მეორე რჯული 26
- 1
"და როცა შეხვალ ქვეყანაში, რომელსაც გიმკვიდრებს უფალი, შენი ღმერთი, დაიმკვიდრებ და დასახლდები მასში,
- 2
უნდა აიღო ყოველი პირველნაყოფი მიწისა, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, მოათავსო კალათში და წახვიდე იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი თავისი სახელის დასამკვიდრებლად.
- 3
მიდი მღვდელთან, რომელიც იმ დღეებში იქნება და უთხარი: ვაცხადებ დღეს უფლის, შენი ღმერთის წინაშე, რომ შევედი მიწაზე, რომლის მოცემაც შეჰფიცა უფალმა ჩვენ მამებს.
- 4
გამოგართმევს მღვდელი კალათს ხელიდან და დადგამს უფლის, შენი ღმერთის სამსხვერპლოს წინაშე.
- 5
ილაპარაკებ და იტყვი უფლის, შენი ღმერთის წინაშე: "მოხეტიალე არამელი იყო მამაჩემი, ჩავიდა ეგვიპტეში და მცირერიცხოვან ხალხად მდგმურობდა იქ და შეიქნა იქ დიდ ერად, ძლიერად და მრავალრიცხოვნად.
- 6
გვიბოროტეს ეგვიპტელებმა, გვავიწროებდნენ და სასტიკად გვიმონებდნენ;
- 7
და შევღაღადეთ უფალს, ჩვენი მამების ღმერთს და ისმინა უფალმა ჩვენი ხმა, იხილა ჩვენი გაჭირვება, ჯაფა და ჩაგვრა.
- 8
გამოგვიყვანა უფალმა ეგვიპტიდან ძლიერი ხელით, შემართული მკლავით, ძრწოლით, დიადი ნიშნებითა და სასწაულებით.
- 9
მოგვიყვანა ამ ადგილას და მოგვცა ეს ქვეყანა - მიწა, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
- 10
აჰა, მოვიტანე პირველნაყოფი მიწისა, რომელიც შენ მომეცი უფალო! დადგი იგი უფლის, შენი ღმერთის წინაშე და თაყვანი ეცი უფალს, შენს ღმერთს.
- 11
და გაიხარე ყველა იმ სიკეთით, რომელიც უფალმა, შენმა ღმერთმა მოგცა, შენ, შენს სახლეულს და შენს მხარეში მყოფ ლევიანსა და ხიზანს, შენთან ერთად.
- 12
როცა დაასრულებ მესამე წელს - მეათედის წელს, გამოყავი და მიეცი შენი მოსავლის მეათედი ლევიანს, ხიზანს, ობოლსა და ქვრივს და ჭამონ შენს კარიბჭეებთან და გაძღნენ.
- 13
და თქვი უფლის, შენი ღმერთის წინაშე: სახლიდან გავიღე წმიდა წილი და ლევიანსა და ხიზანს, ობოლსა და ქვრივს მივეცი, შენი მცნების მიხედვით, რომელიც მამცნე; არ გადავუხვიე შენ მცნებებს და არ დავივიწყე.
- 14
არ მიჭამია მისგან გაჭირვებაში, არ გამიღია იგი გაუწმიდურებულს და მიცვალებულისთვის არ მიმიცია; ვისმინე უფლის, ჩემი ღმერთის ხმა და ავასრულე ყოველივე, რაც მამცნე.
- 15
გადმოიხედე შენი წმიდა სამყოფელიდან, ზეციდან და აკურთხე შენი ხალხი, ისრაელი და მიწა, რომელიც მოგვეცი, როგორც შეჰფიცე ჩვენს მამებს; ქვეყანა, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
- 16
გიბრძანებს დღეს უფალი, შენი ღმერთი, ამ წესებისა და სამართლის აღსრულებას; დაიცავი და აღასრულე ისინი მთელი შენი გულითა და მთელი შენი არსებით.
- 17
რაკი აღუთქვი დღეს უფალს, რომ შენი ღმერთი იქნება იგი, რათა დადიოდე მისი გზებით, იცავდე მის წესებს, მცნებებსა და სამართალს და ისმენდე მის ხმას.
- 18
აღგითქვა დღეს უფალმა, რომ იქნები მისი საუნჯე, როგორც აქვს ნათქვამი, რათა იცავდე მის ყველა მცნებას.
- 19
და რომ აგამაღლოს თავის გაჩენილ ყველა ერზე მეტად, ქებით, სახელითა და დიდებით და იყო წმიდა ხალხი უფლისთვის, შენი ღმერთისთვის, როგორც აქვს ნათქვამი უფალს”.