მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

იესო ნავეს ძე 20

  1. 1

    ელაპარაკა უფალი იეშუას:

  2. 2

    "ელაპარაკე ისრაელის ძეებს და უთხარი: დაიდგინეთ თავშესაფარი ქალაქები, რაზეც გელაპარაკეთ მოსეს მეშვეობით.

  3. 3

    რათა მკვლელი, რომელსაც უნებლიედ, შეცდომით შემოაკვდება კაცი, გაიქცეს და თავშესაფრად ჰქონდეს მესისხლესგან.

  4. 4

    გაიქცეს ერთ ამ ქალაქთაგანში, დადგეს ქალაქის კარიბჭესთან და გამოაცხადოს თავისი ამბავი იმ ქალაქის უხუცესთა გასაგონად; და შეიფარებენ ქალაქში, მისცემენ ადგილს და იცხოვრებს მათ შორის.

  5. 5

    თუ დაედევნა მესისხლე, არ უნდა გადასცენ მკვლელი, რადგან უნებლიედ შემოაკვდა თავისი მოყვასი, არ სძულებია იგი არც გუშინ, არც გუშინწინ.

  6. 6

    და იცხოვროს ამ ქალაქში, ვიდრე არ წარსდგება განსასჯელად თემის წინაშე, ვიდრე არ მოკვდება იმ დღეებში მყოფი მღვდელმთავარი. მაშინ დაბრუნდეს მკვლელი და მივიდეს თავის ქალაქში, თავის სახლში იმ ქალაქში, საიდანაც გამოიქცა”.

  7. 7

    და გამოყვეს კედეში გალილეაში, ნაფთალის მთაში; შექემი ეფრემის მთაზე და კირიათ-არბაყი იგივე ხებრონი იუდას მთაზე.

  8. 8

    და დაადგინეს იორდანეს გაღმა იერიხოს აღმოსავლეთით: ბეცერი უდაბნოში, ტაფობზე, რეუბენის ტომიდან; რამოთი გილყადში, გადის ტომიდან და გოლანი ბაშანში, მენაშეს ტომიდან.

  9. 9

    განეკუთვნა ეს ქალაქები ყველა ისრაელიანსა და ხიზანს, რომელიც ხიზნობს მათ შორის, რომ თავი შეაფაროს იქ უნებლიე მკვლელმა და არ მოკვდეს მესისხლეს ხელით სანამ თემს წარუდგება.