მეორე რჯული 25
- 1
"თუ კაცთა შორის დავაა, წარუდგნენ სასამართლოს; იქ განსჯიან მათ; მართალს გაამართლებენ, დამნაშავეს ბრალს დასდებენ.
- 2
თუ ცემის ღირსი იქნება დამნაშავე, წამოაქცევინოს იგი მოსამართლემ და აცემინოს თავის წინაშე, მისი დანაშაულის კვალობაზე, რამდენსაც იმსახურებს.
- 3
ორმოცჯერ დაარტყან, მეტად არა, თორემ თუ გადააჭარბეს და ბევრი ურტყეს, დამცირდება შენს თვალში შენი მოძმე.
- 4
პირს ნუ აუკრავთ ხარს ლეწვისას.
- 5
თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მაშინ მკვდრის ცოლი უცხო კაცს არ უნდა მისთხოვდეს: მისი მაზლი უნდა შევიდეს მასთან, ცოლად ითხოვოს და შეუსრულოს მაზლობის წესი.
- 6
პირმშო, რომელსაც ქალი დაბადებს, მისი მკვდარი ძმის სახელს აღადგენს, რომ არ წაიშალოს მისი სახელი ისრაელიდან.
- 7
თუ არ ისურვებს ეს კაცი თავისი რძლის შერთვას, მივიდეს რძალი ქალაქის კარიბჭესთან, წარუდგეს უხუცესებს და უთხრას: არ სურს ჩემს მაზლს, რომ სახელი აღუდგინოს თავის ძმას ისრაელში, არ უნდა ჩემი შერთვა.
- 8
დაიბარებენ კაცს ქალაქის უხუცესები და მოელაპარაკებიან; თუ ადგება კაცი და იტყვის: არ მინდა მისი შერთვაო,
- 9
მივა რძალი უხუცესთა თვალწინ, გახდის ფეხსაცმელს, სახეში შეაფურთხებს და ეტყვის: ასე ექცევიან კაცს, რომელიც არ უშენებს სახლს თავის ძმას.
- 10
და დაერქმევა მას ფეხგახდილის სახლი ისრაელში.
- 11
თუ კაცები ერთმანეთს ეჩხუბებიან, მივა ერთ-ერთის ცოლი მცემელის ხელიდან თავისი ქმრის გამოსახსნელად, გაიწვდის ხელს და კაცის სარცხვინელს მოეჭიდება,
- 12
ხელი მოკვეთე მას, არ შეიწყალოს იგი შენმა თვალმა.
- 13
ნუ გექნება ჩანთაში ორი განსხვავებული საწონი - დიდი და მცირე.
- 14
ნუ გექნება სახლში ორი განსხვავებული საწყაო - დიდი და მცირე.
- 15
სრული და სწორი გქონდეს საწონი, სრული და სწორი გქონდეს საწყაო, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
- 16
რადგან საძაგელია უფლის, შენი ღმერთის წინაშე ყველა, ვინც ამას აკეთებს, ვინც უსამართლობას სჩადის.
- 17
გახსოვდეს, როგორ მოგექცა ყამალეკი გზაზე, როცა გამოდიოდი ეგვიპტიდან,
- 18
გზაზე რომ დაგხვდა და შეგიმუსრა დაქანცულები უკანა რიგებში, შენ კი დაღლილი იყავი და ღონემიხდილი; და არ შეეშინდა მას ღვთისა.
- 19
როცა მოგასვენებს უფალი, შენი ღმერთი, გარეშემო მტრებისგან იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს დასამკვიდრებლად უფალი, შენი ღმერთი, აღგავე ყამალეკის სახსენებელი ცისქვეშეთიდან და არ დაივიწყო ეს!