მსაჯულნი 12
- 1
შეიკრიბნენ ამის შემდეგ ეფრემის კაცები, გადავიდნენ ცაფონში და უთხრეს იფთახს: "ყამონის ძეებთან საომრად რომ მიდიოდი, ჩვენ რატომ არ დაგვიძახე? სახლკარიანად ამოგბუგავთ”.
- 2
უთხრა მათ იფთახმა: "მე და ჩემს ხალხს დიდი მტრობა გვქონდა ყამონის ძეებთან, დაგიძახეთ, მაგრამ არ მიხსენით მათი ხელიდან.
- 3
როცა დავინახე, რომ არ დამიხსნიდით, გავბედე, წავედი ყამონის ძეთა წინააღმდეგ და ხელში ჩამიგდო ისინი ღმერთმა. რაღად გამოხვედით დღეს ჩემთან საომრად?”
- 4
შეკრიბა იფთახმა გილყადის ყველა მკვიდრი და ბრძოლა გაუმართა ეფრემს, და მოსრეს გილყადელებმა ეფრემი, რადგან ამბობდნენ: გილყადელები ეფრემის ლტოლვილნი არიანო. ეფრემსა და მენაშეს შორისააო გილყადი.
- 5
და გადაუჭრეს გილყადელებმა ეფრემს იორდანეზე გადასასვლელი გზები; და როცა რომელიმე გაქცეული ეფრემელი ითხოვდა, იორდანეს გადმოვლახავო, ჰკითხავდნენ გილყადელი კაცები, შენ ხომ ეფრემიანი ხარო? თუ იუარებდა,
- 6
ეტყოდნენ: "აბა თქვი "შიბოლეთ”. თუ იტყოდა "სიბოლეთ”, რადგან სხვაგვარად არ შეეძლო, მაშინ შეიპყრობდნენ და კლავდნენ იორდანეს გადასასვლელთან. ორმოცდაორი ათასი კაცი დაეცა იმ დროს ეფრემიდან.
- 7
ექვსი წელი განსჯიდა იფთახი ისრაელს; მოკვდა გილყადელი იფთახი და დამარხეს გილყადის ერთ-ერთ ქალაქში.
- 8
მის შემდეგ ბეთლემელი იბცანი განსჯიდა ისრაელს.
- 9
ოცდაათი ვაჟი ჰყავდა და ოცდაათი ასული. ასულები ტომის გარეთ გაათხოვა, ოცდაათი ქალი გარედან მოუყვანა თავის ვაჟებს და შვიდი წელი განსჯიდა ისრაელს.
- 10
მოკვდა იბცანი და დაიმარხა ბეთლემში.
- 11
მის შემდეგ ელონ ზებულონელი განსჯიდა ისრაელს, ათ წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში.
- 12
მოკვდა ელონ ზებულონელი და დაიმარხა იალონში, ზებულონის მიწაზე.
- 13
მის შემდეგ ყაბდონი განსჯიდა ისრაელს, ფირყათონელი ჰილელის ძე.
- 14
ორმოცი ძე ჰყავდა და ოცდაათი შვილიშვილი, სამოცდაათ ჩოჩორზე ამხედრებული. რვა წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში.
- 15
მოკვდა ყაბდონი, ფირყათონელი ჰილელის ძე და დაიმარხა ფირყათონს, ეფრემის მიწაზე, ყამალეკის მთაზე.