მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

მსაჯულნი 13

  1. 1

    კვლავ ბოროტად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის წინაშე; დასაჯა ისინი უფალმა და ორმოცი წლით გადასცა ფილისტიმელთა ხელს.

  2. 2

    იყო ერთი კაცი ცორყადან, დანის ტომიდან, მანოახი ერქვა; ცოლი ბერწი ჰყავდა, შვილს ვერ აჩენდა.

  3. 3

    გამოეცხადა ამ ქალს უფლის ანგელოზი და უთხრა: "აჰა, ბერწი ხარ, შვილი არ გიშვია, მაგრამ დაორსულდები და ძეს შობ.

  4. 4

    ახლა გაფრთხილდი, ღვინოსა და მაგარ სასმელს ნუ დალევ და უწმიდური არაფერი ჭამო.

  5. 5

    რადგან დაორსულდები და ძეს გააჩენ. სამართებელი ნუ შეეხება მის თავს, ვინაიდან ღვთის მოწმიდარი იქნება ეს ყრმა მუცლიდანვე; და ის დაიწყებს ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან”.

  6. 6

    მივიდა ცოლი და უთხრა თავის ქმარს: "ღვთისკაცი მოვიდა ჩემთან, ღვთის ანგელოზის შეხედულება ჰქონდა, ფრიად შემაძრწუნებელი; არ მიკითხავს, საიდან იყო და არც მას უთქვამს თავისი სახელი.

  7. 7

    მითხრა: დაორსულდები და ძეს გააჩენო; ახლა გაფრთხილდი, ღვინოსა და მაგარ სასმელს ნუ დალევ და უწმიდური არაფერი ჭამო, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნებაო ეს ყრმა მუცლიდან სიკვდილამდე”.

  8. 8

    ილოცა მანოახმა უფლის წინაშე და თქვა: "გევედრები, უფალო! ღვთისკაცი, რომელიც მოავლინე, კვლავ მოვიდეს და გვასწავლოს, რა ვუყოთ შობილ ყრმას”.

  9. 9

    შეისმინა ღმერთმა მანოახის ხმა და ისევ მოვიდა ღვთის ანგელოზი ქალთან; მდელოზე იჯდა, ხოლო მანოახი, მისი ქმარი, მასთან არ იყო.

  10. 10

    ისწრაფა ქალმა, გაიქცა და უთხრა ქმარს: "აჰა, გამომეცხადა ის კაცი, იმ დღეს რომ მელაპარაკა”.

  11. 11

    ადგა, გაჰყვა თავის ცოლს მანოახი, მივიდა იმ კაცთან და უთხრა: "შენ ხარ ის კაცი, ჩემს ცოლს რომ ელაპარაკა?” უპასუხა: "მე ვარ”.

  12. 12

    უთხრა მანოახმა: "აჰა, როცა ახდება შენი სიტყვები, როგორ მოვექცეთ და რა ვუყოთ ყრმას?”

  13. 13

    უთხრა მანოახს უფლის ანგელოზმა: "მოერიდოს ყველაფერს, რაც ამ ქალს ვუთხარი.

  14. 14

    ვაზისგან მოწეული არაფერი ჭამოს, ღვინო და მაგარი სასმელი არ დალიოს და უწმიდური არაფერი შეჭამოს; დაიცვას ყოველივე, რაც ვუბრძანე”.

  15. 15

    უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: "დაყოვნდი გევედრები, სანამ თიკანს მოგიმზადებდეთ”.

  16. 16

    უპასუხა მანოახს უფლის ანგელოზმა: "რომც დავყოვნდე, მაინც არ შევჭამ შენს პურს; თუ გინდა უფალს აღუვლინე სრულადდასაწველი”. რადგან არ იცოდა მანოახმა, რომ უფლის ანგელოზი იყო იგი.

  17. 17

    ჰკითხა მანოახმა უფლის ანგელოზს: "რა არის შენი სახელი? როცა ასრულდება შენი სიტყვა, პატივს მოგაგებთ”.

  18. 18

    უპასუხა უფლის ანგელოზმა: "სახელს რატომ მეკითხები? საკვირველია იგი”.

  19. 19

    და აიყვანა მანოახმა თიკანი, პურეული ძღვენი და კლდეზე აღუვლინა უფალს, სასწაული მოახდინა ანგელოზმა, მანოახი და მისი ცოლი კი უყურებდნენ:

  20. 20

    როცა სამსხვერპლოდან ალი ავარდა ზეცისკენ, ალს აჰყვა უფლის ანგელოზი და ამაღლდა; და დაინახეს ეს მანოახმა და მისმა ცოლმა და პირქვე დაემხნენ.

  21. 21

    გაუჩინარდა უფლის ანგელოზი მანოახისა და მისი ცოლის თვალწინ; და მიხვდა მანოახი, რომ უფლის ანგელოზი იყო იგი.

  22. 22

    უთხრა მანოახმა თავის ცოლს: "სიკვდილი არ აგვცდება, რადგან ღმერთი ვიხილეთ”.

  23. 23

    მიუგო ცოლმა: "თუ ჩვენი სიკვდილი ენება უფალს, სრულადდასაწველსა და პურეულ ძღვენს არ მიიღებდა ჩვენი ხელიდან და არც ამ ყოველივეს გვახილვინებდა და მოგვასმენინებდა”.

  24. 24

    შვა ქალმა ძე და უწოდა სახელად სამსონი; წამოიზარდა ყრმა და აკურთხა იგი უფალმა.

  25. 25

    და იწყო უფლის სულმა მისი აღძვრა დანის ბანაკში, ცორყასა და ეშთაოლს შორის.