვილკაცებმა, რომლებიც მასთან ერთად იზრდებოდნენ: „ასე უთხარი ხალხს, რომელთაც გითხრეს: მამაშენმა უღელი დაგვიმძიმა, შენ კი შეგვიმსუბუქეო! ასე უთხარი: ჩემი ნეკი უფრო მსხვილია-თქო მამაჩემის წელზე.
- 11
მამაჩემმა თუ მძიმე უღელი დაგადგათ, მე უფრო დაგიმძიმებთ უღელს. მამაჩემი თუ მათრახებით გსჯიდათ, მე მორიელებით დაგსჯით!”
- 12
მივიდნენ იერობყამი და მთელი ხალხი რეხაბყამთან მესამე დღეს, როგორც უბრძანა მათ მეფემ: „სამ დღეში დაბრუნდითო ჩემთან”.
- 13
მკაცრად ელაპარაკა მათ მეფე და უკუაგდო მეფე რეხაბყამმა უხუცესთა რჩევა;
- 14
მიუგო მათ ყმაწვილკაცების რჩევისამებრ: „ხომ დაგიმძიმათ მამაჩემმა უღელი, მე უფრო დაგიმძიმებთ; მამაჩემი თუ მათრახებით გსჯიდათ, მე მორიელებით დაგსჯით!”
- 15
არ ისმინა მეფემ ხალხისა, რადგან ღვთის ნება იყო ასეთი, რათა აღესრულებინა უფალს თავისი სიტყვა, რომელიც ახია შილონელის პირით უთხრა იერობყამ ნებატის ძეს.
- 16
იხილა მთელმა ისრაელმა, რომ არ ისმინა მეფემ მათი და ასე მიუგო ხალხმა მეფეს: „რა წილი გვაქვს ჩვენ დავითთან? არა გვაქვს მემკვიდრეობა იესეს ძესთან! თითოეული თავისი კარვისაკენ, ისრაელო! ახლა თვითონ მიხედე შენს სახლს, დავით!” და წავიდა მთელი ისრაელი თავის კარვებისკენ.
- 17
მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელის ძეებზე შერჩა მეფობა რეხაბყამს.
- 18
გაგზავნა მეფე რეხაბყამმა ჰადორამი, რომელიც ხარკის ამკრეფი იყო; ქვები დაუშინეს მას ისრაელის ძეებმა და მოკლეს; მეფე რეხაბყამმა კი ეტლზე ასვლა და იერუსალიმს გაქცევა მოასწრო.
- 19
განუდგა ისრაელი დავითის სახლეულს ამ დღემდე.