2 მეფეთა 2
- 1
დაეკითხა ამის შემდეგ უფალს დავითი: "წავიდე იუდას რომელიმე ქალაქში?” უთხრა უფალმა: "წადი”. ჰკითხა დავითმა: "საით წავიდე?” უპასუხა: "ხებრონისკენ”.
- 2
წავიდა იქ დავითი და მასთან ერთად მისი ორი ცოლი: ახინოყამ იზრეყელელი და აბიგაილი, ქარმელელი ნაბალის ქვრივი.
- 3
მასთან მყოფი კაცებიც თან წაიყვანა დავითმა, თითოეული თავისი სახლეულით და ცხოვრობდნენ ისინი ხებრონის ქალაქებში.
- 4
მოვიდნენ იუდას კაცები და სცხეს იქ დავითი მეფედ იუდას სახლზე. და შეატყობინეს დავითს: გილყადის იაბეშელებმა დაკრძალესო საული.
- 5
მოციქულები გაგზავნა დავითმა გილყადის იაბეშელებთან და უთხრა: "კურთხეულიმც ყოფილიყავით უფლის მიერ, რომ ასეთი წყალობა გამოიჩინეთ საულის, თქვენი ბატონისადმი და დაკრძალეთ.
- 6
დაე, უფალიც წყალობითა და ჭეშმარიტებით მოგექცეთ; მეც სიკეთეს მოგაგებთ, რადგან აღასრულეთ ეს საქმე.
- 7
განიმტკიცეთ მკლავნი და ვაჟკაცურად იყავით, რადგან მოკვდა თქვენი ბატონი, საული; ახლა მე მცხო იუდას სახლმა თავის მეფედ”.
- 8
ამასობაში აბნერმა, ნერის ძემ, საულის მხედართმთავარმა, წაიყვანა იშბოშეთი, საულის ძე და მახანაიმში გადაიყვანა.
- 9
და გაამეფა იშბოშეთი გილყადსა და აშურზე, იზრეყელსა და ეფრემზე, ბენიამინსა და მთელ ისრაელზე.
- 10
ორმოცი წლის იყო იშბოშეთი, საულის ძე, როცა გამეფდა ისრაელზე; მხოლოდ ორი წელი იმეფა; იუდას სახლი კი დავითს გაჰყვა.
- 11
შვიდი წელი და ექვსი თვე მეფობდა დავითი ხებრონში, იუდას სახლზე.
- 12
მახანაიმიდან გაბაონისკენ გადავიდნენ აბნერ ნერის ძე და იშბოშეთის, საულის ძის ხალხი.
- 13
იოაბ ცერუიას ძეც გავიდა დავითის ხალხთან ერთად და გაბაონის წყალსატევთან შეხვდნენ მათ; ერთნი წყალსატევის აქეთა მხარეს განლაგდნენ, მეორენი - იქითა მხარეს.
- 14
უთხრა აბნერმა იოაბს: "გამოვიდნენ ჩვენი მეომრები და ჩვენს წინ შეებრძოლონ ერთმანეთს”. თქვა იოაბმა: "შეებრძოლონ”.
- 15
თორმეტი ბენიამინელი იშბოშეთის, საულის ძისგან გამოვიდა, თორმეტი კი - დავითის მსახურთაგან.
- 16
შეეჭიდნენ ერთმანეთს, მახვილები ჩასცეს ერთურთს ფერდებში და დაეცნენ ერთად; და უწოდეს გაბაონის იმ ადგილს, ხელკათ-ჰაცურიმ (მახვილთა ველი).
- 17
ულმობელი ბრძოლა გაიმართა იმ დღეს და დამარცხდა აბნერი ისრაელიანებთან ერთად დავითის მეომართა წინაშე.
- 18
ცერუიას სამი ძე იყო იქ: იოაბი, აბიშაი და ყასაელი. ველის ქურციკივით ფეხმარდი იყო ყასაელი.
- 19
დაედევნა ყასაელი აბნერს და არ გადაუხვევია მისი დევნისას არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
- 20
მოიხედა აბნერმა უკან და თქვა: "შენა ხარ, ყასაელ?” უპასუხა: "მე ვარ”.
- 21
უთხრა აბნერმა: "გადაუხვიე მარჯვნივ ან მარცხნივ, შეიპყარი ვინმე ჭაბუკი და წაართვი საჭურველი”. მაგრამ არ ინება ყასაელმა მისგან მოცილება.
- 22
კვლავ უთხრა აბნერმა ყასაელს: "მომცილდი, რომ არ შემომაკვდე; როგორღა შევხედო სახეში შენს ძმას, იოაბს?”
- 23
მაგრამ არ ინება მან მოცილება. მაშინ უკუსცა აბნერმა შუბი მუცელში და მეორე მხარეს გაატანა; დაეცა ყასაელი და იქვე მოკვდა; და ყველა, ვინც კი იმ ადგილას გამოივლიდა, ჩერდებოდა ყასაელის სიკვდილის ადგილზე.
- 24
მზის ჩასვლამდე მისდევდნენ იოაბი და აბიშაი აბნერის კვალს; და მივიდნენ ამმაჰის მაღლობზე, გიახის პირდაპირ, გაბაონის უდაბნოს გზაზე.
- 25
ზურგს უკან ამოუდგნენ აბნერს ბენიამინელნი, ერთ გუნდად შეიკრნენ და დადგნენ მაღლობის თხემზე.
- 26
დაუძახა აბნერმა იოაბს და უთხრა: "როდემდე უნდა ჭამოს მახვილმა? ნუთუ არ იცი, რომ მწარე იქნება ბოლო? რატომ არ ეტყვი ხალხს, რომ თავი დაანებოს თავის მოძმეთა დევნას?”
- 27
უპასუხა იოაბმა: "ცოცხალია ღმერთი, შენი ნათქვამი რომ არა, დილიდანვე შეწყვეტდა ხალხი თავის მოძმეთა დევნას”.
- 28
ჩაჰბერა იოაბმა საყვირს და შეწყვიტა ხალხმა ისრაელის დევნა და ბრძოლა.
- 29
მთელ იმ ღამეს იორდანეს ტრამალზე მიდიოდნენ აბნერი და მისი ხალხი, გადალახეს იორდანე, გაიარეს მთელი ბითრონი და მივიდნენ მახანაიმს.
- 30
დაბრუნდა იოაბი აბნერის დევნისგან და შეკრიბა მთელი ხალხი; ცხრამეტი კაცი აკლდა დავითის მსახურთაგან და ყასაელი.
- 31
სამას სამოცდაექვსი მებრძოლი განგმირეს დავითის მეომრებმა ბენიამინელთაგან და აბნერის ხალხისგან.
- 32
წაასვენეს ყასაელი და დაკრძალეს თავისი მამის აკლდამაში, ბეთლემში. მთელ ღამეს მიდიოდნენ იოაბი და მისი კაცები და განთიადისას მიაღწიეს ხებრონს.