2 მეფეთა 15
- 1
ამის შემდეგ იყო, რომ გაიჩინა აბესალომმა ეტლი, ცხენები და ორმოცდაათი მალემსრბოლი.
- 2
ადგებოდა დილაადრიანად აბესალომი, დადგებოდა კარიბჭისკენ მიმავალ გზაზე, და ყველას, ვინც მეფესთან სამართლის საძებრად მიდიოდა, თავისთან იხმობდა და ეკითხებოდა: "რომელი ქალაქიდან ხარ?” პასუხობდნენ: "ისრაელის ამა და ამ ტომიდან ვარო შენი მსახური”.
- 3
ეტყოდა აბესალომი: "კარგია და სამართლიანია შენი საქმე, მაგრამ არავინ მოგისმენს მეფის კარზე!”
- 4
ამბობდა აბესალომი: "ნეტავ მსაჯულად ვიყო ამ ქვეყანაში! ვისაც სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, ყველა ჩემთან მოვიდოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი”.
- 5
წამოაყენებდა ხოლმე თაყვანსაცემად მისულ კაცს, მოეხვეოდა და აკოცებდა.
- 6
ასე ექცეოდა აბესალომი ყველა ისრაელიანს, ვინც სამართლის საძებრად მიდიოდა მეფესთან; და მოიგო აბესალომმა ისრაელის ძეთა გული.
- 7
ოთხი წლის თავზე უთხრა აბესალომმა მეფეს: "გევედრები, წავალ ხებრონში და შევასრულებ უფლისთვის მიცემულ აღთქმას.
- 8
რადგან აღთქმა დადო შენმა მსახურმა გეშურში, არამში ყოფნის დროს: თუ დამაბრუნებს უფალი იერუსალიმში, მსხვერპლს შევწირავ-მეთქი უფალს”.
- 9
უთხრა მეფემ: "მშვიდობით წადი”. ადგა და წავიდა ხებრონს.
- 10
და დაგზავნა აბესალომმა შიკრიკები ისრაელის ყველა ტომში ამ სიტყვებით: "ბუკის ხმა რომ მოგესმებათ, გამოაცხადეთ: გამეფდაო ხებრონში აბესალომი!”
- 11
ალალად გაჰყვა აბესალომს იერუსალიმიდან ორასი კაცი, არ იცოდნენ, რა ხდებოდა.
- 12
მსხვერპლის შესაწირად გილონელი ახითოფელი, დავითის მრჩეველი დაიბარა აბესალომმა გილონიდან, მისი ქალაქიდან. უამრავმა ხალხმა იწყო დენა აბესალომისკენ და განმტკიცდა შეთქმულება.
- 13
მივიდა მაცნე დავითთან და უთხრა: "აბესალომს მიემხრო ისრაელი”.
- 14
უთხრა დავითმა ყველა თავის მსახურს, ვინც თან ახლდა იერუსალიმში: "ადექით და გავიქცეთ, თორემ ვერ გადავურჩებით აბესალომს. იჩქარეთ, რომ უცაბედად არ დაგვეცეს, თავს უბედურება არ დაგვატეხოს და მახვილს არ მისცეს ქალაქი”.
- 15
უთხრეს მეფეს მსახურებმა: "რაც არ უნდა გადაწყვიტოს მეფემ, ჩვენმა ბატონმა, აჰა, აქ ვართ, შენი მსახურნი”.
- 16
გავიდა მეფე და გაჰყვა მთელი სახლი. მხოლოდ ათი ხარჭა დატოვა სასახლის მისახედად.
- 17
გავიდა მეფე და მიჰყვა მთელი ხალხი. და დადგნენ ერთ განაპირა სახლში.
- 18
გვერდით მიჰყვებოდნენ მსახურები, ხოლო ქერეთელები, ფელეთელები და გითელები, ექვსასი კაცი, გითიდან რომ წამოჰყვა, წინ მიუძღოდნენ მეფეს.
- 19
უთხრა მეფემ ითაი გითელს: "შენ რატომ მოგვყვები? გაბრუნდი და დარჩი იმ მეფესთან, რადგან უცხოელი ხარ, შენი ქვეყნიდან გადმოსახლებული.
- 20
გუშინ მოხვედი და დღეს ვერ გაიძულებ ჩვენთან ერთად წამოსვლას. მე წავალ, სადაც იქნება, შენ გაბრუნდი და შენი ძმებიც თან გაიყოლე. წყალობა და სიმართლე იყოს შენთან!”
- 21
მიუგო ითაიმ მეფეს: "უფალს და მეფეს, ჩემს ბატონს ვფიცავ, სადაც არ უნდა წავიდეს მეფე, ჩემი ბატონი, სასიკვდილოდ თუ სასიცოცხლოდ, შენი მსახურიც იქ იქნება”.
- 22
უთხრა დავითმა ითაის: "კეთილი, გადმოდი მეორე მხარეს”. და წაჰყვა ითაი გითელი თავისი ხალხით და წვრილშვილით, ვინც მასთან იყო.
- 23
ხმამაღლა ტიროდა ქვეყანა და მიმავალი ხალხი. გადალახა მეფემ კედრონის ხევი და უდაბნოსკენ მიმავალ გზას დაადგა.
- 24
აჰა, ყველა ლევიანთან ერთად მოჰქონდა ცადოკს ღვთის აღთქმის კიდობანი. დაასვენეს ღვთის კიდობანი და იდგა აბიათარი მაღლობზე, ვიდრე მთლიანად არ გამოვიდა ხალხი ქალაქიდან.
- 25
უთხრა მეფემ ცადოკს: "დააბრუნე ქალაქში ღვთის კიდობანი. თუ მადლი მიპოვნია უფლის თვალში, ისევ დამაბრუნებს და კვლავ მახილვინებს მას და მის სამყოფელს.
- 26
თუ იტყვის, აღარ მინდიხარო, აჰა, აქ ვარ, მიყოს რაც ენებოს”.
- 27
უთხრა მეფემ ცადოკ მღვდელს: "განა წინასწარმეტყველი არა ხარ?! მშვიდობით დაბრუნდით ქალაქში, შენს ვაჟთან, ახიმაყაცთან, და აბითარის ვაჟთან იონათანთან ერთად, ორივე ვაჟთან ერთად.
- 28
აჰა, უდაბნოს ველზე დაველოდები, ვიდრე ამბავი არ მომივა თქვენგან”.
- 29
გააბრუნეს ცადოკმა და აბიათარმა ღვთის კიდობანი იერუსალიმში და იქ დარჩნენ.
- 30
დავითი კი ზეთისხილის მთას შეუდგა, ადიოდა და ტიროდა, თავდაბურული და ფეხშიშველი. მასთან მყოფ ყველა კაცს თავი ჰქონდა დაბურული და ქვითინით ადიოდნენ.
- 31
შეატყობინეს დავითს, აბესალომთან შეითქვაო ახითოფელიც და თქვა დავითმა: "უგუნურებად აქციე ახითოფელის რჩევა უფალო”.
- 32
ავიდა დავითი მთის წვერზე და თაყვანისცა ღმერთს. ხედავს, აჰა, მოდის ხუშაი არქელი სამოსელშემოხეული და თავზე მტვერწაყრილი.
- 33
უთხრა დავითმა: "თუ წამომყვები, ტვირთად დამაწვები.
- 34
მაგრამ თუ ქალაქში დაბრუნდები და ეტყვი აბესალომს: შენი მსახური ვარ, მეფეო. ადრე თუ მამაშენის მსახური ვიყავი, ამიერიდან შენი მსახური ვიქნები-თქო, ამით ახითოფელს ჩაუშლი გეგმას.
- 35
განა შენთან ერთად არ იქნებიან ცადოკი და აბიათარ მღვდლები? რასაც მეფის სასახლეში გაიგონებ, ცადოკსა და აბიათარ მღვდლებს შეატყობინე.
- 36
ორი ვაჟი ჰყავთ, ცადოკს - ახიმაყაცი და აბიათარს - იონათანი. რასაც გაიგებთ, მათი მეშვეობით მომაწვდინეთ”.
- 37
შევიდა დავითის მეგობარი ხუშაი ქალაქში და აბესალომიც შევიდა იერუსალიმში.