გამოსვლა 34
- 1
უთხრა უფალმა მოსეს: "გამოთალე პირველთა მსგავსად ქვის ორი დაფა და დავწერ იმ დაფებზე სიტყვებს, რომლებიც პირველ დაფებზე ეწერა, შენ რომ დაამსხვრიე.
- 2
მზად იყავი განთიადისთვის; ამოდი დილას სინაის მთაზე და იქ, მთის წვერზე დადექი ჩემთან
- 3
არავინ გამოგყვეს და ნურც ვინმე გამოჩნდება მთელ მთაზე, არც ცხვარმა და ძროხამ მოძოვოს ამ მთის წინ”.
- 4
და გამოთალა მოსემ პირველთა მსგავსად, ქვის ორი დაფა, ადგა სისხამ დილით და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უბრძანა უფალმა; ქვის ორი დაფა ეჭირა ხელში.
- 5
ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და დადგა იქ მასთან; და გამოაცხადა სახელი: ‘უფალი’.
- 6
გაიარა უფალმა მის წინაშე და წარმოთქვა: "უფალი, უფალი, ღმერთი, შემბრალე და მოწყალე, რისხვაში ნელი, დიდადმოწყალე და ჭეშმარიტი.
- 7
უნახავს წყალობას ათასეულებს, შეუნდობს ბრალს, ურჯულოებას და ცოდვას, თუმცა თვალს არ დახუჭავს დამნაშავეზე: მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილიშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე”.
- 8
ისწრაფა მოსემ, მიწამდე მოიდრიკა და თაყვანი სცა უფალს.
- 9
თქვა: "ო, უფალო, აჰა, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, გემუდარები, ჩვენს შორის იაროს ჩემმა უფალმა, რადგან ქედმაგარია ეს ხალხი; მოგვიტევე ჩვენი დანაშაული და ცოდვები და გვაქციე შენს სამკვიდროდ”.
- 10
თქვა უფალმა: "აჰა, ვდებ აღთქმას; და ისეთ სასწაულებს მოვახდენ მთელი შენი ხალხის წინაშე, რომელიც არცერთ ერში არ მომხდარა მთელ დედამიწაზე; და დაინახავს ყველა ხალხი, რომლის წიაღშიც იმყოფები, უფლის საქმეებს, რომელთა მოხდენასაც გიპირებ, რადგან შიშისმომგვრელია ისინი.
- 11
დაიცავი, რასაც გიბრძანებ დღეს. აჰა, განვდევნი შენგან ამორელებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსელებს.
- 12
გაფრთხილდი, კავშირი არ შეკრა იმ ქვეყნის მცხოვრებლებთან, რომელშიც შეხვალ, რათა მახედ არ გექცეს.
- 13
დაანგრიეთ მათი სამსხვერპლონი, შემუსრეთ მათი ძეგლები, აჩეხეთ მათი აშერები.
- 14
რადგან თაყვანი არ უნდა სცე სხვა ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია უფლის სახელი და ეჭვიანია იგი.
- 15
კავშირი არ შეკრა იმ ქვეყნის მაცხოვრებლებთან, რადგან, როგორც კი იმეძავებენ თავ-თავისი ღმერთების კვალზე და მსხვერპლს შესწირავენ თავის ღმერთებს, შენც დაგიძახებენ და შეჭამ მათი საკლავისგან.
- 16
მოუყვან მათ ასულთაგან ცოლებს შენს ძეებს და როგორც კი მათი ასულნი თავ-თავისი ღმერთების კვალზე იმეძავებენ, შენი ძეებიც იმეძავებენ მათი ღმერთების კვალზე.
- 17
ნუ გაიკეთებ ჩამოსხმულ ღმერთებს.
- 18
დაიცავი უფუარობის დღესასწაული; ხმიადი ჭამე შვიდი დღე, როგორც გიბრძანე, აბიბის თვეში, რადგან აბიბის თვეში გამოხვედით ეგვიპტიდან.
- 19
ყოველი მამრი, საშოს პირველგამღები ჩემია და ასევე ყოველი პირველმონაგები ხვადი შენი ჯოგიდან, მოზვერი იქნება თუ კრავი.
- 20
პირველმონაგები სახედარი კრავით გამოისყიდე; თუ არ გამოისყიდი, მაშინ ქედი გადაუმტვრიე; ყოველი პირმშო შენს ძეებში უნდა გამოისყიდო. არავინ გამოჩნდეს ჩემს წინაშე ხელცარიელი.
- 21
ექვსი დღე იმუშავე, მეშვიდე დღეს კი დაისვენე; ხვნისა და მკის დროსაც დაისვენე.
- 22
იზეიმე შვიდეულის დღესასწაული: პირველმოწეული ხორბლისა და რთველის დღესასწაული, წლიდან წლამდე.
- 23
წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი შენი მამროვანი უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე.
- 24
განვდევნი შენგან ერებს, განვავრცობ შენს საზღვრებს და აღარავინ დაეხარბება შენს ქვეყანას, თუ წარსდგები სამჯერ წელიწადში უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
- 25
ნუ დამიღვრი ჩემი შესაწირის სისხლს საფუარიან პურზე და ნუ მოიტოვებ საპასექო დღესასწაულის მსხვერპლს დილამდე.
- 26
შენი მიწის რჩეული, პირველმოწეული ნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის, სახლში. ნუ მოხარშავ თიკანს თავისი დედის რძეში”.
- 27
უთხრა უფალმა მოსეს: "ჩაიწერე ეს სიტყვები, ვინაიდან ამ სიტყვებით გიდებთ აღთქმას შენც და ისრაელსაც”.
- 28
და იყო მოსე უფალთან ორმოცი დღე და ორმოცი ღამე: პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია; და დაწერა დაფებზე აღთქმის სიტყვები, ათი მცნება.
- 29
სინაის მთიდან ჩამოსვლისას მოწმობის ორივე დაფა ხელში ეჭირა მოსეს და არ იცოდა, რომ ბრწყინავდა მისი სახის კანი, უფალთან საუბრის გამო.
- 30
დაინახა აჰარონმა და ყველა ისრაელიანმა მოსე; აჰა, ბრწყინავდა მისი სახის კანი და შეეშინდათ მასთან მიახლოება.
- 31
დაუძახა მათ მოსემ და დაბრუნდა მასთან აჰარონი თემის ყველა მთავართან ერთად. ელაპარაკა მათ მოსე.
- 32
ამის შემდეგ მიუახლოვდა ყველა ისრაელიანი და ამცნო მათ ყველაფერი, რაც უთხრა უფალმა სინაის მთაზე.
- 33
დაასრულა მოსემ მათთან ლაპარაკი და ჩამოიფარა სახეზე რიდე.
- 34
როცა შედიოდა მოსე უფლის წინაშე სალაპარაკოდ, იხსნიდა რიდეს გარეთ გამოსვლამდე; გამოსვლისას კი ამცნობდა ისრაელიანებს, რაც უფლისგან ჰქონდა ნაბრძანები.
- 35
ხედავდნენ ისრაელის შვილები, რომ უბრწყინავდა მოსეს სახე; და ჩამოიფარებდა ხოლმე რიდეს სახეზე, სანამ კვლავ უფალთან მივიდოდა სალაპარაკოდ.