გამოსვლა 36
- 1
შეუდგნენ საქმეს ბეცალელი და ოჰოლიაბი და ყველა ოსტატი, რომელთაც მიანიჭა უფალმა სიბრძნე და გონიერება, საწმიდარისთვის საჭირო საგნების გასაკეთებლად უფლის ბრძანებისამებრ.
- 2
მოუხმო მოსემ ბეცალელს, ოჰოლიაბს და ყველა ოსტატს, რომელთაც მიანიჭა უფალმა გულის სიბრძნე, თითოეულს, ვისაც გული ერჩოდა საქმის დასაწყებად და საკეთებლად.
- 3
და მიიღეს მოსესაგან მთელი შემოწირულობა, რაც მიიტანეს ისრაელის შვილებმა საწმიდრის საქმის აღსასრულებლად, მის საკეთებლად; კვლავ მიჰქონდათ მასთან ძღვენი დილაობით.
- 4
მოვიდა ყველა ბრძენკაცი, საწმიდარის ყოველგვარი საქმის მკეთებელი, თითოეული თავისი საქმის მცოდნე, ვის რისი გაკეთებაც შეეძლო.
- 5
ასე უთხრეს მოსეს: "იმაზე მეტი მოაქვს ხალხს, ვიდრე იმ სამუშაოს შესასრულებლადაა საჭირო, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა”.
- 6
მაშინ ბრძანა მოსემ და გაავრცელეს ხმა ბანაკში: "არც კაცმა და არც ქალმა აღარაფერი გაამზადოს საწმიდრისათვის შესაწირად”. და შეწყვიტა ხალხმა მოტანა.
- 7
საკმარისი იყო მარაგი ყოველი გასაკეთებელი საქმისთვის და ზედმეტადაც კი დარჩა.
- 8
გააკეთა თითოეულმა ოსტატმა, კარვის საქმის შემსრულებელმა: გრეხილი ბისონის, ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული ქსოვილის ათი ნაჭერი; ქერუბებიც ამოქარგეს ზედ.
- 9
თითოეული გადასაფარებლის სიგრძე ოცდარვა წყრთა იყო, სიგანე - ოთხი წყრთა; ერთი ზომისა იყო ყოველი გადასაფარებელი.
- 10
ხუთი გადასაფარებელი ერთმანეთს გადააკერა და მეორე ხუთი ნაჭერიც ერთმანეთს გადააკერა.
- 11
გააკეთა ცისფერი მარყუჟები ერთი გადასაფარებლის კიდეზე, სადაც იგი სხვებთან ერთიანდება; ასევე გააკეთა ბოლო გადასაფარებლის კიდეზე სხვებთან შესაერთებლად.
- 12
ორმოცდაათი მარყუჟი გაუკეთა ერთ გადასაფარებელს და ორმოცდაათი მარყუჟი გააკეთა გადასაფარებლის ბოლოს, სადაც იგი სხვებთან ერთიანდება; ეს მარყუჟები ერთმანეთს ესადაგებოდნენ.
- 13
გააკეთა ორმოცდაათი ოქროს კაუჭი, შეაერთა გადასაფარებლები ერთიმეორესთან კაუჭებით და გამოვიდა ერთიანი სავანე.
- 14
გააკეთა გადასაფარებლები თხისურისგან სავანის გადასახურად: თერთმეტი ასეთი გადასაფარებელი დაამზადა.
- 15
თითოეული გადასაფარებლის სიგრძე - ოცდაათი, ხოლო სიგანე ოთხი წყრთა იყო; ერთი ზომისა იყო თერთმეტივე გადასაფარებელი.
- 16
შეაერთა ხუთი გადასაფარებელი ცალკე და ექვსი გადასაფარებელი ცალკე.
- 17
გააკეთა ორმოცდაათი მარყუჟი ბოლო გადასაფარებლის კიდეზე, მისაერთებელთან და ორმოცდაათი მარყუჟი გააკეთა მეორე მისაერთებელი გადასაფარებლის კიდეზე.
- 18
გააკეთა სპილენძის ორმოცდაათი კაუჭი კარვის შესაერთებლად, რათა ერთიანი ყოფილიყო.
- 19
საფარი გააკეთა კარვისათვის ვერძთა ალისფერი ტყავებისგან და ზემოდან გადასახურავი მაჩვის ტყავებისგან.
- 20
სვეტებად აკაციის ძელები გაუკეთა სავანეს.
- 21
თითოეული ძელის სიგრძე ათი წყრთა იყო, სიგანე - ერთნახევარი.
- 22
ორი რიკი ჰქონდა თითოეულ ძელს, ერთმანეთთან მიერთებული. ასე გაუკეთა აღთქმის კარვის ყოველ ძელს.
- 23
გაუკეთა სავანეს ძელები, ოცი ძელი სამხრეთით.
- 24
ორმოცი ვერცხლის კვარცხლბეკი გააკეთა ოცი ძელის ქვეშ: ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ ორივე სახელურისთვის და ორი კვარცხლბეკი მეორე ძელის ქვეშ - ორივე სახელურისთვის.
- 25
გააკეთა ოცი ძელი აღთქმის კარვის მეორე გვერდისთვის, ჩრდილოეთით.
- 26
და ორმოცი ვერცხლის კვარცხლბეკი: ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ და ორი კვარცხლბეკი მეორე ძელის ქვეშ.
- 27
გააკეთა ექვსი ძელი აღთქმის კარვის უკანა მხარეს, დასავლეთისკენ.
- 28
ორი ძელი გააკეთა აღთქმის კარვის კუთხეებისთვის, უკანა მხარეს.
- 29
შეერთებული იყო ქვემოდან და ზემოდან ერთი რგოლით; ასე გააკეთა ორივესთვის ორივე კუთხეში.
- 30
რვა ძელი იყო თავ-თავისი ვერცხლის კვარცხლბეკებით, თექვსმეტი კვარცხლბეკი: ორ-ორი კვარცხლბეკი თითოეული ძელის ქვეშ.
- 31
გააკეთა ძელაკები აკაციის ხისგან: ხუთი - სავანის ერთი გვერდის ძელებისთვის,
- 32
ხუთიც - სავანის მეორე გვერდის ძელებისთვის, დასავლეთით.
- 33
გააკეთა შუა ძელაკი ძელების შუაგულში გასაყრელად ერთი ბოლოდან მეორემდე.
- 34
ძელები და მათი რგოლები ოქროთი მოჭედა, ოქროსაგან გააკეთა სათავსები ძელაკებისთვის; ისინიც ოქროთი მოჭედა.
- 35
გააკეთა ფარდა ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისგან; ზედ ოსტატურად ამოქარგა ქერუბები.
- 36
გაუკეთა მას აკაციის ოთხი სვეტი, ოქროს კაუჭებით და ოქროთი მოჭედა; და ჩამოასხა მათთვის ოთხი ვერცხლის კვარცხლბეკი.
- 37
დაამზადა მოხატული ფარდა კარვის შესასვლელისთვის ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული და გრეხილი ბისონისგან, მქარგველის ნამუშევარი.
- 38
და ხუთი სვეტი კაუჭებითურთ. ოქროთი მოჭედა მათი თავები და კაუჭები; გააკეთა ხუთი სპილენძის კვარცხლბეკი.