გამოსვლა 7
- 1
უთხრა უფალმა მოსეს: "ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის; და შენი ძმა აჰარონი შენი წინასწარმეტყველი იქნება.
- 2
შენ ეტყვი ყოველივეს, რასაც მე გიბრძანებ; ხოლო აჰარონი, შენი ძმა, ილაპარაკებს ფარაონთან, რათა გაუშვას ისრაელის ძენი თავისი ქვეყნიდან.
- 3
გავასასტიკებ ფარაონის გულს და გავამრავლებ ჩემს ნიშნებსა და სასწაულებს ეგვიპტის ქვეყანაში.
- 4
არ მოგისმენთ ფარაონი, მაშინ ხელს გავიწვდი ეგვიპტეზე და გამოვიყვან ჩემს ლაშქარს, ჩემს ხალხს, ისრაელის ძეებს, ეგვიპტის ქვეყნიდან დიდი სასჯელებით.
- 5
და შეიტყობენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი, როდესაც გავიწვდი ხელს ეგვიპტეზე და გამოვიყვან მათგან ისრაელის შვილებს”.
- 6
ასეც მოიქცნენ მოსე და აჰარონი; როგორც უბრძანა უფალმა, ასე მოიქცნენ.
- 7
ოთხმოცი წლის იყო მოსე, ხოლო აჰარონი - ოთხმოცდასამის, ფარაონს რომ დაუწყეს ლაპარაკი.
- 8
უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
- 9
"თუ გეტყვით ფარაონი - მოახდინეთ სასწაული, მაშინ ეტყვი აჰარონს: აიღე შენი კვერთხი, დააგდე ფარაონის წინაშე და გველად იქცევა იგი”.
- 10
მივიდნენ მოსე და აჰარონი ფარაონთან და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა უფალმა. წინ დაუგდო აჰარონმა თავისი კვერთხი ფარაონსა და მის მსახურებს და იქცა იგი გველად.
- 11
უხმო ფარაონმა ბრძენკაცებსა და ჯადოქრებს; და გააკეთეს ეგვიპტელმა გრძნეულებმა, იგივე თავ-თავისი გრძნეულებით.
- 12
დააგდო თითოეულმა თავისი კვერთხი და იქცნენ გველებად; და შთანთქა აჰარონის კვერთხმა მათი კვერთხები.
- 13
გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, ისე როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
- 14
უთხრა უფალმა მოსეს: "გული გაუქვავდა ფარაონს, უარს ამბობს ხალხის გაშვებაზე.
- 15
წადი ფარაონთან დილით; გამოვა წყალთან და დადექი მის შესახვედრად მდინარის ნაპირზე; კვერთხი, გველად რომ იქცა, ხელში გეჭიროს.
- 16
უთხარი, უფალმა, ებრაელთა ღმერთმა, მომავლინა-თქო შენთან ამის სათქმელად: "გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ უდაბნოში; აჰა, არ შეისმინე აქამდე.
- 17
ასე ამბობს უფალი: ამით შეიტყობ, რომ მე ვარ უფალი - კვერთხს, რომელიც ხელში მიჭირავს, დავკრავ მდინარის წყალს და სისხლად იქცევა;
- 18
თევზი, რომელიც მდინარეშია, გაწყდება და მდინარე ამყრალდება, ვეღარ დალევენ ეგვიპტელნი მდინარის წყალს”.
- 19
უთხრა უფალმა მოსეს: "უთხარი აჰარონს: ‘აიღე შენი კვერთხი, გაიწოდე შენი ხელი ეგვიპტელთა წყლებზე - მათ მდინარეებზე, ნაკადულებზე, მათ ტბებსა და ყველა მათ წყალსატევზე!’ და იქცევიან სისხლად და ჩადგება სისხლი ეგვიპტის მთელ ქვეყანაში, როგორც ხეებში, ასევე ქვებშიც”.
- 20
ისე მოიქცნენ მოსე და აჰარონი, როგორც უბრძანა უფალმა. ფარაონის და მისი მსახურების თვალწინ აღმართა კვერთხი, დასცა მდინარის წყალს და გადაიქცა მთელი მდინარის წყალი სისხლად.
- 21
ამოწყდა თევზი მდინარეში, აყროლდა ნილოსი და ვეღარ სვამდნენ ეგვიპტელები მდინარის წყალს; და იყო სისხლი ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.
- 22
და იგივე გააკეთეს ეგვიპტის გრძნეულებმა თავ-თავისი ჯადოქრობით; გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს.
- 23
გატრიალდა ფარაონი და წავიდა სახლში. არც ამას შეუძრავს მისი გული.
- 24
თხრიდა ყოველი ეგვიპტელი მდინარის გასწვრივ, რომ სასმელი წყალი ეპოვათ, რადგან ვეღარ სვამდნენ მდინარის წყალს.
- 25
და გასრულდა შვიდი დღე მას შემდეგ, რაც დაჰკრა უფალმა მდინარეს.