მეორე რჯული 27
- 1
უბრძანეს მოსემ და ისრაელის უხუცესებმა ერს და უთხრეს: "დაიცავი ყოველი მცნება, რასაც გიბრძანებ დღეს.
- 2
იმ დღეს, როცა გადახვალ იორდანეს გაღმა მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, აღმართე დიდი ქვები და შელესე კირით;
- 3
და დააწერე ზედ ამ რჯულის ყოველი სიტყვა, როცა იორდანეს გადახვალ, რათა შეხვიდე იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება, როგორც თქვა უფალმა, შენი მამების ღმერთმა.
- 4
როცა გადალახავ იორდანეს, აღმართე ეს ქვები, როგორც გიბრძანებ დღეს, ღებალის მთაზე და შელესე კირით.
- 5
აუგე იქ სამსხვერპლო უფალს, შენს ღმერთს, ქვის სამსხვერპლო, რკინა არ შეახო მას.
- 6
მთელ-მთელი ქვებისგან აუგე უფალს, შენს ღმერთს სამსხვერპლო და მასზე აღავლინე აღსავლენი მსხვერპლი, უფლისთვის, შენი ღმერთისთვის.
- 7
შესწირე სამშვიდობო მსხვერპლები, ჭამე იქ და გაიხარე უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
- 8
და დააწერე ქვებზე ამ რჯულის ყოველი სიტყვა ძალიან მკაფიოდ”.
- 9
ასე უთხრეს მოსემ და ლევიანმა მღვდლებმა მთელს ისრაელს: "დადუმდი და ისმინე, ისრაელ! ამ დღეს გახდი შენ უფლის, შენი ღმერთის ერი.
- 10
ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა, შეასრულე მისი მცნებანი და მისი წესები, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს”.
- 11
ასე უბრძანა მოსემ იმ დღეს ერს:
- 12
"ესენი დადგებიან გერიზიმის მთაზე ხალხის საკურთხებლად, როცა გადალახავ იორდანეს: სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, იოსები და ბენიამინი.
- 13
ხოლო ესენი დადგებიან ღებალის მთაზე დასაწყევლად: რეუბენი, გადი, აშერი, ზებულონი, დანი და ნაფთალი.
- 14
ლევიანები ილაპარაკებენ და ეტყვიან მთელ ისრაელს ხმამაღლა:
- 15
წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც გააკეთებს ქანდაკს და ჩამოსხმულ კერპს, სისაძაგლეს უფლისთვის, ხელოსნის ხელით ნაკეთებს, და ფარულად დადგამს! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
- 16
წყეულიმც იყოს დედ-მამის შეურაცხმყოფელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
- 17
წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის საზღვრის გადამწევი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
- 18
წყეულიმც იყოს ბრმისთვის გზის ამრევი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
- 19
წყეულიმც იყოს მწირისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
- 20
წყეულიმც იყოს მამის ცოლთან დამწოლი, რადგან კალთა გადაუწია მამას! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
- 21
წყეულიმც იყოს რომელიმე პირუტყვთან დამწოლი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
- 22
წყეულიმც იყოს თავის დასთან, თავისი მამის ასულთან ან თავისი დედის ასულთან დამწოლი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
- 23
წყეულიმც იყოს სიდედრთან დამწოლი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
- 24
წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
- 25
წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად და უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!
- 26
წყეულიმც იყოს, ვინც არ დაიცავს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!