მსაჯულნი 11
- 1
მამაცი კაცი იყო გილყადელი იფთახი, მეძავი ქალის ძე იყო და გილყადმა შვა იფთახი.
- 2
გილყადის ცოლმაც შვა ძეები. დაიზარდნენ მისი ცოლის ძენი, გააძევეს იფთახი და უთხრეს: "ვერ დაიმკვიდრებ მამაჩვენის სახლს, რადგან სხვა ქალის ძე ხარ”.
- 3
გაექცა იფთახი თავის ძმებს და ტობის ქვეყანაში დამკვიდრდა; უღირსმა კაცებმა მოიყარეს თავი იფთახთან და თარეშობდნენ მასთან ერთად.
- 4
რამდენიმე ხნის შემდეგ ყამონელები შეებრძოლნენ ისრაელს.
- 5
როცა ყამონის ძენი შეებრძოლნენ ისრაელს, წავიდნენ გილყადელი უხუცესები ტობის ქვეყნიდან იფთახის წამოსაყვანად.
- 6
უთხრეს: "მოდი და დაგვიდექი მეთაურად, რომ ვეომოთ ყამონელებს”.
- 7
უთხრა იფთახმა გილყადის უხუცესებს: "ხომ მომიძულეთ და გამაძევეთ მამაჩემის სახლიდან, ახლა რაღად მოხვედით, როცა გაგიჭირდათ?”
- 8
და მიუგეს გილყადის უხუცესებმა: "იმიტომ მოვედით, რომ წამოხვიდე, ყამონელებს შეება და გილყადის ყველა მკვიდრის მეთაური გახდე”.
- 9
უთხრა იფთახმა გილყადის უხუცესებს: "თუ წამოვედი ყამონელებთან საბრძოლველად და ხელში ჩამიგდო ისინი უფალმა, კვლავ დავრჩები თქვენს მეთაურად?
- 10
უპასუხეს გილყადის უხუცესებმა: "უფალი იყოს მოწმე ჩვენ შორის, თუ შენი სიტყვისამებრ არ მოვიქცეთ”.
- 11
გაჰყვა იფთახი გილყადის უხუცესებს და მეთაურად და წინამძღოლად დანიშნა ხალხმა; და თქვა იფთახმა ყველა ეს სიტყვა უფლის წინაშე, მიცფაში.
- 12
მოციქულნი გაგზავნა იფთახმა ყამონელთა მეფესთან და შეუთვალა: "რა გვაქვს გასაყოფი მე და შენ, საომრად რომ მოსულხარ ჩემს მიწაზე?”
- 13
უპასუხა ყამონელთა მეფემ იფთახის წარგზავნილებს: "ჩემი ქვეყანა მიითვისა ისრაელმა ეგვიპტიდან გამოსვლისას, არნონიდან - იაბოკამდე და იორდანემდე; ახლა მშვიდობით დამიბრუნე ისინი”.
- 14
და კვლავ გაგზავნა იფთახმა მოციქულები ყამონელთა მეფესთან.
- 15
უთხრეს, ასე ამბობსო იფთახი: "არ მიუთვისებია ისრაელს მოაბისა და ყამონის მიწა,
- 16
რადგან ეგვიპტიდან რომ გამოვიდა, უდაბნოში წავიდა ისრაელი წითელ ზღვამდე და კადეშში მივიდა.
- 17
მოციქულები გაგზავნა ისრაელმა ედომის მეფესთან და შეუთვალა: გთხოვ, შენს ქვეყანაზე გავლის უფლება მომეციო, მაგრამ არ ისმინა ედომის მეფემ; მოაბის მეფესთანაც მიგზავნა მოციქულები, მაგრამ არც მან ინება; და დამკვიდრდა ისრაელი კადეშში.
- 18
წავიდა უდაბნოში და შემოუარა ედომისა და მოაბის ქვეყნებს. მოვიდა მოაბის ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვართან და დაიბანაკა არნონის გაღმა, არ გადაულახავს მოაბის საზღვარი, რადგან არნონი იყო მისი საზღვარი.
- 19
გაუგზავნა ისრაელმა მოციქულები სიხონს, ამორელთა მეფეს, ხეშბონის მეფეს და შეუთვალა: "გთხოვ, გამატარო შენს ქვეყანაზე, რათა მივიდე ჩემს ადგილამდე!”
- 20
არ დართო სიხონმა ნება ისრაელს, რომ გაევლო მის ქვეყანაზე; შეკრიბა სიხონმა მთელი თავისი ხალხი, დაიბანაკეს იაჰცაში და შეებრძოლნენ ისრაელს.
- 21
ხელში ჩაუგდო უფალმა, ისრაელის ღმერთმა, სიხონი და მთელი მისი ხალხი ისრაელს და მოსრეს ისინი. ასე დაიმკვიდრა ისრაელმა ამორელთა მთელი ქვეყანა;
- 22
და დაიმკვიდრეს ამორელთა მთელი საზღვარი არნონიდან იაბოკამდე და უდაბნოდან იორდანემდე.
- 23
აჰა, უფალმა, ისრაელის ღმერთმა, განდევნა ამორელნი თავისი ხალხის, ისრაელის პირისგან და შენ ეცილები?
- 24
განა იმას არ ფლობ, რაც ქემოშმა, შენმა ღმერთმა, მოგცა? ჩვენ კი, ვისაც უფალი, ჩვენი ღმერთი, განდევნის ჩვენგან, იმას ვიმკვიდრებთ.
- 25
განა სჯობნი ბალაკ ციფორის ძეს, მოაბის მეფეს? განა შეწინააღმდეგებია ისრაელს ან უომია მასთან?
- 26
უკვე სამასი წელია, რაც ხეშბონსა და მის სოფლებში, ყაროყერსა და მის სოფლებში და არნონის ყველა ქალაქში მკვიდრობს ისრაელი. ამდენ ხანს რატომ არ დაიბრუნე ისინი?
- 27
მე არაფერი დამიშავებია შენთვის, შენ კი - ბოროტს სჩადიხარ, საომრად რომ მოდიხარ ჩემთან. დაე, უფალმა, რომელიც მსაჯულია, განსაჯოს ამ დღეს ისრაელიანთა და ყამონელთა შორის!”
- 28
და არ შეისმინა ყამონელთა მეფემ იფთახის შეთვლილი სიტყვები.
- 29
უფლის სული გადმოვიდა იფთახზე; გაიარა გილყადი და მენაშე, გაიარა გილყადის მიცფა და იქიდან გავიდა ყამონელთა წინააღმდეგ.
- 30
აღთქმა დაუდო უფალს იფთახმა: "თუ ხელში ჩამიგდებ ყამონის ძეებს
- 31
და შინ მშვიდობით დამაბრუნებ ყამონელთაგან, ვინც პირველი გამომეგებება ჩემი სახლის კარიდან, უფლისთვის იქნება და სრულადდასაწველად აღვავლენ მას”.
- 32
გაემართა იფთახი ყამონელებთან საომრად და ხელში ჩაუგდო უფალმა ისინი.
- 33
წარხოცა ისინი ყაროყერიდან მინითის შესასვლელამდე - ოცი ქალაქი და აბელ-ქერამიმამდე - დიდი მოსვრით; და დამორჩილდნენ ყამონელები ისრაელის ძეთა წინაშე.
- 34
დაუბრუნდა იფთახი მიცფას, თავის სახლს და, აჰა, თავისი ასული გამოეგება სიმღერითა და ცეკვით; ის ერთი ჰყავდა იფთახს, მის გარდა არც ძე ჰყავდა და არც ასული.
- 35
მის დანახვაზე შემოიხია იფთახმა სამოსი და თქვა: "ვაიმე, შვილო! შენ დამღუპე, შენ დამატეხე უბედურება; სიტყვა მივეცი უფალს და არ ძალმიძს მისი უარყოფა”.
- 36
უთხრა ასულმა: "მამა, თუ სიტყვა მიეცი უფალს, უნდა აღასრულო, რადგან შენი ხელით იძია შური უფალმა მტრებზე, ყამონის ძეებზე”.
- 37
უთხრა მამამისს: "ოღონდ ერთი თხოვნა შემისრულე: გამიშვი ორი თვით, წავალ მთაში და ჩემს მეგობარ ყმაწვილქალებთან ერთად გამოვიტირებ ჩემს ქალწულობას”.
- 38
უთხრა იფთახმა: "წადი” და გაუშვა იგი ორი თვით. ისიც წავიდა თავის მეგობარ ყმაწვილქალებთან ერთად და იგლოვა მთებში თავისი ქალწულობა.
- 39
ორი თვის დასასრულს დაბრუნდა მამასთან და აღასრულა იფთახმა თავისი აღთქმა, რომელიც დადებული ჰქონდა; არ შეუცვნია მას მამაკაცი. და წესად იქცა ეს ისრაელში:
- 40
წლიდან წლამდე, წელიწადში ოთხ დღეს გადიოდნენ ისრაელის ასულნი გილყადელი იფთახის ასულის გამოსაგლოვად.