მსაჯულნი 16
- 1
ჩავიდა სამსონი ღაზაში, ნახა იქ ერთი მეძავი ქალი და შევიდა მასთან.
- 2
შეატყობინეს ღაზელებს: "სამსონი ჩამოსულა აქ”. და გარს უვლიდნენ და მთელი ღამე დარაჯობდნენ ქალაქის კარიბჭესთან, ჩასაფრებულნი იყვნენ და ამბობდნენ: "ინათებს თუ არა მოვკლავთ”.
- 3
შუაღამემდე ეძინა სამსონს, შუაღამით ადგა, ხელი ჩაავლო ქალაქის კარიბჭის ორივე სვეტს და ურდულიანად ამოგლიჯა, გაიდო მხარზე და ხებრონის გადაღმა მთის წვერზე აიტანა.
- 4
ამის შემდეგ ერთი ქალი შეიყვარა სორეკის ხეობაში, სახელად დალილა.
- 5
მიადგნენ ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: "აცდუნე და ათქმევინე, საიდან აქვს ეს დიდი ძალა და რა უნდა ვიღონოთ მის შესაკრავად, რომ დავიმორჩილოთ; სამაგიეროდ თითოეული ჩვენგანი ვერცხლის ათას ას შეკელს მოგცემს”.
- 6
უთხრა სამსონს დალილამ: "გთხოვ, მითხარი, საიდან გაქვს ეს დიდი ძალა და რითი უნდა შეგკრას კაცმა, რომ დაგიმორჩილოს?”
- 7
უთხრა სამსონმა: "შვიდი ახალთახალი, გამოუმშრალი ლარით რომ შემკრან, დავუძლურდები და სხვების მსგავსი გავხდები”.
- 8
მიუტანეს დალილას ფილისტიმელმა მთავრებმა შვიდი ახალთახალი, გამოუმშრალი ლარი და შეკრა დალილამ სამსონი.
- 9
შიდა ოთახებში კი ხალხი ჰყავდა ჩასაფრებული. უთხრა დალილამ სამსონს: "ფილისტიმელები დაგესხნენ თავს, სამსონ!” და ისე დაწყვიტა სამსონმა ლარები, როგორც მომწვარი ძენძის ძაფი წყდება ხოლმე. ვერ ამოიცნეს მისი ძალა.
- 10
უთხრა დალილამ სამსონს: "აჰა, დამცინე და მომატყუე; ახლა მაინც მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა?”
- 11
სამსონმა უთხრა: "ახალთახალი, უხმარი თოკებით რომ შემკრან, დავუძლურდები და სხვების მსგავსი გავხდები”.
- 12
აიღო დალილამ ახალთახალი, უხმარი თოკები, შეკრა იგი და უთხრა: "ფილისტიმელები დაგესხნენ თავს, სამსონ!” შიდა ოთახში კი ხალხი იყო ჩასაფრებული; და ძაფივით შემოიწყვიტა თოკები მკლავებზე.
- 13
უთხრა დალილამ სამსონს: "აქამდე ხომ დამცინოდი და მატყუებდი; მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა?” უთხრა სამსონმა: "თუ ჩემი თმის შვიდ ნაწნავს საძახველს ჩააგრეხ, მაშინ დავუძლურდები და სხვების მსგავსი გავხდები”.
- 14
ეძინა სამსონს, ადგა დალილა და მისი შვიდი ნაწნავი საძახავს ჩააგრიხა, პალოზე მიაბა და ხმამაღლა დაიძახა: "ფილისტიმელები დაგესხნენ თავს, სამსონ!” გამოეღვიძა სამსონს და მოგლიჯა საძახავის პალოცა და ნაძახიც.
- 15
უთხრა დალილამ: "როგორღა მეუბნები, მიყვარხარო, თუ შენი გული ჩემთან არ არის? აი, სამჯერ დამცინე და არ მითხარი, საიდან გაქვს ეგ დიდი ძალა”.
- 16
რაკი ყოველდღე ამ სიტყვებით ჩასჩიჩინებდა და ეხვეწებოდა, სასიკვდილოდ შეუწუხა სული.
- 17
გაუმხილა ყველაფერი, რაც გულში ჰქონდა. უთხრა მას: "სამართებელი არ შემხებია თავზე, დედაჩემის მუცლიდანვე ღვთის მოწმიდარი ვარ, თავი რომ გადამპარსონ, ძალა გამომეცლება, დავუძლურდები და სხვების მსგავსი გავხდები”.
- 18
იხილა დალილამ, რომ გული გადაუხსნა; მოუხმო ფილისტიმელთა მთავრებს და უთხრა: "ერთხელ კიდევ ამოდით, რადგან ყველაფერი გამიმხილა, რაც გულში ჰქონდა”. ავიდნენ ფილისტიმელთა მთავრები და ვერცხლიც აუტანეს საკუთარი ხელით.
- 19
კალთაში ჩააძინა სამსონი დალილამ, კაცი იხმო და მისი თმის შვიდივე ნაწნავი მოაპარსვინა; იწყო სამსონმა დაკნინება, და გამოეცალა ძალა.
- 20
თქვა დალილამ: "ფილისტიმელები დაგესხნენ თავს სამსონ!” გაიღვიძა და თქვა: "წინანდებურად გავალ და დავიხსნი თავს”. არ იცოდა, რომ განშორდა უფალი.
- 21
შეიპყრეს ფილისტიმელებმა და დასთხარეს თვალები. ჩაიყვანეს ღაზაში, სპილენძის ჯაჭვებით შეკრეს და ფქვავდა იგი საპყრობილეში.
- 22
ამასობაში წამოზრდა იწყო მისმა თმამ, მას შემდეგ, რაც გაპარსულ იქნა.
- 23
შეიკრიბნენ ფილისტიმელთა მთავრები, რათა ემხიარულათ და დიდი მსხვერპლი შეეწირათ დაგონისთვის, თავიანთი ღმერთისთვის, ამბობდნენ: "ხელში ჩაგვიგდო ჩვენმა ღმერთმა სამსონი, ჩვენი მტერი”.
- 24
და რა იხილა ხალხმა იგი, განადიდა თავისი ღმერთი და თქვა: "ხელში ჩაგვიგდო ჩვენმა ღმერთმა ჩვენი მტერი და ჩვენი ქვეყნის ამაოხრებელი, რომელმაც მრავალი ჩვენგანი მოსრა”.
- 25
და როცა გუნებაზე მოვიდნენ, თქვეს: "მოუხმეთ სამსონს, რომ გაგვართოს”. და გამოიყვანეს სამსონი საპყრობილედან, სვეტებს შორის დააყენეს და ამ სანახაობით ერთობოდნენ.
- 26
უთხრა სამსონმა ჭაბუკს, რომელსაც ხელჩაკიდებული დაჰყავდა: "იმ სვეტებზე დამადებინე ხელი, რომლებზედაც სახლი დგას, რომ მივეყუდო”.
- 27
სახლი კაცებითა და ქალებით იყო სავსე, ფილისტიმელთა ყველა მთავარი იქ იყო თავმოყრილი, სამი ათასამდე კაცი და ქალი ერდოზე იყო გასული და სამსონის ყურებით ერთობოდნენ.
- 28
მოუხმო სამსონმა უფალს და თქვა: "უფალო ღმერთო, ხელახლა გამიხსენე და ერთხელ კიდევ გამაძლიერე, ღმერთო! ერთბაშად რომ ვიძიო შური ფილისტიმელებზე ჩემი ორი თვალის გამო”.
- 29
და მოეჭიდა სამსონი ორ შუათანა სვეტს, რომლებზეც სახლი იდგა, ერთს მარჯვენა ხელი მიაყრდნო, მეორეს მარცხენა.
- 30
თქვა სამსონმა: "დაე, მოვკვდე ფილისტიმელებთან ერთად!” და მთელი ძალით მიაწვა. თავზე ჩამოემხოთ სახლი მთავრებსა და შიგმყოფ ხალხს; და დახოცილები, სამსონმა რომ დახოცა თავისი სიკვდილისას, იმაზე მეტნი იყვნენ, სიცოცხლეში რომ ჰყავდა დახოცილი.
- 31
ჩავიდნენ მისი ძმები და მამამისის მთელი სახლეული, წამოასვენეს და დამარხეს იგი ცორყასა და ეშთაოლს შორის, მამამისის, მანოახის სამარხში. ოც წელს განსჯიდა სამსონი ისრაელს.