მსაჯულნი 17
- 1
იყო კაცი ეფრემის მთიდან, სახელად მიქა ერქვა.
- 2
უთხრა დედამისს: "ათას ასი შეკელი ვერცხლი, შენგან რომ წაიღეს და რომლის გამოც ჩემს გასაგონად იწყევლებოდი, ჩემთანაა ეს ვერცხლი, მე ავიღე”. უპასუხა დედამისმა: "კურთხეულ იყავ შვილო, უფლის მიერ!”
- 3
და როცა დედამისს ათას ასი შეკელი ვერცხლი დაუბრუნა, უთხრა დედამისმა: "მთლიანად ვწირავ ამ ვერცხლს უფალს ჩემი ძისთვის, რათა კერპი ჩამოასხას და გამოკვეთოს, ამიტომ, კვლავ შენ გიბრუნებ ახლა”.
- 4
როცა დაუბრუნა ფული დედამისს, აიღო დედამ ორასი შეკელი ვერცხლი და მისცა გადამდნობელს, რომელმაც ქანდაკება ჩამოასხა და გამოკვეთა; და იდგა იგი მიქას სახლში.
- 5
ამ კაცს, მიქას, ღმერთების სახლი ჰქონდა. გაიკეთა ეფოდი და საოჯახო კერპები, აკურთხა თავისი ერთ-ერთი ძე და მღვდლად დაიყენა.
- 6
იმ დღეებში მეფე არ იყო ისრაელში და თითოეული იმას აკეთებდა, რაც თვითონ მიაჩნდა სამართლიანად.
- 7
ცხოვრობდა იქ ერთი იუდეველი ჭაბუკი, ლევიანი იყო, ბეთლემიდან.
- 8
წამოვიდა ეს კაცი იუდას ბეთლემიდან, რათა იქ ეცხოვრა, სადაც მოუხერხდებოდა. გზად მიმავალი, ეფრემის მთებში, მიქას სახლს მიადგა.
- 9
ჰკითხა მას მიქამ: "საიდან მოდიხარ?” უპასუხა: "ლევიანი ვარ, იუდას ბეთლემიდან, საცხოვრებელ ადგილს ვეძებ”.
- 10
უთხრა მიქამ: "დარჩი ჩემთან და გამიხდი მამად და მღვდლად; ვერცხლის ათ შეკელს მოგცემ წელიწადში, საზრდოსა და სამოსელთან ერთად”.
- 11
დათანხმდა ლევიანი იმ კაცთან ცხოვრებას და გახდა ჭაბუკი, როგორც ერთი მისი ძეთაგანი.
- 12
განაწესა მიქამ ლევიანი; და გახდა ჭაბუკი მისი მღვდელი და ცხოვრობდა მიქას სახლში.
- 13
ამბობდა მიქა: "ახლა კი ვიცი, რომ სიკეთეს მომაგებს უფალი, რადგან ლევიანი მყავს მღვდლად”.