მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

1 მეფეთა 31

  1. 1

    დაეწივნენ ფილისტიმელნი საულს და მის ძეებს და განგმირეს ფილისტიმელებმა იონათანი, აბინადაბი და მალქიშუაყი - საულის ძენი.

  2. 2

    სასტიკი ბრძოლა გაიმართა საულთან, ისრები დაჰკრეს მშვილდოსნებმა და მძიმედ დაიჭრა იგი.

  3. 3

    უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს: "იშიშვლე მახვილი და გამიყარე, თორემ მოვლენ ეს წინადაუცვეთელნი, მომკლავენ და შეურაცხმყოფენ”, მაგრამ არ გაუგონა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ აიღო საულმა მახვილი და ზედ დაეგო.

  4. 4

    დაინახა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, დაეგო ისიც მახვილს და მოკვდა მასთან ერთად.

  5. 5

    ერთად დაიხოცნენ საული, მისი სამი ძე, საჭურველთმტვირთველი და ყველა მისი კაცი იმ დღეს.

  6. 6

    დაინახეს ველს გაღმა და იორდანეს გაღმა მცხოვრებმა ისრაელიანებმა, რომ მოკვდნენ საული და მისი ძენი, მიატოვეს ქალაქები და გაიქცნენ; ფილისტიმელები კი მივიდნენ და ჩასახლდნენ იქ.

  7. 7

    მეორე დღეს, როცა მოკლულთა გასაძარცვად მივიდნენ ფილისტიმელნი, იპოვეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი სამი ძე.

  8. 8

    თავი მოჰკვეთეს საულს, საჭურველი ახსნეს და ფილისტიმელთა ქვეყანასა და მის შემოგარენში გააგზავნეს, რათა ხალხისთვის ეხარებინათ ეს ამბავი თავის საკერპეებში.

  9. 9

    საჭურველი ყაშთაროთის საკერპეში დადეს, ხოლო გვამი ბეთშანის გალავანზე მიაჭედეს.

  10. 10

    და გაიგეს გილყადის იაბეშის მცხოვრებლებმა, რაც გაუკეთეს ფილისტიმელებმა საულს;

  11. 11

    ადგა ყველა ვაჟკაცი, მთელი ღამე იარეს, ჩამოხსნეს საულისა და მისი ძეების გვამები ბეთ-შანის გალავნიდან, იაბეშში წაიღეს და დაწვეს.

  12. 12

    აიღეს მათი ძვლები და დაკრძალეს იაბეშის იალღუნის ქვეშ; და იმარხულეს შვიდი დღე.

  13. 13

    საულის სიკვდილის შემდეგ, დაბრუნდა ყამალეკზე გამარჯვებული დავითი და ციკლაგში დარჩა ორ დღეს.