გამოსვლა 6
- 1
უთხრა უფალმა მოსეს: "ახლა იხილავ, რას ვუზამ ფარაონს, რადგან აიძულებს ჩემი მაგარი ხელი გაუშვას ისინი და მაგარი ხელი აიძულებს გააძევოს თავისი ქვეყნიდან”.
- 2
ელაპარაკა ღმერთი მოსეს და უთხრა: "მე ვარ უფალი!
- 3
მე გამოვეცხადე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს ყოვლისშემძლე ღმერთად, მაგრამ ჩემი სახელი - უფალი - არ გავუმხილე მათ.
- 4
აღთქმაც დავუდე, რომ მივცემდი მათ ქანაანის ქვეყანას, მათი ხიზნობის ქვეყანას, სადაც ხიზნობდნენ ისინი.
- 5
და გავიგონე ისრაელის შვილთა კვნესა, რომლებიც დაიმონეს ეგვიპტელებმა, და გავიხსენე ჩემი აღთქმა.
- 6
ამიტომ უთხარი ისრაელის შვილებს: მე ვარ უფალი და მე გამოგიყვანთ ეგვიპტელთა უღლიდან, მე გადაგარჩენთ მათ მონობას და მე გამოგისყიდით გაწვდილი მკლავითა და დიდი სასჯელებით.
- 7
მიგიღებთ ჩემს ხალხად და მე ვიქნები თქვენი ღმერთი; და გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი - თქვენი გამომყვანი ეგვიპტელთა უღლიდან.
- 8
და მიგიყვანთ ქვეყანაში, რომელზეც დავიფიცე, რომ მივცემდი აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და მე მოგცემთ მას სამკვიდროდ. მე ვარ უფალი”.
- 9
ასე ელაპარაკა მოსე ისრაელის შვილებს, მაგრამ არ უსმინეს მას სულმოკლეობისა და მძიმე უღლის გამო.
- 10
და კვლავ ელაპარაკა უფალი მოსეს:
- 11
"შედი, უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ გაუშვას ისრაელის შვილები თავისი ქვეყნიდან”.
- 12
მაგრამ ასე ილაპარაკა მოსემ უფლის წინაშე: "აჰა, ისრაელის შვილებმა არ ისმინეს ჩემი და ფარაონი როგორღა მომისმენს, მე - ბაგემძიმეს?”
- 13
და ელაპარაკა უფალი მოსეს და აჰარონს, და მისცა მათ ბრძანება ისრაელის შვილებისა და ფარაონისათვის, ეგვიპტის მეფისთვის, რომ გამოეყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან ისრაელის შვილები.
- 14
ესენი არიან მთავრები თავ-თავისი მამების სახლეულისა: რეუბენის ძენი, ისრაელის პირმშოსი: ხანოქი და ფალუ, ხეცრონი და ქარმი: ესაა რეუბენის სახლი.
- 15
სიმონის ძენი: იემუელი და იამინი, ოჰადი და იაქინი, ცოხარი და შაული, ძე ქანაანელი ქალისა. ესაა სიმონის სახლი.
- 16
აჰა ლევის ძეთა სახელები თავ-თავისი გვარტომობით: გერშონი, კეჰათი და მერარი. და იყო ლევის ცხოვრების წლები ას ოცდაჩვიდმეტი.
- 17
ძენი გერშონისა: ლიბნი და შიმყი, თავ-თავისი სახლეულით.
- 18
კეჰათის ძენი: ყამრამი და იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი. და იყო კეჰათის ცხოვრების წლები ას ოცდაცამეტი.
- 19
მერარის ძენი: მახლი და მუში. ესენია ლევის სახლეული თავ-თავისი გვარტომობით.
- 20
და შეირთო ყამრამმა იოქებედი, თავისი მამიდა, ცოლად: და შვა ქალმა აჰარონი და მოსე. და იყო ყამრამის ცხოვრების წლები ას ოცდაჩვიდმეტი.
- 21
იცჰარის ძენი: კორახი, ნეფეგი და ზიქრი.
- 22
ყუზიელის ძენი: მიშაელი, ელცაფანი და სითრი.
- 23
და მოიყვანა აჰარონმა ცოლად ელიშებაყი, ამინადაბის ქალიშვილი, ნახშონის და; და შვა ქალმა მისთვის ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
- 24
კორახის ძენი: ასირი, ელკანა და აბიასაფი: ესენი არიან კორახის სახლეული.
- 25
ელეაზარმა, აჰარონის ძემ, ცოლად ფუტიელის ასულთაგანი შეირთო; შვა ქალმა მისთვის ფინხასი. ესენია ლევის ტომთა მამამთავრები თავ-თავისი სახლეულებით.
- 26
ეს ის აჰარონი და მოსეა, რომელთაც უთხრა უფალმა: "გამოიყვანეთ ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან თავ-თავისი რაზმების მიხედვით”.
- 27
ისინი ელაპარაკებოდნენ ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ეგვიპტიდან ისრაელის ძეთა გამოსაყვანად. ესენი იყვნენ მოსე და აჰარონი.
- 28
ეს იმ დღეს მოხდა, როდესაც ელაპარაკებოდა უფალი მოსეს ეგვიპტის ქვეყანაში.
- 29
უთხრა უფალმა მოსეს: "მე ვარ უფალი! უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ყველაფერი, რასაც მე გეუბნები”.
- 30
და თქვა მოსემ უფლის წინაშე: "ბაგემძიმე ვარ, როგორ მომისმენს ფარაონი?”