გამოსვლა 8
- 1
უთხრა უფალმა მოსეს: "მიდი ფარაონთან და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს!
- 2
თუ უარს იტყვი გაშვებაზე, მაშინ მთელ შენს მიწას ბაყაყებით მოვსრავ.
- 3
გაივსება მდინარე ბაყაყებით, ამოვლენ და შემოვლენ შენს სახლში, შენს საწოლ ოთახში, შენს სარეცელზე, შენი მსახურებისა და ხალხის სახლებში, შენს თონეებსა და ვარცლებში.
- 4
შენ, შენს ხალხს და ყოველ შენს მსახურს შემოგახტებათ ბაყაყები”.
- 5
უთხრა უფალმა მოსეს: "უთხარი აჰარონს: გაიწოდე კვერთხიანი ხელი მდინარეებზე, ნაკადულებსა და ტბებზე და ამოიყვანე ბაყაყები ეგვიპტის ქვეყანაზე”.
- 6
გაიწოდა აჰარონმა ხელი ეგვიპტის წყლებზე, ამოვიდა ბაყაყი და დაფარა ეგვიპტის ქვეყანა.
- 7
იგივე გააკეთეს გრძნეულებმა თავ-თავისი ჯადოქრობით და ამოიყვანეს ბაყაყები ეგვიპტის ქვეყანაზე.
- 8
დაუძახა ფარაონმა მოსეს და აჰარონს და უთხრა: "ილოცეთ უფლის მიმართ, რომ მოაშოროს ბაყაყები ჩემგან და ჩემი ხალხისაგან; გავუშვებ თქვენს ხალხს და შესწირონ მსხვერპლი უფალს”.
- 9
უთხრა მოსემ ფარაონს: "დანიშნე დრო, როდის ვილოცო შენთვის, შენი მსახურებისთვის და შენი ხალხისთვის - ბაყაყების შენგან და შენი სახლებიდან მოსასპობად, მხოლოდ მდინარეში დარჩებიან”.
- 10
და უთხრა: "ხვალ”. მიუგო მოსემ: "იყოს შენი სიტყვისამებრ, რათა გაიგო, რომ არავინ არის უფლის, ჩვენი ღმერთის მსგავსი.
- 11
მოგშორდებიან ბაყაყები შენ და შენს სახლებს, შენს მსახურთ და შენს ხალხს; მხოლოდ მდინარეში დარჩებიან”.
- 12
გამოვიდნენ მოსე და აჰარონი ფარაონისგან და შეჰღაღადა მოსემ უფალს ბაყაყთა გამო, რომელნიც მოუვლინა ფარაონს.
- 13
აასრულა უფალმა მოსეს სიტყვისამებრ და დაიხოცნენ ბაყაყები სახლებში, ეზოებსა და მინდვრებში.
- 14
მოაგროვეს გროვებად და აყროლდა ქვეყანა.
- 15
იხილა ფარაონმა, რომ სული მოითქვა ქვეყანამ და გაიქვავა გული. არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს.
- 16
უთხრა უფალმა მოსეს: "უთხარი აჰარონს, გაიწოდეო კვერთხი, დაჰკარი მიწის მტვერს და გადაიქცევა მტვერი მკბენარად ეგვიპტის მთელ ქვეყანაში”.
- 17
ასეც მოიქცა: გაიწოდა აჰარონმა კვერთხიანი ხელი, დაჰკრა მიწის მტვერს და მკბენარი მოედო ადამიანსა და პირუტყვს. მთელი მიწის მტვერი კოღოდ გადაიქცა ეგვიპტის ქვეყანაში.
- 18
და იგივე გააკეთეს გრძნეულებმა თავ-თავისი ჯადოქრობით, მკბენარის წარმოსაქმნელად, მაგრამ ვერ შეძლეს და მკბენარი ეხვია ადამიანსა და პირუტყვს.
- 19
უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: "ეს ღვთის თითია”. მაგრამ გაქვავდა ფარაონის გული, არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს.
- 20
უთხრა უფალმა მოსეს: "ადექი დილაადრიან, დადექი ფარაონის წინაშე და როცა წყალთან გამოვა, უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს.
- 21
კიდევ თუ არ გამოუშვებ ჩემს ხალხს, მოვავლენ შენზე, შენს ხალხზე და შენს სახლეულზე ბუზანკალს და აივსება ბუზანკალით ეგვიპტელთა სახლები და თვით მიწაც, რომელზეც ისინი არიან.
- 22
და გამოვარჩევ იმ დღეს გოშენის ქვეყანას, სადაც ჩემი ხალხი ბინადრობს, რომ არ იყოს იქ ბუზანკალი, რათა გაიგო, რომ მე ვარ უფალი ქვეყნის შუაგულში.
- 23
გამოვარჩევ ჩემს ხალხს შენი ხალხისაგან. აჰა, ხვალ მოხდება ეს ნიშანი”.
- 24
და გააკეთა უფალმა, როგორც თქვა: შეესია დიდძალი ბუზანკალი ფარაონისა და მისი მსახურების სახლებს და მთელი ეგვიპტის მიწას; მოისრა ქვეყანა ბუზანკალისგან.
- 25
დაუძახა ფარაონმა მოსეს და აჰარონს და უთხრა: "წადით, შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს, მაგრამ ამ ქვეყანაში გააკეთეთ ეს”.
- 26
უთხრა მოსემ: "ვერ ვიზამთ ამას, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის, უფლის, ჩვენი ღმერთისადმი მსხვერპლშეწირვა; განა არ ჩაგვქოლავენ ეგვიპტელთათვის საძაგელი მსხვერპლი მათ თვალწინ რომ შევწიროთ?
- 27
წავალთ უდაბნოში სამი დღის სავალზე და შევწირავთ მსხვერპლს უფალს, ჩვენს ღმერთს, როგორც თავად გვიბრძანებს”.
- 28
უთხრა ფარაონმა: "გაგიშვებთ და შესწირეთ მსხვერპლი უფალს, თქვენს ღმერთს უდაბნოში; ოღონდ შორს ნუ წახვალთ; შეევედრეთ ჩემთვის!”
- 29
უთხრა მოსემ: "აჰა, გავდივარ შენგან და ვილოცებ უფლის მიმართ, ხვალიდან განშორდება ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებს და მის ხალხს; ოღონდ ნუღარ მოგვატყუებს ფარაონი და გაუშვას ხალხი უფლისთვის მსხვერპლის შესაწირად”.
- 30
გამოვიდა მოსე ფარაონისაგან და შეევედრა უფალს.
- 31
აასრულა უფალმა მოსეს სიტყვა და განაშორა ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებსა და მის ხალხს; ერთიც არ დარჩენილა.
- 32
ამჯერადაც გაისასტიკა ფარაონმა გული და არ გაუშვა ხალხი.