მსაჯულნი 18
- 1
იმ დღეებში მეფე არ ჰყავდა ისრაელს; იმ დროს დანის ტომი თავის წილხვედრ მიწას დაეძებდა დასამკვიდრებლად, რომ იქ დასახლებულიყო, რადგან ჯერაც არ ჰქონდათ მიღებული დანის ძეებს თავისი წილი ისრაელის ტომთა შორის.
- 2
ხუთი კაცი გაგზავნეს დანის ძეებმა თავიანთი ტომიდან ქვეყნის დასაზვერად და გამოსაკვლევად. მამაცი კაცები იყვნენ ცორყადან და ეშთაოლიდან. უთხრეს: "წადით და გამოიკვლიეთ ქვეყანა”. და მივიდნენ კაცები ეფრემის მთაზე მიქას სახლთან და იქ გაათიეს ღამე.
- 3
ეცნოთ ყმაწვილი ლევიანის ხმა მიქას სახლთან ყოფნისას, შევიდნენ და უთხრეს: "აქ ვინ მოგიყვანა, ამ ადგილას რას აკეთებ, ან აქ რა გინდა?”
- 4
მიუგო: "ასე და ასე მომირიგდა მიქა, დამიქირავა და მღვდლად გავუხდი”.
- 5
უთხრეს: "გთხოვთ, ჰკითხე ღმერთს, გვინდა ვიცოდეთ წარმატებული იქნება თუ არა ჩვენი გზა, რომელსაც ვადგავართ?”
- 6
უთხრა მათ მღვდელმა: "მშვიდობით წადით; უფლის წინაშეა თქვენი გზა, რომელსაც ადგახართ”.
- 7
და წავიდა ეს ხუთი კაცი, მივიდა ლაიშში და ნახა უზრუნველად მცხოვრები ხალხი, ციდონელთა მსგავსი, მშვიდი და უსაფრთხო, ქვეყანაზე არავინ აწუხებს და არავინ ებატონება, ციდონელებისგან შორს მკვიდრობს და კაციშვილთან საქმე არა აქვს.
- 8
და დაბრუნდნენ თავის ძმებთან ცორყაში და ეშთაოლში. ჰკითხეს ძმებმა: "რას იტყვით?”
- 9
უპასუხეს: "ადექით და გავილაშქროთ მათზე, რადგან ვნახეთ მათი ქვეყანა და, აჰა, ძალიან კარგია. რაღას ელით? ნუღარ დააყოვნებთ, წადით იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად.
- 10
როდესაც წახვალთ, უზრუნველ ხალხთან მიხვალთ; მიწაც ფართოა და ღმერთმა ხელში ჩაგიგდოთ ის. ისეთი ნაყოფიერი ადგილია, რომ არაფერი აკლია ქვეყანაზე”.
- 11
და გამოვიდა დანის ტომის საგვარეულოთაგან, ცორყადან და ეშთალონიდან, ექვსასი კაცი, საბრძოლო იარაღით აღჭურვილი.
- 12
ავიდნენ და კირიათ-იერაყიმში, იუდაში დაბანაკდნენ, ამიტომ უწოდებენ დღემდე ამ ადგილს დანის ბანაკს. ეს ადგილი კირიათ-იეყარიმის უკანაა.
- 13
იქიდან ეფრემის მთაზე ავიდნენ და მიქას სახლამდე მივიდნენ.
- 14
ხუთმა კაცმა, ლაიშის ქვეყნის დასაზვერად რომ იყო წასული, უთხრა მოძმეებს: "თუ იცით, რომ ამ სახლებიდან ერთ-ერთში ეფოდი ინახება, ასევე საოჯახო კერპები, თერაფიმი და ჩამოსხმული კერპი. ახლა მოიფიქრეთ, როგორ მოვიქცეთ?”
- 15
გადაუხვიეს გზიდან, მივიდნენ ყმაწვილი ლევიანის სახლში, მიქას სახლში და მოიკითხეს მშვიდობით.
- 16
ხოლო საბრძოლო იარაღით აღჭურვილი ექვსასი დანისტომელი კაცი, ჭიშკართან დადგა.
- 17
ავიდა ის ხუთი კაცი, ქვეყნის დასაზვერად რომ იყო წასული, შევიდა შიგნით, აიღო ეფოდი, საოჯახო კერპები, თერაფიმი და ჩამოსხმული კერპი; მღვდელი კი ჭიშკართან იდგა და მასთან ერთად ექვსასი საბრძოლო იარაღით აღჭურვილი კაცი.
- 18
მიქას სახლში შევიდნენ ისინი და აიღეს ეფოდი, საოჯახო კერპები, თერაფიმი და ჩამოსხმული კერპი; და ჰკითხა მღვდელმა: "რას აკეთებთ?”
- 19
უთხრეს: "გაჩუმდი, პირზე ხელი აიფარე და გამოგვყევი, გაგვიხდი მამად და მღვდლად. რა გირჩევნია, ერთი კაცის და ერთი ოჯახის მღვდლობა, თუ ისრაელის ტომისა და საგვარეულოს მღვდლობა?”
- 20
და გაიხარა მღვდლის გულმა, აიღო ეფოდი, საოჯახო კერპები, თერაფიმი, ჩამოსხმული კერპი და ხალხს შეუერთდა.
- 21
გაბრუნდნენ და წავიდნენ, ბავშვები, პირუტყვი და ქონება წინ გაუშვეს.
- 22
გამოცილებულები იყვნენ მიქას სახლს, რომ შეიკრიბნენ მიქას კარის მეზობლები და დაედევნენ დანის ძეებს,
- 23
მიჰყვიროდნენ დანის ძეებს. მობრუნდნენ დანის ძეები და უთხრეს მიქას: "რა დაგემართა, რას შეკრებილხართ?”
- 24
უთხრა მიქამ: "ჩემი გაკეთებული კერპები გაიტაცეთ, ჩემი მღვდელი წაიყვანეთ და წახვედით, მეტი რაღა დამრჩენია? როგორღა მეკითხებით, რა დაგემართაო?!”
- 25
უთხრეს დანის ძეებმა: "ნუღარ გაგვაგონებ შენს ხმას, თორემ დაგეცემიან ჩვენ შორის მყოფი განრისხებული კაცები და სიცოცხლეს დაკარგავ შენც და შენი სახლეულიც”.
- 26
წავიდნენ დანის ძენი თავისი გზით; და დაინახა მიქამ, რომ მასზე ძლიერები არიან ისინი, გატრიალდა და დაბრუნდა სახლში.
- 27
წაიღეს მიქას ნაკეთობანი და მისი მღვდელიც თან წაიყვანეს, მივიდნენ ლაიშში მშვიდ და უზრუნველ ხალხთან, მახვილის პირით მოსრეს ისინი და ცეცხლს მისცეს ქალაქი.
- 28
არ ჰყავდათ მხსნელი, რადგან შორს იყო ციდონისგან და კაციშვილთან არ ჰქონდათ საქმე. ველზე მდებარეობდა ბეთ-რეხობის მახლობლად. და ააშენეს ქალაქი და ცხოვრობდნენ მასში.
- 29
უწოდეს ქალაქს სახელად დანი, მათი მამის, ისრაელის ძის, დანის გამო, თავდაპირველად კი ქალაქს ლაიში ერქვა.
- 30
და აღმართეს ქანდაკება თავისთვის დანის ძეებმა; და იონათანი, გერშომის ძე, მენაშეს ძისა, ის და მისი ძენი იყვნენ დანის ძეთა ტომის მღვდლები, სანამ ტყვეობაში აღმოჩნდა ქვეყანა.
- 31
და ედგათ მიქას გაკეთებული ქანდაკება მთელი ის ხანი, სანამ შილოში იყო ღმერთის სახლი.