2 მეფეთა 1
- 1
მესამე დღეს მოვიდა საულის ბანაკიდან კაცი და აჰა, სამოსელი ჰქონდა შემოგლეჯილი და თავზე ნაცარი ეყარა. მივიდა დავითთან, მიწაზე დაემხო და თაყვანი სცა.
- 2
ჰკითხა დავითმა: "საიდან მოდიხარ?” მიუგო: "ისრაელის ბანაკიდან გამოვიქეცი”.
- 3
უთხრა დავითმა: "რა მოხდა, მიამბე!” უპასუხა: "ბრძოლის ველიდან გაიქცა ხალხი, ბევრია დაცემული და მკვდარი, საული და მისი ვაჟი იონათანიც დაიხოცნენ”.
- 4
უთხრა დავითმა ყმაწვილს, რომელმაც ამბავი მოუტანა: "საიდან იცი, რომ საული და მისი ვაჟი იონათანი დაიხოცნენ?”
- 5
და თქვა ყმაწვილმა კაცმა, ამბის მომტანმა: "შემთხვევით გილბოაყის მთაზე აღმოვჩნდი”, მიუგო ყმაწვილმა, "ვხედავ, შუბზეა საული დაგებული და აჰა, ეტლები და მხედრები უახლოვდებიან.
- 6
უკან მოიხედა, დამინახა და მიმიხმო. მივუგე, აქა ვარ, ბატონო-მეთქი.
- 7
მკითხა: "ვინ ხარ?” ვუპასუხე: "ყამალეკელი ვარ”.
- 8
მითხრა: მოდი და მომკალი! ვიტანჯები, რადგან ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ.
- 9
მეც დავადექი და მოვკალი, რადგან ვიცოდი, რომ ვეღარ იცოცხლებდა დამარცხების შემდეგ. მოვხადე გვირგვინი, თავზე რომ ეხურა, მოვხსენი სამაჯური, მკლავზე რომ ეკეთა და აქ მოვუტანე ჩემს ბატონს”.
- 10
ჩაბღუჯა თავისი სამოსელი დავითმა და შემოიგლიჯა; ასე მოიქცა ყველა, ვინც მასთან იყო.
- 11
გოდებდნენ და ტიროდნენ, საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ხალხისა და ისრაელის სახლის გამო, რადგან მახვილით დაეცნენ ისინი.
- 12
ჰკითხა დავითმა ყმაწვილ კაცს, რომელმაც ამბავი მოუტანა: "სადაური ხარ?” მიუგო: "ხიზანი ყამალეკელის შვილი ვარ”.
- 13
უთხრა დავითმა: "როგორ არ შეგეშინდა და ხელი როგორ აღმართე უფლის ცხებულის მოსაკლავად?”
- 14
დაუძახა დავითმა ერთ მსახურ ყმაწვილს და უთხრა: "მოდი და მოკალი ეს კაცი”. მანაც დაჰკრა და მოკლა.
- 15
თქვა დავითმა: "შენს თავზე იყოს შენივე სისხლი, რადგან შენმავე ბაგემ გამხილა, როცა თქვი, მე მოვკალიო უფლის ცხებული”.
- 16
ამ გოდებით გოდებდა დავითი საულსა და იონათანზე, მის ძეზე.
- 17
და ბრძანა, რომ საგალობელი ესწავლებინათ იუდას ხალხისთვის მშვილდზე. როგორც წერია იაშირის (მართალთა) წიგნში:
- 18
"შენს მაღლობებზე გაიგმირა შენი მშვენება, ისრაელო! როგორ დაეცნენ ვაჟკაცები!
- 19
ნუ იტყვით ამ ამბავს გათში, ნუ გამოაცხადებთ აშკელონის ქუჩებში, რომ არ გაიხარონ ფილისტიმელთა ასულებმა, არ იზეიმონ წინდაუცვეთელთა ასულებმა.
- 20
გილბოაყის მთებო! არ გეღირსოთ ცვარი და წვიმა, არც ნაყოფის მომტანი მინდვრები, რადგან მანდ შეიბილწა ვაჟკაცის ფარი, საულის ფარი, თითქოს არ ყოფილიყო ზეთით ცხებული!
- 21
არც განგმირულთა უსისხლოდ და არც ვაჟკაცთა ხორცის დაუგლეჯად უკან არ დაბრუნებულა იონათანის მშვილდი; ფუჭად არ დაბრუნებულა საულის მახვილი!
- 22
საული და იონათანი! სიცოცხლეშიც საამონი და საყვარელნი, სიკვდილშიაც განუყრელნი არიან! არწივზე სწრაფნი და ლომზე ძლიერნი!
- 23
ისრაელის ასულნო! დაიტირეთ საული, თქვენი შემმოსველი ძოწეულით და ძვირფასეულით, ოქროს სამკაულებით რომ გიმშვენებდათ სამოსელს.
- 24
როგორ დაეცნენ ვაჟკაცები ბრძოლაში! განგმირულია იონათანი შენს მაღლობებზე.
- 25
ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავ ჩემთვის, საკვირველი იყო შენი სიყვარული ჩემდამი, ქალის სიყვარულზე აღმატებული.
- 26
როგორ დაეცნენ ვაჟკაცები, როგორ განადგურდა საბრძოლო საჭურველი!”