გამოსვლა 37
- 1
გააკეთა ბეცალელმა კიდობანი აკაციისგან; ორნახევარი წყრთა იყო მისი სიგრძე, ერთნახევარი წყრთა - სიგანე და ერთნახევარი წყრთა - სიმაღლე.
- 2
შიგნიდან და გარედან ხალასი ოქროთი მოჭედა და ირგვლივ ოქროს გვირგვინი შემოავლო.
- 3
ოქროს ოთხი რგოლი ჩამოასხა მისი ოთხივე კუთხისთვის: ორი რგოლი ერთ მხარეზე და ორი რგოლი მეორე მხარეზე.
- 4
დაამზადა კეტები აკაციისგან და ოქროთი მოჭედა.
- 5
გაუყარა კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე, კიდობნის სატარებლად.
- 6
გააკეთა სარქველი წმიდა ოქროსგან, ორნახევარი წყრთა იყო მისი სიგრძე და ერთნახევარი წყრთა - სიგანე.
- 7
გააკეთა ოქროს ორი ჭედური ქერუბი სარქვლის ორივე ბოლოსთვის:
- 8
ერთი ქერუბი ერთი კიდესთვის და მეორე ქერუბი მეორე კიდესთვის; სარქველი და ქერუბები ორივე ბოლოზე ერთ მთლიან ნაკეთობად გამოჭედა.
- 9
ფრთებაზიდულნი იყვნენ ქერუბები, ფრთებით ფარავდნენ სარქველს და სახით ერთმანეთისაკენ იყვნენ მიქცეულნი; სარქველს დაჰყურებდნენ მათი სახეები.
- 10
გააკეთა მაგიდა აკაციისგან: ორი წყრთა იყო მისი სიგრძე, წყრთა - სიგანე და ერთნახევარი წყრთა - სიმაღლე.
- 11
მოაპირკეთა ხალასი ოქროთი და ოქროს გვირგვინი შემოავლო ირგვლივ.
- 12
გაუკეთა ირგვლივ მტკაველის სიგანის ჯებირი და ზედ ოქროს გვირგვინი შემოავლო.
- 13
ჩამოასხა მისთვის ოთხი ოქროს რგოლი და მიამაგრა ოთხივე კუთხეში, ოთხ ფეხთან.
- 14
ჯებირთან ახლოს კეტების გასაყრელი რგოლები იყო, მაგიდის სატარებლად.
- 15
გააკეთა კეტები აკაციისგან და ოქროთი მოჭედა, მაგიდის სატარებლად.
- 16
ჭურჭელი დაამზადა მაგიდაზე დასადებად ხალასი ოქროსგან - ლანგრები, ფიალები, ტოლჩები და ჯამები.
- 17
გააკეთა სასანთლე სუფთა ოქროსგან, ნაჭედი იყო იგი - მისი ღერო, ტოტები, თასები, კვირტები და ყვავილები.
- 18
ექვსი ტოტი გამოდიოდა სასანთლეს გვერდებიდან - სამი ერთი გვერდიდან და სამიც მეორე გვერდიდან;
- 19
სამი ნუშისებრი თასი, კვირტი და ყვავილი ერთ ტოტზე და სამი ნუშისებრი თასი, კვირტი და ყვავილი მეორე ტოტზე; სასანთლის ექვსივე ტოტზე ერთნაირად.
- 20
სასანთლეზე ოთხი ნუშისებრი თასი, კვირტები და ყვავილები იყო.
- 21
ერთი კვირტი ორი ტოტის ქვეშ, კიდევ ერთი კვირტი ორი ტოტის ქვეშ და კიდევ ერთი კვირტი ორი ტოტის ქვეშ. სასანთლიდან გამომავალი ექვსივე ტოტისთვის.
- 22
კვირტებიც და ტოტებიც მისგანვე იყო ნაკეთები, მთლიანად ხალასი ოქროს ერთიანი ჭედურობა იყო.
- 23
გაუკეთა წმიდა ოქროს შვიდი ლამპარი თავისი მაშებითა და აქანდაზებით.
- 24
ისიც და მისი ხელსაწყოებიც ერთი ტალანტი წმიდა ოქროსგან გააკეთა.
- 25
დაამზადა საკმევლის ოთხკუთხედი სამსხვერპლო აკაციისგან: წყრთა იყო მისი სიგრძე, წყრთა - სიგანე და ორი წყრთა - სიმაღლე; მისგანვე გამოდიოდა მისი რქები.
- 26
მოჭედა იგი წმიდა ოქროთი: მისი სახურავი, გარშემო კედლები და რქები; ირგვლივ კი ოქროს გვირგვინი შემოავლო.
- 27
გვირგვინის ქვემოთ ოქროს ორი რგოლი მიამაგრა, ორივე ფერდზე, ორთავე გვერდზე, კეტების გასაყრელად, სამსხვერპლოს სატარებლად.
- 28
დაამზადა კეტები აკაციისგან და ოქროთი მოჭედა.
- 29
და დაამზადა წმიდა ზეთის საცხებელი და მენელსაცხებლის ოსტატობით შეზავებული სურნელოვანი სუფთა საკმეველი.