2 მეფეთა 17
- 1
უთხრა ახითოფელმა აბესალომს: "ნება დამრთე, რომ შევარჩიო თორმეტი ათასი კაცი, ავდგები და ამაღამვე დავედევნები დავითს.
- 2
თავს დავესხმები, ვიდრე დაღლილი და მკლავმოდუნებულია; შიშის ზარს დავცემ, ხალხი გაეფანტება და მოვკლავ მარტო დარჩენილს.
- 3
შენსკენ მოვაბრუნებ მთელ ხალხს, შენ ხომ ერთი კაცის სულს ეძებ, მთელი ხალხი კი მშვიდობით იქნება”.
- 4
მოეწონათ ეს აზრი აბესალომს და ისრაელის უხუცესობას.
- 5
თქვა აბესალომმა: "ხუშაი არქელსაც მოუხმეთ; მასაც მოვუსმინოთ, რას იტყვის”.
- 6
მივიდა ხუშაი აბესალომთან და ჰკითხა აბესალომმა: "ასეთი რამ ილაპარაკა ახითოფელმა; ვიმოქმედოთ მისი სიტყვისამებრ? თუ არა და, შენ თქვი”.
- 7
მიუგო ხუშაიმ აბესალომს: "ამჯერად არ ვარგა ახითოფელის რჩევა”.
- 8
ისევ თქვა ხუშაიმ: "ხომ იცნობ მამაშენს და მის კაცებს, მამაცები არიან, გამწარებულნი, როგორც ძუ დათვი ველად, ბელები რომ მოსტაცეს. მებრძოლი კაცია მამაშენი და ხალხთან ერთად არ დარჩება ღამე.
- 9
ახლა, ალბათ, რომელიმე მღვიმეში ან სადმე სხვა ადგილას იმალება. თუ ბრძოლის დასაწყისშივე დამარცხდნენ ჩვენები და ხმა გავარდა, მარცხდებაო აბესალომის ხალხი,
- 10
მაშინ ყველაზე მამაცნიც კი, რომელთაც ლომის გული აქვთ, დაფრთხებიან, რადგან მთელმა ისრაელმა იცის, რა ძლიერი კაცია მამაშენი და რა მამაცი კაცებიც უდგანან გვერდში.
- 11
ამიტომ გირჩევ შემოიკრიბო მთელი ისრაელი დანიდან ბეერ-შებაყამდე, ზღვის ქვიშასავით უთვალავი და თავად გახვიდე საბრძოლველად.
- 12
დავეცეთ, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს, თავს ისე დავეცემით, როგორც ცვარი ეცემა მიწას, კაციშვილს არ დავტოვებთ ცოცხალს მისი ხალხიდან.
- 13
თუ ქალაქში გამაგრდება, მთელი ისრაელი თოკებს შემოახვევს ქალაქს და ისე ჩავათრევთ ხევში, რომ კენჭიც არ დარჩება იმ ადგილას”.
- 14
თქვეს აბესალომმა და ისრაელის ყველა კაცმა: "ხუშაი არქელის რჩევა სჯობია ახითოფელის რჩევას”. უფალმა მოინდომა ახითოფელის უკეთესი რჩევა ჩაეშალა, რათა უბედურება დაეტეხა აბესალომის თავზე უფალს.
- 15
უთხრა ხუშაიმ ცადოკ და აბიათარ მღვდლებს: "ასე და ასე ურჩია ახითოფელმა აბესალომს და ისრაელის უხუცესებს, მე კი ასე და ასე ვურჩიე.
- 16
ახლა საჩქაროდ გააგზავნეთ კაცი და უთხარით დავითს: ამ ღამეს უდაბნოს ველებზე ნუ გაათევ-თქო, იჩქარე და გადადი მეორე მხარეს, თორემ დაიღუპება მეფეც და მასთან მყოფი მთელი ხალხიც”.
- 17
ყენ-როგელის წყაროსთან იდგნენ იონათანი და ახიმაყაცი, როცა მივიდა მსახური ქალი და უთხრა, ეცნობებინათ მეფე დავითისთვის; რადგან არ შეეძლოთ ქალაქში შესვლა.
- 18
დაინახა ისინი ერთმა ყმაწვილმა ბიჭმა და შეატყობინა აბესალომს. საჩქაროდ წავიდნენ ორივენი და მივიდნენ ბახურიმს, ერთი კაცის სახლში. იმ კაცს ჭა ჰქონდა ეზოში და შიგ ჩავიდნენ.
- 19
ადგა ცოლი და გადასაფარებელი გადააფარა ჭას, ზედ ხორბალი გაფინა და კვალი წაშალა.
- 20
მოვიდნენ აბესალომის მსახურები ამ ქალთან და უთხრეს: "სად არიან ახიმაყაცი და იონათანი?” მიუგო ქალმა: "წყალს გაღმა გავიდნენ”. ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს და დაბრუნდნენ იერუსალიმში.
- 21
მათი წასვლის შემდეგ ამოვიდნენ ჭიდან, წავიდნენ და ყველაფერი უამბეს მეფე დავითს; თქვეს: "საჩქაროდ გადადით წყლის გაღმა, რადგან ასე და ასე ურჩია თქვენზე ახითოფელმა”.
- 22
ადგა დავითი, ასევე მთელი ხალხი და განთიადამდე სათითაოდ გადავიდნენ იორდანეზე; არავინ დარჩა იორდანეს გაღმა გაუსვლელი.
- 23
დაინახა ახითოფელმა, რომ არ მიიღეს მისი რჩევა, შეკაზმა სახედარი და წავიდა სახლში, თავის ქალაქში. ანდერძი დაუტოვა სახლეულს და თავი ჩამოიხრჩო. მოკვდა და დამარხეს მამისეულ სამარხში.
- 24
მივიდა დავითი მახანაიმში, ხოლო აბესალომმა იორდანე გადალახა ისრაელის კაცებთან ერთად.
- 25
იოაბის ნაცვლად ლაშქრის სარდლად ყამასა დაადგინა აბესალომმა. ყამასას მამა, ითრა იზრეყელელი, ის კაცი იყო, აბიგაილთან, ნახაშის ასულთან რომ შევიდა. აბიგაილი იოაბის დედის, ცერუიას და იყო.
- 26
გილყადის ქვეყანაში დაიბანაკეს ისრაელმა და აბესალომმა.
- 27
დავითი რომ მახანაიმში მივიდა, შობი ნახაშის ძემ ყამონიანთა რაბათიდან, მაქირ ყამიელის ძემ ლოდებარიდან და ბარზილაი გილყადელმა როგელიმიდან,
- 28
მოიტანეს ქვეშაგებელი, ლანგრები, თიხის ჭურჭელი, ხორბალი, ქერი, ფქვილი, ცერცვი, ოსპი და მოხალული მარცვლეული,
- 29
თაფლი, ერბო, ცხვარი და საქონლის ყველი; და მიართვეს დავითსა და მის ხალხს საჭმელად, რადგან ამბობდნენ: "მშიერ-მწყურვალი და დაქანცულნი იქნებიანო უდაბნოგამოვლილები”.