გამოსვლა 35
- 1
შეკრიბა მოსემ ისრაელის ძეთა მთელი თემი და უთხრა: "აჰა, სიტყვები, რომლებიც გვამცნო უფალმა შესასრულებლად:
- 2
ექვსი დღე აკეთეთ საქმე და მეშვიდე დღე წმიდა იყოს თქვენთვის, უფლის საზეიმო შაბათი, დასასვენებლად; ყველა, ვინც ამ დღეს საქმეს გააკეთებს, მოკვდება.
- 3
ნუ დაანთებთ ცეცხლს შაბათ დღეს თქვენს საცხოვრებელში”.
- 4
უთხრა მოსემ ისრაელის ძეთა მთელ თემს: "აჰა, სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა:
- 5
გაიღეთ შესაწირი უფლისათვის; ყოველმა გულით მსურველმა მიიტანოს შესაწირი უფლისა: ოქრო, ვერცხლი და სპილენძი.
- 6
მატყლი ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული, ბისონი და თხისური.
- 7
ვერძების ალისფერი ტყავი, მაჩვის ტყავები და აკაციის ძელები.
- 8
ზეთი გასანათებლად, სურნელი საცხებელი ზეთისთვის და კეთილსურნელება საკმევლისთვის.
- 9
ქვები სარდიონისა და ჩასასმელი ქვები ეფოდისა და სამკერდულისთვის.
- 10
მოვიდეს თქვენში ყოველი ოსტატი და გააკეთოს ყველაფერი, რაც ბრძანა უფალმა.
- 11
სავანე, მისი კარავი და გადასახურავი, მისი კაუჭები და კოჭები, მისი ძელაკები, მისი სვეტები და კვარცხლბეკები.
- 12
კიდობანი და მისი კეტები, თავსარქველი და ჩამოსაფარებელი ფარდა,
- 13
მაგიდა და მისი კეტები, ყოველი მისი ჭურჭელი და საწინაშეო პური.
- 14
სასანთლე გასანათებლად და ყოველი მისი ჭურჭელი, ლამპრები და ზეთი გასანათებლად.
- 15
სასაკმევლე სამსხვერპლო თავისი კეტებით, საცხებელი ზეთი და სურნელოვანი საკმეველი და ჩამოსაფარებელი ფარდა კარვის შესასვლელისთვის.
- 16
სრულადდასაწველის სამსხვერპლო თავისი სპილენძის ცხაურით, მისი კეტები და ყოველი მისი ჭურჭელი, საბანელი თავისი კვარცხლბეკით.
- 17
ეზოს ფარდები, მისი სვეტები თავისი კვარცხლბეკებით და ფარდა ეზოს შესასვლელისთვის.
- 18
სავანის პალოები, ეზოს პალოები და მათი საბელები;
- 19
ნაქარგი სამოსელი საწმიდარში მსახურებისთვის და წმიდა შესამოსელი აჰარონ მღვდლისა და მისი ძეებისთვის, მღვდლობის გასაწევად”.
- 20
და გავიდა ისრაელიანთა მთელი თემი მოსესგან.
- 21
მივიდა ყველა, ვისაც გული ეწეოდა და ვისაც სული აღეძრა, მიიტანეს მათ უფლის შესაწირი, საკრებულო კარვის მოსაწყობად მისი ყოველი საჭიროებისა და წმიდა შესამოსელისთვის.
- 22
მიდიოდნენ მამაკაცები და დედაკაცები; ყველა გულით მსურველს მიჰქონდა რგოლები, საყურეები და ბეჭდები, სამკაულები და ყოველგვარი ოქროს ნივთი; ყოველ კაცს თავისი წილი შესაწირი ოქრო მიჰქონდა უფლისთვის.
- 23
ყველას მიჰქონდა, ვისაც კი მოეპოვებოდა ცისფერი, ძოწისფერი, მეწამული ნართი და ბისონი, თხისური, ვერძების ალისფერი და მაჩვის ტყავები.
- 24
ყველას, ვისაც კი ვერცხლისა და სპილენძის შეწირვა სურდა, მიჰქონდა უფლისთვის შესაწირად; ყველას, ვისაც კი მოეპოვებოდა აკაციის ძელები რაიმე საქმისთვის გამოსაყენებლად, მოჰქონდა.
- 25
ყოველი გულბრძენი დედაკაცი, თავისი ხელით ართავდა და მიჰქონდა ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული ნართი და ბისონი.
- 26
ყოველი დედაკაცი, რომელსაც გული მიუწევდა და დართვა იცოდა, ართავდა თხისურს.
- 27
და მიჰქონდათ თავკაცებს სარდიონის ქვები და ჩასასმელი ქვები ეფოდისა და სამკერდულისთვის,
- 28
სურნელება და ზეთი გასანათებლად; ზეთი საცხებლისა და საკმევლისთვის.
- 29
ყოველ კაცსა და ქალს, ვისაც გული უწევდა მისატანად, ყოველი იმ საქმისთვის, რომლის კეთებაც ბრძანა უფალმა მოსეს პირით; მიჰქონდათ ისრაელის შვილებს ნებაყოფლობითი შესაწირი უფლისთვის.
- 30
უთხრა მოსემ ისრაელის შვილებს: "შეხედეთ, სახელდებით მოუხმო უფალმა ბეცალელს, ძეს ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან.
- 31
აავსო იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით,
- 32
რათა ოსტატურად დაამუშავოს ოქრო, ვერცხლი და სპილენძი.
- 33
გამოთალოს ქვები ჩასასმელად, მოაჩუქურთმოს ხე და აღასრულოს ოსტატის ყოველი საქმე.
- 34
გულში ჩაუდო სხვათა სწავლების უნარი მას და ოჰოლიაბს, ახისამაქის ძეს, დანის ტომიდან.
- 35
აუვსო გული სიბრძნით, რათა აკეთონ ყოველი საქმე მეჩუქურთმისა, ოსტატურად მქსოველისა და მქარგავისა ცისფერ, ძოწისფერ, მეწამულ და ბისონის ქსოვილებზე და მქსოველისა, რომელიც ოსტატურ ნაკეთობებს ქმნის”.