2 მეფეთა 16
- 1
მცირე მანძილით ჩასცდა დავითი მწვერვალს და, აჰა, ციბა, მეფიბოშეთის მსახური წყვილი შეკაზმული სახედრით მოდის მის შესახვედრად; თან მოჰქონდა ორასი პური, ასი მტევანი ჩამიჩი, ასი ასხმა ლეღვი და ტიკჭორა ღვინო.
- 2
ჰკითხა მეფემ ციბას: "რისთვის მოგიტანია ესენი?” მიუგო ციბამ: "სამგზავრო სახედრებია მეფის სახლეულისთვის, პური და ხილი მსახურთათვის საჭმელად, ღვინო კი უდაბნოში დაღლილთა სასმელად”.
- 3
ჰკითხა მეფემ: "შენი ბატონის ვაჟი სადღაა?” მიუგო ციბამ: "იერუსალიმში დარჩა, ამბობს, ახლა მაინც აღმიდგენსო ისრაელის სახლი მამაჩემის სამეფოს!”
- 4
უთხრა მეფემ ციბას: "შენთვის მომიცია ყოველივე, რაც მეფიბოშეთისაა”. თაყვანი სცა და მიუგო ციბამ: "მადლიმც მეპოვოს შენს თვალში მეფევ, ჩემო ბატონო!”
- 5
ბახურიმამდე მივიდა მეფე დავითი და, აჰა, კაცი მოდის საულის საგვარეულოდან, სახელად შიმყა, გერას ძე. მოდის და იწყევლება.
- 6
ქვებს უშენს დავითსა და მის მსახურთ; მარჯვნივ და მარცხნივ ედგნენ ხალხი და მამაცი მებრძოლნი დავითს.
- 7
ასე იწყევლებოდა შიმყა: "განვედ, განვედ, სისხლისმღვრელო და უკეთურო კაცო!
- 8
შენზევე მოაქცია უფალმა საულის სახლის მთელი სისხლი, ვის მაგივრადაც გამეფდი და აბესალომს, შენს ძეს მისცა მეფობა; აჰა, შენივე ბოროტების წილ მოგეზღო, რადგან სისხლისმღვრელი კაცი ხარ”.
- 9
უთხრა მეფეს აბიშაიმ, ცერუიას ძემ: "რად უნდა წყევლიდეს ეს მკვდარი ძაღლი მეფეს, ჩემს ბატონს? გამიშვი, რომ თავი წავაცალო”.
- 10
მიუგო მეფემ: "რა გინდათ ჩემგან, ცერუიას ძენო? თუ მწყევლის, ეგებ უფალმა დაავალა დავითის წყევლა! ვინ ეტყვის, ასე რატომ იქცევიო?”
- 11
უთხრა დავითმა აბიშაის და ყველა თავის მსახურს: "აჰა, თუ ჩემი საზარდულიდან გამოსული შვილი მეძებს მოსაკლავად, ამ ბენიამინელს რაღა მოვკითხო? დაეხსენით, მწყევლოს, ვინ უწყის, ეგებ უფლისგან აქვს დავალებული!
- 12
ეგებ იხილოს უფალმა ჩემი დამცირება და კეთილი მომაგოს მისი წყევლის სანაცვლოდ”.
- 13
მიდიოდნენ დავითი და მისი ხალხი გზაზე, შიმყა კი გვერდით მიჰყვებოდა მთის ფერდობზე, წყევლიდა, ქვებს უშენდა და მტვერს აყრიდა.
- 14
მივიდა მეფე და მასთან მყოფი მთელი ხალხი იორდანესთან, დაღლილ-დაქანცულნი და იქ დაისვენეს.
- 15
აბესალომი კი იერუსალიმში შევიდა მთელ ისრაელთან ერთად, ახითოფელიც თან ახლდა.
- 16
მივიდა დავითის მეგობარი, ხუშაი არქელი აბესალომთან და თქვა: "იცოცხლოს მეფემ, იცოცხლოს მეფემ!”
- 17
მიუგო აბესალომმა ხუშაის: "ესაა შენი ერთგულება მეგობრისადმი? რატომ შენს მეგობარს არ გაყევი?”
- 18
მიუგო ხუშაიმ აბესალომს: "ვინც უფალმა, ამ ხალხმა და მთელმა ისრაელმა აირჩია, მეც მასთან ვარ და მასთან ვიქნები.
- 19
ანდა ვის უნდა ვემსახურო, თუ არა მის ძეს? როგორც მამაშენს ვემსახურებოდი, შენც ისევე გემსახურები”.
- 20
უთხრა ახითოფელს აბესალომმა: "მირჩიე, როგორ მოვიქცეთ”.
- 21
უთხრა ახითოფელმა აბესალომს: "შედი მამაშენის ხარჭებთან, რომლებიც სასახლის მისახედად დატოვა და მიხვდება მთელი ისრაელი, რომ მოძულებული ჰყავხარ მამაშენს; განუმტკიცდება ხელი ყველა შენთან მყოფს”.
- 22
ერდოზე გაუშალეს აბესალომს კარავი და მთელი ისრაელის თვალწინ შევიდა აბესალომი თავისი მამის ხარჭებთან.
- 23
ახითოფელის მიერ გაცემული რჩევა იმ დროს ისე ითვლებოდა, როგორც ღვთისთვის ნაკითხი სიტყვა. ასეთი იყო ახითოფელის ყოველი რჩევა დავითისთვისაც და აბესალომისთვისაც.